კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ

კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ

ნაწილი 1.

ყველა  ადამიანს  სურს  იცოცხლოს  დიდხანს,  იყოს  ჯანმრთელი.  ვინაიდან  ეს  სურვილი აბსოლუტურად ბუნებრივია, ჩვენ ხშირად ვცდებით, როცა ვფიქრობთ, რომ მისი განხორციელება ასევე ბუნებრივად, ავტომატურად მოხდება, თავად ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ასეთი რწმენა ჩვენში იმდენად მყარია, რომ ხშირად ვერც კი ვაანალიზებთ, როგორ ვკარგავთ ახლობლებს, ნაცნობებს, რომლებიც იღუპებიან მიოკარდიუმის ინფარქტით, თავის ტვინის ინსულტით, გულის უკმარისობით, ზოგჯერ უეცრადაც, ყოველგვარი წინაპირობის არსებობის გარეშე. ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს ირგვლივ შეპყრობილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, მათ შორის - ახალგაზრდები. გულის დაავადება კი ადრე, ჩვეულებრივ, მხოლოდ ხანდაზმულ ასაკთან ასოცირდებოდა. პაციენტები ზოგჯერ ასეთ კითხვასაც გვისვამენ: "რისთვის გავიკეთე ოპერაცია, თუ არ მოვწევ, არ დავლევ, ან არ შევჭამ იმას, რაც ჩემთვის სასურველია?“ ოპერაცია ჩაგიტარდათ იმისთვის, რომ გაგიხანგრძლივდეთ სიცოცხლე, გაგიუმჯობესდეთ ცხოვრების ხარისხი. რაოდენ რთულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი ცხოვრების სტილის, ჩვევების შეცვლა, ხშირ შემთხვევაში იგი შეიძლება აუცილებელი გახდეს.

ევროპის თანამედროვე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის საფუძველზე სამწუხაროდ საქართველო ძალიან მაღალი რისკის ქვეყნების რიცხვშია. როდესაც ვსაუბრობთ გასაოცარ წარმატებებზე აშშ-ში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის გრანდიოზული შემცირების შესახებ, გავიხსენოთ თუ რამდენად დიდია ამ პრობლემაში ქვეყნის მოსახლეობის როლი, თავად ჩვენ შეგვიძლია თუ არა მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი   ჯანმრთელობის   გაუმჯობესებაში?   ამერიკელები   მკაცრად   ასრულებენ   ექიმის   ყველა მითითებას: იღებენ დანიშნულ პრეპარატებს, უარს ამბობენ მავნე ჩვევებზე, მოიხმარენ უქოლესტერინო საკვებს, ზრდიან ფიზიკურ აქტივობას. იქნებ ჩვენც, მიუხედავად არცთუ დალხინებული ყოფისა, მიგვებაძა ამერიკელების, თუნდაც ფინელების მაგალითისთვის. 30-35 წლის წინ გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა მხრივ იქ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო, ვიდრე აშშ- ში. ახლა ფინეთში ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობა 4-5-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ თქვენ იწყებთ ახალ, ჯანსაღ ცხოვრებას. ბუნებრივია, გებადებათ უამრავი შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ოპერაციის შემდეგ, როგორი საკვებით იკვებოთ, როგორი უნდა იყოს თქვენი ფიზიკური აქტივობა, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ სამკურნალო პრეპარატები და ა.შ. შევეცდებით ვუპასუხოთ ყველა თქვენს შეკითხვას. დავიწყოთ იქედან, რამაც მიგიყვანათ ოპერაციამდე. ეს არის ათეროსკლეროზი, გულის კუნთის მკვებავი არტერიების, ანუ კორონარული ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზი ქრონიკული პროცესია და გულისხმობს სისხლძარღვების კედელში ათერომების, ანუ ათეროსკლეროზული წარმონაქმნების განვითარებას, რომელთა ძირითადი შემადგენელი ნაწილი ქოლესტერინია.

