(05.05.2016)
რევაზ ჯორბენაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მოსახლეობის საერთო სიკვდილიანობის სტრუქტურაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უკავია წამყვანი ადგილი. 2014 წელს საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია: სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 42.0%, სიმსივნეები - 11.5%, ტრავმები - 3.9%, სიკვდილის არაიდენტიფიცირებული მიზეზები - 29.4%. კვლევები ადასტურებს, რომ სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის გამო სიცოცხლის დაკარგული წლების სხვაობის ყველაზე მაღალი წილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის.
განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდა ხდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების ფონზე. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდის გამო შეინიშნება მოსახლეობის დაბერება, სიკვდილიანობის მიზეზების სტრუქტურაში ბუნებრივად იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წილი. თუმცა, ამ ქვეყნებში, ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად შემცირდა გულის იშემიური დაავადებით სიკვდილიანობა, რაც მიღწეულ იქნა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, დაავადებათა პრევენციის, რისკის ფაქტორებთან ბრძოლის (დიაბეტი, სიმსუქნე, ჰიპერტენზია, თამბაქოს მოხმარება), კლინიკურ პრაქტიკაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას უნდა ჰქონდეს კომპლექსური ხასიათი და უნდა მოიცავდეს შემდეგ ღონისძიებებს:
- დაავადებათა პრევენცია;
- დაავადებათა დიაგნოსტიკა (დაავადებათა ადრეულ ეტაპებზე გამოვლენა, სანამ იგი არ გამოიწვევს შეუქცევად პათოლოგიურ ცვლილებებს);
- მკურნალობა (სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენება);
- მეორეული პრევენცია და პაციენტების რეაბილიტაცია.
სრული ვერსია იხილეთ გაზეთ რეზონანსის ვებ-გვერდზე, ასევე - ჯანდაცვის პორტალზე