თერაპიისა და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტი

თერაპიისა და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტი, ხელმძღვანელი - პროფ. ვახტანგ ჭუმბურიძე 


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი,
აშშ-ის და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებების საპატიო წევრი

ტელ.: +995 32 2 402 322 (131)
ელ-ფოსტა: vchumburidze@geosc.ge

 



დეპარტამენტის მთავარი სამუშაო იდეა:

”გაიდლაინები თუ პერსონიფიცირებული მედიცინა - სად გადის გონივრული საზღვარი?”

ჩვენი ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს გადაუდებელი კარდიოვასკულური მედიცინა, რის გამოც არჩეული მიმართულება, კერძოდ, ქრონიკულად მიმდინარე თერაპიული პროფილის ავადმყოფთა თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ჩვენი ცენტრისთვის ინოვაციად მიგვაჩნია. მით უფრო, რომ თანამედროვე კარდიოლოგიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ასოცირებული (კო-მორბიდული) მდგომარეობები: გული და შაქრიანი დიაბეტი, გულის და ფილტვების შეუღლებული პათოლოგია, კარდიო-რენალური სინდრომი, გულის უკმარისობა და ღვიძლის პათოლოგია, გულის პათოლოგია რევმატული და სისტემური დაავადებების დროს და ა.შ. ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს ზუსტად დავახარისხოთ მწვავე და ქრონიკული პათოლოგია, მოვახდინოთ კომპლექსური დაავადებების იდენტიფიკაცია და თანამედროვე მკურნალობა. ამ კატეგორიის ავადმყოფთა რაოდენობა, არსებული ჰოსპიტალიზაციის რეესტრის მიხედვით, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დაიტვირთოს 8-საწოლიანი სტაციონარული განყოფილება.

აღნიშნული მიდგომა გააფართოებს საერთაშორისო კვლევების არეალს და საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ სამედიცინო კვლევები არა მხოლოდ კარდიოლოგიის, არამედ შინაგანი მედიცინის მთელი სპექტრის მიხედვით და შევქმნათ ამ კატეგორიის ავადმყოფთა უნიკალურ მონაცემთა ბაზა. ინოვაციად მიგვაჩნია პირველი ფაზის კვლევათა წარმოების საშუალებების შექმნა, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს  (ტექნიკური მოლაპარაკება  მარეგულირებელ და მონიტორინგის ორგანიზაციებთან დამთავრების ფაზაშია).

ჩვენი პროფესიული ცოდნა ეფუძნება ამავე მიმართულებით თერაპიის ეროვნულ ცენტრში 25–წლიან კლინიკურ გამოცდილებას და აგრეთვე სპეციალურ ცოდნას, რომელიც საჭიროა საერთაშორისო მულტიცენტრული, კონტროლირებადი კვლევების წარმოებისათვის (25-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი). დეპარტამენტის ოთხივე თანამშრომელს არაერთხელ აქვს მიღებული სერთიფიცირება საერთაშორისო ტრენინგებზე; სამს აქვს მედიცინის დოქტორის ხარისხი, ლიცენზირება კარდიოლოგიაში, შინაგან მედიცინაში, გადაუდებელ მედიცინაში. მეთოდოლოგიის თვალსაზრისით დაინერგება: ღამის აპნოეს კვლევა, ფილტვის გარეგანი ფუნქციის გაფართოებული კვლევა, პულსური ტალღის გავრცელების სიჩქარის კვლევა, თანამედროვე ფარმაკოდინამიკური და ფარმაკოკინეტიკის კვლევის მეთოდები და ა.შ. ხდება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გაიდლაინების დანერგვა და მისი შეფასება (“ევროპის რეგისტრი”).

დეპარტამენტის კომპლექსური მიზანია მკურნალობის თანამედროვე პრინციპების შემუშავება (კვლევების მეშვეობით) და სწორი კლინიკური პრაქტიკის (GCP – Good Clinical Practice) დანერგვა პრაქტიკულ კარდიოლოგიაში.

2011-2013 წწ. დეპარტამენტში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს წლიურად 6-8 საერთაშორისო და ლოკალური მასშტაბის სამედიცინო კვლევა, ძირითადად, ამბულატორიულ ავადმყოფთა კონტიგენტის გამოყენებით (I, II, IV ფაზის კვლევები). 2013 წლის აგვისტოში შეიქმნა თერაპიის და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების სერვისებით. ქვეყნის მასშტაბით თერაპიული პროფილის სტაციონარები თითქმის აღარ არსებობს.

გარდა ამისა, დეპარტამენტის ორი თანამშრომელი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორია (ვ. ჭუმბურიძე, თ. კიკალიშვილი), რაც საშუალებას მოგვცემს განყოფილება აქტიურად გამოვიყენოთ სტუდენტების და პოსტდიპლომური მომზადების ბაზად.

დეპარტამენტის ექიმები:

  • ვახტანგ ჭუმბურიძე
  • მაკა კიკალიშვილი
  • ხათუნა მოსიძე
  • ნათია ხარჩილავა