რა უნდა ვიცოდეთ ნიტროგლიცერინის შესახებ
რა არის ნიტროგლიცერინი?
ნიტროგლიცერინი ერთ-ერთი ძველი და მოქმედი მედიკამენტია გულის დაავადების მქონე პაციენტებისათვის, რომელიც დაინერგა 1867 წელს სტენოკარდიის მკურნალობისათვის. მას შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა პრეპარატები და დოზირების ფორმები. მისი გამოყენება ხდებოდა როგორც მწვავე სტენოკარდიული შეტევის კუპირებისათვის, ასევე სტენოკარდიული შეტევის პრევენციის მიზნით და ჰიპერტონული კრიზის დროს.
ნიტროგლიცერინის ზეგავლენით ხდება პერიფერიული სისხლძარღვების (არტერიების და ვენების), ასევე კორონარული სისხლძარღვების გაფართოება. უმჯობესდება გულის კუნთისთვის სისხლის მიწოდება და მისი ჟანგბადით უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს გულის მუშაობას. ნიტროგლიცერინი განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს დატვირთვის და ფიზიკური აქტივობის დროს, აუმჯობესებს რა ფიზიკური დატვირთვის ამტანობას.
სტენოკარდიული შეტევა იწყება მაშინ, როდესაც წარმოიქმნება შეუთავსებლობა ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის, ე.ი. როდესაც დატვირთვის დროს ადგილი აქვს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას, რასაც ვერ უმკლავდება კორონარები.
სტენოკარდიული შეტევა შესაძლებელია განვითარდეს:
- კიბეებზე ან აღმართზე ასვლის დროს;
- სირბილის, ცურვის ან ჩოგბურთის თამაშის დროს;
- სიცივეში სახლიდან გასვლისას;
- ფიზიკური მუშაობის დროს.
ნიტროგლიცერინი ეხმარება ადამიანს ტკივილის მოხსნაში. მიღება შესაძლებელია პრევენციის მიზნით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამარტივებს გულის მუშაობას.
როდის უნდა მივიღოთ ნიტროგლიცერინი?
ნიტროგლიცერინი უნდა იქნას მიღებული მხოლოდ მწვავე სტენოკარდიული შეტევის დროს.
ნიტროგლიცერინი შედგება ხანმოკლე მოქმედების გლიცერონიტრატისგან. იგი შესაძლებელია მიღებული იქნას სხვადასხვა ფორმით: მაგ: კაფსულების სახით, რომელსაც პაციენტი ენის ქვეშ იდებს ან ნიტროსპრეის სახით. პირის ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემდეგ ნიტროგლიცერინი სწრაფად შეიწოვება და მისი ეფექტი ერთ წუთში ვლინდება. მისი მოქმედება გრძელდება ნახევარი საათი.
სტენოკარდიული შეტევების პრევენციის მიზნით ხდება ნიტროშემცველების მიღება ტაბლეტების ან ემპლასტროს ფორმით.
ნიტროგლიცერინის გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიღების დროს შესაძლოა ადგილი ქონდეს არტერიული წნევის დაქვეითებას. წნევის დაქვეითების პრევენციის მიზნით დაბალი წნევის მატარებელი პაციენტებისთვის ნიტროგლიცერინის მიღებამდე რეკომენდირებულია დაწოლა. ნიტროგლიცერინმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილიც სისხლძარღვების გაფართოების შედეგად.
შეიძლება თუ არა მიეჩვიოს პაციენტი ნიტროგლიცერინს?
ზოგიერთი პაციენტს აქვს შიში, რომ ორგანიზმი მიეჩვევა ნიტროგლიცერინს და მედიკამენტი აღარ იმოქმედებს, ამიტომაც ის, შეძლებისდაგვარად, ცდილობს თავი აარიდოს მის მოხმარებას. ეს არასწორია. ნიტროგლიცერინის ხანმოკლე მიღებისას, იქნება ეს კაფსულის თუ სპრეის სახით, მიჩვევის საფრთხე არ არსებობს.
მხოლოდ ხანგრძლივი მოქმედების ნიტროშემცველი მედიკამენტების მიღების დროს არსებობს მიჩვევის საშიშროება. მიჩვევის თავიდან ასაცილებლად რეკომედირებულია პაციენტმა გააკეთოს 12 საათიანი შუალედი მიღებებს შორის. ვიმეორებთ, რომ ეს არ ვრცელდება ხანმოკლე მოხმარების ნიტროგლიცერინის სპრეიზე ან კაფსულებზე.
თუ პაციენტს ტკივილი უხშირდება ნიტროგლიცერინის ხშირი მოხმარების მიუხედავად, ეს ნიშნავს იმას, რომ სტენოკარდია არასტაბილურია და რეკომენდებულია დროული მიმართვა კარდიოლოგთან.
რა უნდა მოიმოქმედოთ, როდესაც ნიტროგლიცერინი აღარ მოქმედებს?
- თუ სტენოკარდიული შეტევის დროს პაციენტი მიიღებს ნიტროგლიცერინს სპრეის ან კაფსულის სახით და მიღებიდან 5 წუთის შემდეგ მკვეთრი შემსუბუქება არ შეიმჩნევა, მოსალოდნელია განვითარდეს გულის შეტევა ე.წ. ინფარქტი.
- რეკომენდებულია სასწრაფო დახმარების გამოძახება: აკრიფეთ ნომერი 112 ან ადგილობრივი სასწრაფო დახმარების ნომერი. ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს გართულებების შესახებ და მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ნიტროგლიცერინ მიიღო პაციენტმა, რამდენი ხნის წინ.
გახსოვდეთ, რომ ნიტროგლიცერინის შემცველი სპრეი და კაფსულა არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- როდესაც ადამიანი ალერგიულია ნიტრატების მიმართ;
- როდესაც სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწყ.სვ.-ზე დაბალია;
- მარჯვენა პარკუჭის ინფარქტის დროს, როდესაც ადგილი აქვს წნევის მომატებას ფილტვის არტერიაში, ასევე სიფრთხილეა საჭირო ქვედა კედლის ინფარქტის დროსაც;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ავსების დაბალი წნევით;
- აორტული და მიტრალური სტენოზის, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის, კონსტრიქციული პერიკარდიტის არსებობის ფონზე;
- როდესაც მომატებულია ქალასშიდა წნევა (მაგალითად, თავის ტვინში სისხლჩაქცევის ან ტრავმის შემდეგ);
- განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება პრეპარატი შაკიკისა და დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს;
- ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობით (შოკი, კოლაფსი) და კარდიოგენული შოკით;
- დიდი სიფრთხილეა საჭირო ორსულობის ან ბავშვის ძუძუთი კვების დროს;
- ნიტროგლიცერინის აეროზოლის მოხმარების დროს არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელის მიღება;
- გარკვეულ საშიშროებაა ასევე ანამნეზში ღვიძლის დაავადებების, ეპილეფსიის, ქალა-ტვინის ტრავმების და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებების არსებობის დროს.