ათეროსკლეროზია სიბერის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი. ეს არის დინამიკური პროცესი, რომელიც ბავშვობის ასაკში იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. იგი უსიმპტომოდ პროგრესირებს და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მისი ერთადერთი გამოვლინება უეცარი სიკვდილია. თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს ამ რთული პროცესის პროგრესირების ტემპის შეფერხებას. სწორედ ამ პროცესმა მიგიყვანათ ოპერაციამდე. დიახ, თქვენ ჩაგიტარდათ კორონარული შუნტირების ოპერაცია, რომელმაც მოგიხსნათ პრობლემა მომავალი ინფარქტის განვითარებისა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ათეროსკლეროზი რჩება ოპერაციის შემდეგაც და მუდმივად აგრძელებს პროგრესირებას, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში აგრესიულადაც.

აღნიშნულის გამო შესაძლოა დაზიანდეს არა მხოლოდ შუნტები, არამედ საღი კორონარული არტერიები და ის სისხლძარღვებიც, რომლებიც სისხლით ამარაგებენ თავის ტვინს, ქვემო კიდურებსა და სხვა ორგანოებს. შედეგად შეიძლება განვითარდეს გულის კუნთის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, ქვემო კიდურების განგრენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ მიმართულებით პაციენტის მაქსიმალურად ინფორმირებას, რაც მონდომებასთან ერთად იქნება ახლანდელი მდგომარეობის ხანგრძლივად შენარჩუნების წინაპირობა. უნდა გახსოვდეთ, თუ რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე იდექით ოპერაციამდე. 

ათერომები ავიწროებენ არტერიების სანათურს და აფერხებენ სისხლის მიდინებას სასიცოცხლო ორგანოებამდე. ათერომების შიგნით ვითარდება ანთებითი პროცესები. დროთა განმავლობაში ამ პროცესების გამო შესაძლებელია ათერომების მთლიანობა დაირღვეს, მისი შიგთავსი გადმოიღვაროს არტერიის სანათურში, წარმოიქმნება თრომბი, ანუ სისხლის კოლტი, რომელიც ახშობს არტერიის სანათურს, წყდება სისხლის მიდინება გულთან, თავის ტვინთან, ქვემო კიდურებთან. როგორც ხედავთ აღნიშნულ დაავადებებს საფუძვლად ერთი და იგივე მექანიზმი უდევს. ამიტომ ოპერაციის შემდეგ ის პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში ჩაგიტარდებათ, მიმართული იქნება ზოგადად ათეროსკლეროზის წინააღმდეგ. ათეროსკლეროზის "ავთვისებიან“ მიმდინარეობას განაპირობებს მისი ხელშემწყობი რისკის ფაქტორები. პირველ რიგში, ეს არის სისხლში ქოლესტერინული ცვლის დარღვევა - ათეროსკლეროზის ძირითადი მიზეზი. ქოლესტერინი (თუმცა, ამჟამად დისკუსიის საგანია, რომ მისი ზუსტი დასახელება ქოლესტეროლია) ცხიმის მსგავსი ნივთიერებაა. მისი 2/3 ძირითადად ღვიძლში გამომუშავდება. დანარჩენი 1/3 სისხლში საკვები პროდუქტებიდან ხვდება. განსაკუთრებით დიდია მისი რაოდენობა რძის პროდუქტებში, კვერცხის გულში, ღვიძლში, თირკმელში, ტვინში, ხიზილალაში, ყველა ცხოველის ცხიმში. გამონაკლისს წარმოადგენს თევზის ცხიმი, რომელსაც ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.

