ჩაფიძის გულის ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ზვიად ბახუტაშვილმა იაპონელი კარდიოქირურგი, ტოკიოს ტოჰოს უნივერსიტეტის პროფესორი შიგეიუკი ოზაკი (Shigeyuki Ozaki) ამსტერდამში გაიცნო 2015 წელის ოქტომბერში, როცა მან ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინა თავისი 8-წლიანი გამოცდილება - აორტის სარქვლის მანკების დროს სარქვლის პლასტიკისათვის პაციენტის პერიკარდიუმის აუტოლოგიური ფურცლის გამოყენება. ამ დროისთვის მსგავსი ოპერაციები უკვე იყო დაწყებული როჩესტერის მეიოს კლინიკაში (აშშ) და მიუნხენის გულის ცენტრში (გერმანია).
დრ. ოზაკი ტოკიოში მუშაობს საუნივერსიტეტო პოლიპროფილურ კლინიკაში, სადაც ერთ კარდიოქირურგიულ საოპერაციოში წელიწადში გულის 200-მდე ოპერაციას აკეთებენ, აქედან თითქმის 50% - აუტოპერიკარდით აორტის სარქვლის ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. პროფ. ოზაკი ამ მიმართულების პიონერად ითვლება მსოფლიოში.
სათანადო მოლაპარაკების შემდეგ მოხერხდა შეთანხმება დრ. ბახუტაშვილის ტოკიოში ჩასვლაზე. უნდა ითქვას, რომ პროფ. ოზაკი საკუთარი მეთოდის შესახებ მასტერკლასებს უფრო უცხოეთში გასვლებზე ატარებს. მისთვის ცოტა მოულოდნელი იყო ქართველი კოლეგის სურვილი, რადგან საქართველოზე და ჩვენი კარდიოქირურგების გამოცდილებაზე არაფერი სმენოდა. თუმცა როდესაც მისმა კოლექტივმა გაიგო ჩაფიძის გულის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში ჩატარებული ოპერაციების შთამბეჭდავი რაოდენობისა (2014 წ. – 607 ოპერაცია, 2015 წელს - 668) და ამ ოპერაციების სპექტრის შესახებ (მაგალითად, მინიინვაზიური ქირურგიის დანერგვის შესახებ), დიდი პატივისცემით განიმსჭვალნენ და არა მარტო დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ქართველ კოლეგას საკუთარი მეთოდიკის შესახებ, არამედ ნება დართეს ბატონ ზვიადს, პროფ. ოზაკის მიერ ჩატარებულ 4 ოპერაციაში მიეღო მონაწილეობა. როგორც პროფ. ბახუტაშვილი ამბობს, - მეთოდიკა არ არის იოლი, თუმცა ჩვენი დეპარტამენტის გამოცდილი ქირურგებისთვის ნამდვილად არ იქნება შეუძლებელი.
ამჟამად ჩაფიძის გულის ცენტრის ქირურგიული განყოფილებამ უკვე შეიძინა ამ ოპერაციისთვის აუცილებელ მასალის და ინსტრუმენტების დიდი ნაწილი. უახლოეს თვეებში ინოვიაციური იაპონური მეთოდით - აუტოლოგიური პერიკარდიუმით აორტის სარქვლების პლასტიკა უკვე საქართველოშიც, ჩაფიძის გულის ცენტრის ქირურგიულ დეპარტამენტშიც იქნება დანერგილი - პროფ. ზვიად ბახუტაშვილის და მისი გუნდის მიერ.
აორტის სარქვლის რეკონსტრუქცია - Ozaki-ის ოპერაცია
პირველად პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზღვრებში საქართველოში „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში“ იგეგმება აორტის სარქვლის დაავადებების - სტენოზისა და ნაკლოვანების, მკურნალობის ახალი ქირურგიული მეთოდის - აორტის სარქვლის რეკონსტრუქციის (Ozaki-ის ოპერაციის) დანერგვა.
აღნიშნული მეთოდიკა ინოვაციურია მთელს მსოფლიოში და მისი განხორციელებისთვის „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა“ შეიძინა დამატებითი ხელსაწყოები, მოახდინა კადრების გადამზადება. ამ მიზნით ცენტრის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის უფროსი პროფესორი ზვიად ბახუტაშვილი იმყოფებოდა მივლინებაში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ამ მეთოდიკის ფუძემდებელთან პროფესორ შიგეიუკი ოზაკისთან (Shigeyuki Ozaki).
რა არის აორტის სარქვლის რეკონსტრუქცია ანუ Ozaki-ის ოპერაცია და რა უპირატესობები გააჩნია სხვა მეთოდებთან შედარებით?
ეს არის აორტის სარქვლის რეკონსტრუქციის ახალი ქირურგიული ტექნიკა, რომელიც შეიმუშავა და მოგვაწოდა ტოკიოს ტოჰოს უნივერსიტეტის პროფესორმა შიგეიუკი ოზაკიმ. მისი მეთოდიკით ხდება დაზიანებული და გადაგვარებული აორტის სარქვლის ამოჭრა და მისი ჩანაცვლება პაციენტის საკუთარი (აუტოლოგიური) პერიკარდიუმის ფურცლით.
აღნიშნული მეთოდიკის უპირატესობას წარმოადგენს:
- მექანიკური სარქვლებთან შედარებით არ საჭიროებს სისხლის გამათხელებლების დანიშვნას (როგორიცაა ვარფარინი);
- ბიოლოგიურ სარქვლებთან შედარებით ჰემოდინამიკური მახასიათებელბი, უკეთესი შორეული შედეგები, რადგანაც თითქმის შენარჩუნებულია აორტის სარქვლის ბუნებრივი სტრუქტურა და შესაბამისად ჰემოდინამიკური პარამეტრები.
ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულმა ქირურგიულმა ტექნიკამ - Ozaki-ის ოპერაციამ, დიდი აღიარება და პოპულარობა მოიპოვა მთელს მსოფლიოში.
2009 წელს, როდესაც მან პირველად წარადგინა აორტის სარქვლის რეკონსტრუქციის ახალი ტექნიკა, პროფესორი ოზაკი დასახელდა "სუპერ ექიმ"-ად - მაღალი ბიოთავსებადობის, ნაკლები ფინანსური დანახარჯებისა და საუკეთესო შედეგების მიღწევისთვის
აღნიშნული წარმატების შედეგად მოხდა Ozaki-ის ოპერაციის სისტემატიზაცია და კომერციალიზაცია:
- შემუშავდა და წარმოებაში ჩაეშვა აორტის სარქვლის კარედების საზომი მოწყობილობები.
- 2014 წლის 28 მარტს იაპონიაში წამლისა და სამედიცინო აპარატურის სააგენტომ (PMDA), ხოლო 2014 წლის 01 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) აღნიშნული მოწყობილობები დაამტკიცა Class I დონის მოწყობილობად.
- პროფესორი ოზაკი აქტიურად აწარმოებს ლექციებსა და სემინარებს აორტის სარქვლის რეკონსტრუქციის ახალი - Ozaki-ის ოპერაციის დანერგვისთვის მთელს მსოფლიოში.
აორტის სარქვლის რეკონსტრუქცია - ოზაკის ოპერაცია ყალიბდება აორტის სარქვლის დაავადებების - სტენოზისა და ნაკლოვანების ქირურგიული მკურნალობის მსოფლიო სტანდარტად.