კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ (ნაწილი IV)

კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ (ნაწილი IV)

თამბაქოს მოხმარება

თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და აგრესიულ რისკის ფაქტორს წარმოადგენს ათეროსკლეროზის განვითარებისათვის. თამბაქოს წევით არის გამოწვეული ფილტვის კიბოს 95% და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა 20%. სპეციალისტების აზრით თამბაქოს მოწევას მეტი ზიანი მოაქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის, ვიდრე სისხლში ქოლესტერინის მომატებას. საკმარისია აღინიშნოს, რომ თუ ქოლესტერინის ნორმალიზაცია დაკავშირებულია ინფარქტისა და ინსულტის რისკის ¼-ით შემცირებასთან, თამბაქოს მიტოვება დაავადების განვითარების შანსს თითქმის ნახევრამდე ამცირებს. თამბაქოში შემავალი ნიკოტინი უშუალოდ იწვევს არტერიების შევიწროებას და დაკავშირებულია სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებასთან. ნიკოტინი აზიანებს არა მხოლოდ გულსა და სისხლძარღვებს, არამედ თქვენს სისხლსაც. კერძოდ, თრომბოციტები, რომლებიც აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისათვის, მწეველებში ხდებიან ძალიან წებოვანი, 15 – 26%-ით იზრდება სისხლის კოლტების, ანუ თრომბების წარმოქმნის რისკი. აღნიშნული კი ქმნის ინფარქტისა და ინსულტის საშიშროებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ფილტვის კიბოს განვითარების დიდ ალბათობაზე. გარდა ამისა, თამბაქოს ბოლი შეიცავს ნახშირჟანგს, რომელიც არანაკლებ მავნებელია ორგანიზმისათვის, ვიდრე ნიკოტინი. მისგან წარმოიქმნება კარბოქსიჰემოგლობინი, რის გამოც სისხლში მცირდება ჟანგბადის შემცველობა. ცნობილია, რომ, როცა სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის შემცველობა 5%-ია, ათეროსკლეროზის პროგრესირების სიხშირე 21-ჯერ იზრდება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლში აღნიშნული ნივთიერების დონე 3%-ია.

მოწევასთან დაკავშირებული რისკი დამოკიდებულია დღის განმავლობაში მოწეული თამბაქოს რაოდენობაზე და მწეველობის ხანგრძლივობაზე. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პასიური მწეველობა მოსალოდნელზე მეტად ზრდის აღნიშნულ რისკს. არამწეველს, რომელიც ცხოვრობს, ან მუშაობს მწეველებთან, აქვს ამ დაავადებათა განვითარების 30%-ზე მეტი რისკი. სამწუხაროდ, არსებობს აბსოლუტურად არასწორი შეხედულება, თითქოს თამბაქოს მკვეთრი მიტოვება ორგანიზმისთვის მავნებელია. გახსოვდეთ, თამბაქოს წევის მხოლოდ სწრაფი და გადამწყვეტი უარყოფა განაპირობებს წარმატებას ამ მავნე ჩვევაზე თავის დანებებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ თამბაქოზე უარის თქმა ზოგჯერ იწვევს გვერდითი მოვლენების განვითარებას, ე.წ. აბსტინენციის სინდრომს, წონაში მომატებას. საბედნიეროდ, თამბაქოს მოხმარება ყველაზე ადვილად მოდიფიცირებადი, ანუ შეცვლადი რისკის ფაქტორია. როგორც კი შეწყვეტთ მოწევას, თქვენ მნიშვნელოვნად იწყებთ რისკის შემცირებას. მაშ ასე, გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე - შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება!

ჭარბი წონა

მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს წარმოადგენს ჭარბი წონა. თუ თქვენ შეძლებთ იდეალური წონის შენარჩუნებას, შეამცირებთ ათეროსკლეროზის პროგრესირების რისკს. გახსოვდეთ, რომ ყოველი ზედმეტი კილოგრამისათვის თქვენს გულს უწევს ზედმეტი სისხლის გადატუმბვა, ეს კი მისთვის დიდი დატვირთვაა, მით უფრო, თუ ის უკვე დაზიანებულია. სიმსუქნე რისკის ფაქტორია არა მხოლოდ ათეროსკლეროზის, არამედ არტერიული ჰიპერტენზიისა და დიაბეტის განვითარებისათვის. გაითვალისწინეთ, რომ რაც მეტია ეს მაჩვენებელი, მით მეტია გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების, ჰიპერტენზიის, დიაბეტისა და ზოგადად, სიკვდილობის რისკი. განსაკუთრებით საფრთხილოა ე.წ. აბდომინალური სიმსუქნე, როდესაც კანქვეშა ცხიმი დიდი რაოდენობით გროვდება წელისა და მუცლის მიდამოში. თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით წონის შემცირება უნდა მოხდეს ისე, რომ წელის გარშემოწერილობა მამაკაცებში 102 სმ-ზე, ხოლო ქალებში 88 სმ-ზე ნაკლები იყოს. 