ქოლესტერინის რამდენიმე სახე არსებობს. დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი, პირობითად "ცუდი“ ქოლესტერინი, ეს სწორედ ის ქოლესტერინია, რომელიც ლაგდება სისხლძარღვის სანათურში და წარმოქმნის ათერომებს. თანამედროვე მონაცემების მიხედვით მისი რაოდებობა სისხლში კატეგორიულად 70 მგ/დლ-ზე ნაკლები უნდა იყოს, "ცუდი“ ქოლესტერინის ოპტიმალური რაოდენობა სისხლში 50–70 მგ/დლ-ია. გახსოვდეთ, პირობები იმისათვის, რომ შეწყდეს ათეროსკლეროზის პროგრესირება და მასთან დაკავშირებული გართულებების განვითარება, იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწეულია სისხლში "ცუდი“ ქოლესტერინის აღნიშნული სამიზნე დონე! ხშირად პაციენტები ასეთ შეკითხვასაც სვამენ: "რატომ მაქვს მაღალი ქოლესტერინი, მე ხომ ვიცავ ქოლესტერინის საწინააღმდეგო დიეტას?“ საქმე იმაშია, რომ თქვენი ღვიძლი გამოიმუშავებს მას ჭარბი რაოდენობით, რაც შესაძლებელია თქვენს გენეტიკურ დატვირთვასთან იყოს დაკავშირებული. გულს ნუ გაიტეხთ. ამ პრობლემის გადაჭრაში ჩვენ დაგეხმარებით. "ცუდი“ ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ  ღვიძლი გამოიმუშავებს "კარგ“ ქოლესტერინს. იგი მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინია, რომლის ძირითადი ფუნქციაა "ცუდი“ ქოლესტერინის უკუტრანსპორტირება ღვიძლში, სადაც იგი ნაღვლის მჟავებად გარდაიქმნება. ათეროსკლეროზი ვითარდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც "ცუდი“ ქოლესტერინი არ არის ნორმაზე მაღალი, მაგრამ სამაგიეროდ "კარგი“ ქოლესტერინია მცირე რაოდენობით. შესაბამისად არასასურველია, როდესაც სისხლში არის მაღალი დონე "ცუდი“ და დაბალი - "კარგი“ ქოლესტერინისა. სამწუხაროდ, პრაქტიკაში აღნიშნული არასასურველი კომბინაცია პაციენტთა 60% შემთხვევაში გვხვდება. "კარგი“ ქოლესტერინი გაცილებით ნაკლები რაოდენობით გამომუშავდება ორგანიზმში, მით უმეტეს, რომ არასწორი ფიზიკური დატვირთვა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი, დაკავშირებულია ამ სასარგებლო ქოლესტერინის გამომუშავების დათრგუნვასთან.

სამწუხაროდ, ჩვენს   ქვეყანაში   არა   მხოლოდ   ჯანმრთელი,   არამედ   დაავადებული   ადამიანები   არ   აქცევენ ყურადღებას ქოლესტერინს. ასეთ სიტუაციაში განა გასაკვირია, რომ მსოფლიოში სიკვდილობის ყველაზე დიდი პროცენტი სწორედ ათეროსკლეროზით გამოწვეულ დაავადებებზე მოდის. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. 30 – 35 წლის წინ ფინეთში გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული სიკვდილობა ძალიან მაღალი იყო. მოსახლეობას აღენიშნა სისხლში ქოლესტერინის ძალიან მაღალი დონე, მათ შორის ბავშვებსაც კი იგი 300 მგ/დლ-ზე მეტი ჰქონდათ. ერი დიდი საფრთხის წინაშე იდგა. განგაშის საფუძველზე ხელისუფლებამ და მედიკოსებმა სპეციალური პროფილაქტიკური პროგრამა შექმნეს. საჭირო გახდა საკვებ რაციონში მნიშვნელოვნად შეეზღუდათ ცხოველური ცხიმები, კერძოდ კი კარაქი და ყველი, და ეს კარაქისა და ყველის ქვეყანაში. აღნიშნული პროდუქტების მიღების რაოდენობამ 85%-დან 15%-მდე დაიკლო, სამაგიეროდ, გაიზარდა მცენარეული ცხიმების გამოყენება 1,5%-დან 35%-მდე. საკმაოდ მალე ფინეთში სიკვდილობის პროცენტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებით იყო განპირობებული.


ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე აუცილებელია პერიოდულად ქოლესტერინის რაოდენობის შემოწმება სისხლში, რაც ხდება ლაბორატორიული ტესტის საშუალებით. მისი გაკონტროლების ზუსტ ვადებს მხოლოდ ექიმი შეგატყობინებთ. გაითვალისწინეთ, იმისათვის, რომ ანალიზის პასუხი ზუსტი იყოს, საჭიროა დილით სისხლის აღებამდე მინიმუმ 12-14 სთ-ით ადრე არ მიირთვათ საკვები და 72 სთ-ით ადრე - ალკოჰოლი.


1 ნაწილის დასასრული
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფესორი ნონა დოლიძე

დაგვიმეგობრდით

trance