ნაკლები ფიზიკური აქტივობის დროს ნაკლები კალორიები იხარჯება,  რაც  ზრდის  წონაში მატების  ალბათობას. გარდა ამისა, გული კუნთოვანი ორგანოა და როგორც ყველა კუნთს, მასაც სჭირდება ვარჯიში. ჰიპოდინამია, ანუ ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ათეროსკლეროზის უმნიშვნელოვანესი რისკის ფაქტორია. იგი აორმაგებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების საშიშროებას. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიპოდინამია ათეროსკლეროზის პროგრესირებას უწყობს ხელს, ამცირებს სისხლძარღვთა ტონუსსა და ელასტიურობას, რაც საბოლოო ჯამში, აქვეითებს სასიცოცხლო პროცესების ნორმალურ მიმდინარეობას, ორგანიზმში არსებულ ყველა ორგანოს ხომ სწორედ სისხლძარღვები კვებავს. ფიზიკური აქტივობის დაბალი დონე მნიშვნელოვანწილად დაუკავშირდა გულის კუნთის ინფარქტის, ინსულტის, პერიფერიული არტერიების დაავადების განვითარებას, ნაადრევად გამოვლინდა ფიზიკური დაბერების ნიშნები, შემოკლდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჰიპოდინამიასთან დაკავშირებული სიკვდილობა ნელ-ნელა თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ სიკვდილობას უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა იმდენადვე საშიში და მავნებელია, როგორც თამბაქო. გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია: ცხოვრების მჯდომარე სტილი გონებრივ შესაძლებლობებზეც უარყოფითად აისახება. თავის ტვინის მკვებავი არტერიების ტონუსი და ელასტიურობა მცირდება, რის გამოც ფერხდება მისი სისხლით მომარაგება და იგი ჰიპოქსიას, ანუ ჯანგბადოვან შიმშილს განიცდის. ამ ყოველივეს თავიდან ასაცილებლად იოლად შეგვიძლია ვებრძოლოთ ამ პრობლემას. საბედნიეროდ ხომ ჰიპოდინამია კორეგირებადი რისკის ფაქტორია.

საუკეთესო ვარჯიშია ფეხით სიარული. იარეთ ბევრი, დაახლოებით 5 კმ დღეში (წარმოიდგინეთ, ზოგიერთი ჩვენი პაციენტი დღეში 8-10კმ-ს დადის). არ ისარგებლოთ ლიფტითა და ესკალატორით, აიარეთ კიბე აუჩქარებლად, ჩამოდით ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე და გზა განაგრძეთ ფეხით, ფეხით სიარულის დროს თქვენი სისხლი ნაკლებად ბლანტია, "იწვება“ ჭარბი ქოლესტერინი, შაქარი. გახსოვდეთ, რომ 10 000 ნაბიჯი დღეში აქტიური ცხოვრების სტილად ითვლება, 5 000 ნაბიჯზე ნაკლები კი მჯდომარე ცხოვრების სტილია.


ჯანსაღი კვება

ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ოპერაციის შენარჩუნებისა და ზოგადად, ჯანმრთელობისთვის. ჯანსაღია კვება, რომელიც ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს და არ ვნებს. იგი შეესაბამება ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიაზე და ამავე დროს სხეულს ოპტიმალურ წონას უნარჩუნებს. სასურველია იცოდეთ, რისგან უნდა შედგებოდეს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო რაციონი, უნდა შეძლოთ და ორიენტირებული იყოთ სასარგებლო პროდუქტების არჩევასა და კვების ჯანსაღი ჩვევების შეძენაზე. თანამედროვე ევროპული რეკომენდაციების მიხედვით ანტიათეროგენული დიეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია თევზი. იგი უნდა მიირთვათ სულ მცირე 2-ჯერ კვირაში, მათ შორის 1-ჯერ - ცხიმიანი თევზი. კვლევებით დადგენილია, რომ კვირაში მინიმუმ 1-ჯერ ცხიმიანი თევზის მიღება 15%-ით ამცირებს კორონარული დაავადებისგანვითარების რისკს,  კვირაში მინიმუმ 2-ჯერ მიღება კი - იშემიური ინსულტის რისკს. ასევე რეკომენდებულია ყოველდღიურად მიირთვათ 200 გრ. ხილი და 200 გრ. ბოსტნეული.


დამეთანხმებით, რომ მიღებული საკვების რაოდენობასა და სახეს გადამწყვეტი თუ არა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. სასურველია საკვები მიიღოთ 3-4-ჯერ დღეში. ვახშამი უნდა მიირთვათ ძილამდე არა უგვიანეს 2-3 სთ-ისა, ხოლო ინტერვალი საუზმესა და ვახშამს შორის არ უნდა აღემატებოდეს 10სთ-ს. არ გამოტოვოთ საუზმე! ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სადილი ან ვახშამი. ზოგი ადამიანი საერთოდ არ საუზმობს, რადგან დილის საათებში ჭამის სურვილი არა აქვს, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ თავს ძალას დაატანთ და ისაუზმებთ. საუზმე მთელი დღის განმავლობაში ენერგიას გმატებთ. იგი განწყობაზე და აზროვნების უნარზეც დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ვინც რეგულარულად საუზმობს, სიმსუქნის პრობლემა ნაკლებად აწუხებს.

გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომელთაც აქვთ გულის დაავადება, ე.წ. ფიტნეს ცენტრებს მიმართავენ ველოტრენაჟორებსა და სარბენ თვითნებურად ვარჯიშობს. ბილიკებზე სავარჯიშოდ, ზოგიც ანალოგიურად სახლში ეს არადოზირებული, არარეგლამენტირებული, არამონიტორირებული ვარჯიშებია ექიმის მეთვალყურეობის გარეშე და შესაძლებელია მოყვეს გართულებები, თვით ფატალური გამოსავალიც კი. საბედნიეროდ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს კარდიული რეაბილიტაცია, რომელიც დღესდღეისობით ერთდაერთია ჩვენს ქვეყანაში.


რეაბილიტაცია

უმრავლეს თქვენთაგანს ჩატარებული გაქვთ მისი ჰოსპიტალური ფაზა, რამაც გააუმჯობესა თქვენი ფუნქციური უნარი და თავიდან აგაცილათ ამ ოპერაციით გამოწვეული შესაძლო გართულებები თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის შემდგომი - ამბულატორიული ფაზები, რაც რეკომენდებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული     კარდიოლოგიური ორგანიზაციების მიერ, ვინაიდან იწვევს ათეროსკლეროზული პროცესის სტაბილიზაციას, მისი პროგრესირების ტემპის შეფერხებასა და გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების შორეულ კლინიკურ გამოსავალს. ჩვენ ორიენტირებული ვართ არა მხოლოდ უშუალო პოსტოპერაციულ გამოსავალზე, რომ კლინიკიდან ბინაზე კარგ მდგომარეობაში გაეწეროთ, არამედ თქვენი სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, ე.ი. მის შორეულ შედეგებზეც. კარდიული რეაბილიტაციის ამბულატორიულ პროგრამაში ჩართვა განსაკუთრებით ეფექტურია სწორედ კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ, რადგან ამ საუკუნეში ჩატარებული უამრავი კვლევის შედეგად დადგენილია, რომ იგი მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილობას, განმეორებით შემთხვევებს, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, აუმჯობესებს პაციენტის ფუნქციურ უნარს, რისკის ფაქტორების პროფილსა და ცხოვრების ხარისხს. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს ჩვენს ცენტრში კომპეტენტური კარდიოლოგისა და რეაბილიტოლოგის მიერ კარდიული რეაბილიტაცია ისეთივე სტანდარტითა და მაღალი ხარისხით ტარდება, როგორც მიღებულია ევროპის ბევრ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში. სამწუხაროდ ჩვენი ცენტრი ჯერჯერობით ერთადერთია, სადაც ეს სამსახური აქტიურად ფუნქციონირებს. იგი იმ შემთხვევაშიც ტარდება, თუ თქვენ ოპერაციის შემდეგ გაქვთ გულის უკმარისობა, ან სხვა რომელიმე გართულება.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფესორი ნონა დოლიძე

დაგვიმეგობრდით

trance