გულის დაავადებები ახალგაზრდებში

გულის დაავადებები ახალგაზრდებში

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლის კონტროლიც შეუძლებელია. ეს არის: სქესი, ასაკი, გენეტიკა.

მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომელთა კონტროლიც შესაძლებელია. ესენია:

  • თამბაქოს მოხმარება
  • ფიზიკური აქტივობა
  • წონა
  • არტერიული წნევა
  • შაქრიანი დიაბეტი.

თუ ამ ფაქტორებს გავაკონტროლებთ და დავაკვირდებით ჩვენს მდგომარეობას, ბუნებრივად შემცირდება ის რისკები, რამაც შესაძლოა ადამიანი სავალალო შედეგამდე მიიყავნოს. გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების ზოგადი სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • არარეგალური გულისცემა
  • ძლიერი თავბრუსხვევა
  • აჩქარებული გულისცემა (100 ან მეტი დარტყმა წუთში)
  • მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულ-მკერდის არეში.

თუ ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს ჩნდება, ეს პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ტკივილი შეიგრძნობა მკერდის ძვლის უკან. გადაეცემა მარცხენა მხრის მიდამოში. ის შეიძლება გავდეს კუჭის ტკივილს. 


რა იწვევს გულის დაავადებებს ახალგაზრდებში

ინტერვიუ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-კარდიოლოგ, თამარ სუხიაშვილთან:

- გულის იშემიური დაავადების გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია, - არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, ასაკი (მამაკაცებში ცოტა ადრეულ პერიოდში იწყება, სადღაც 39-40 წლის ასაკში, ქალებში მენოპაუზის შემდეგ). თუმცა, დაავადება ბოლო დროს ცოტა ატიპიური ფორმებითაც ვლინდება. მაგალითად, ქალებში ხშირად მენოპაუზის პერიოდში, კლიმაქტერული პრობლემების დროს წამოიწევს ხოლმე ჩივილები: შესაძლოა ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები იყოს, თუმცა უმეტესად, ეს ფუნქციური ხასიათის არის და არა ორგანული.

- გამოვლენილ ჩივილებს ყურადღება როგორ მივაქციოთ?

- ხშირია, როდესაც პაციენტი მოდის და გვეუბნება, რომ მაღალი წნევა აქვს, მაგრამ გული არ აწუხებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წნევა ცალკე დაავადებაა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. თუ წნევას ვერ გრძნობს (რასაც მიჩვეულია), ე.ი. არაფერი სჭირს, ეს არასწორი მიდგომაა. თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებსაც წნევა არ აწუხებთ, თვეში ერთხელ კონტროლისთვის მაინც უნდა გაიზომონ. ამასთან, არის ჰიპოდინამია, რაც დღევანდელი ყოფის დაავადებაა, რასაც უმეტესად ჯდომითი სამუშაოები იწვევს, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებაზე მოქმედებს. ასევე მოქმედებს თამბაქოს მოწევა, ნიკოტინი (სისხლძარღვებს ავიწროებს). ნახშირორჟანგი სისხლძარღვების კედლებს აზიანებს და ათეროსკლეროზისადმი მიდრეკილებას ზრდის. არამწეველებთან შედარებით, იმ ქალებს, რომლებიც დღეში 20 ან მეტ ღერს ეწევიან, ინფარქტის ალბათობა 6-ჯერ მეტი აქვთ. მწეველ მამაკაცებს კი, არამწველებთან შედარებით, 3-ჯერ მეტი... სიმსუქნე და ჭარბი წონა (ერთად) გარდა იმისა, რომ გულის იშემიური დაავადების რისკფაქტორებია, ჭარბი წონა წნევის მატებასთან ერთად, შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალ რიკს ზრდის.

- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა განსაზღვრავს გულის იშემიურ დაავადებას?

- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ხშირად კარდიოლოგიური ჩივილებით წარმოიქმნება და ვლინდება. ხშირად პაციენტს, რომელსაც ჩივილები აქვს მაგალითად, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, საერთო სისუსტე, ჰიპოთირეოზების დროს არტერიული წნევის ციფრების მატება, ჰიპერთირეოზის დროს არითმია, - ჩვენთან სწორედ კარდიოლოგიური ჩივილებით მოდის. კვლევის შემდეგ კი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა დგინდება, ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ კი, პრობლემები მეტ-ნაკლებად გვარდება.

- რა იწვევს ახალგაზრდა ასაკში გულის იშემიურ დაავადებას?

- ცოტა ხნის წინ გვყავდა პაციენტი - 24 წლის ბიჭი, რომელსაც შუნტირების ოპერაცია გაუკეთდა, მანამდე ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, ამასთან, ჰქონდა მიტრალური მანკიც და ორივე ოპერაცია ერთდროულად ჩაუტარდა. ასეთი ფაქტები იშვიათია, თუმცა, არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში, მემკვიდრეობითობა დიდ როლს თამაშობს, რაც სავარაუდოდ, 35 წლიდან ვლინდება. დიახ, ზემოქმედებას გენეტიკა ახდენს. ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებს გულის იშემიური დაავადება ჰქონდათ და 60 წელზე მცირე ასაკში გამოვლინდა, ასეთმა ადამიანებმა წელიწადში ერთხელ უნდა გაიკეთონ ანალიზები, გაიკონტროლონ ქოლესტერინი, წნევა...
სტატისტიკის თანახმად, სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა გულის იშემიური დაავადებებს იწვევს.
მოკლედ, ამ დაავადებაზე მემკვიდრული ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს.

- ახალგაზრდებში რა იწვევს ამ დაავადებას?

- სტრესი, რისგანაც არავინაა დაცული, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღება, ჰიპოდინამია (კუნთების სისუსტე, რომელიც ცხოვრების მჯდომარე წესითა და მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვით არის გამოწვეული), ღამის გათენება, არაჯანსაღი კვება და არჯანსაღი ცხოვრების წესი, რაშიც არეულ ბიორიტმს ვგულისხმობ. ხშირად მყავს პაციენტი, რომელსაც ისეთი სამსახური აქვს, ღამის გათენება უწევს. ასეთ პაციენტებს ორგანული კარდიოლოგიური პრობლემები არა, თუმცა ფუნქციური ხასიათის ჩივილები აწუხებთ, - ასეთ დროს, როდესაც რაღაც აწუხებთ, ძნელია პაციენტს გააგებინო, რასთან გვაქვს საქმე. როგორც კი ის დღეღამურ რიტმს მოიწესრიგებს, მათი ჩივილებიც იხსენა ხოლმე.

კიდევ ასეთი რამ არის: როდესაც პაციენტი მწვავე მდგომარეობაში კლინიკაში მოდის, ხშირად ამბობს, რომ არაფერი აწუხებს, რომ უცბათ დაეწყო ეს მოჭერითი ტკივილი, სტენოკარდიის დროს უმეტესად ტკივილი არის წინ, გულმკერდის ძვლის არეში, შესაძლოა დაიწყოს ეპიგასტრიუმთან, გავრცელდეს მკერდის ძვლის არეში, ყელში, ქვედა ყბაში, ზემო კიდურებში, ანუ გადაცემითი იყოს. უშუალოდ გულის არეში ნაკლებად ხდება, მაგრამ შეიძლება ასეთი ტიპის ტკივილი განვითარდეს უეცრად და 2-5 წუთი გაგრძელდეს. თუ უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, უკვე მწვავე პათოლოგიაში გადავა (მიოზიტში, ნევრალგია და ა.შ.) და ნიტროგლიცერინი, ვალიდოლი ასეთ ტკივილს არ ხსნის. თუმცა, აქ წინაპირობა შეიძლება იყოს: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ.

- რატომ?

- ამას პაციენტები ზოგად გადაღლილობას, ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს აბრალებენ. არადა, დაკვირვება უნდა: თუ ჩვეულებრივ ფიზიკურ დატვირთვაზე ადამიანი ადვილად იღლება, აქვს ხანგრძლივი საერთო სისუსტე, არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, მაღალი წნევის დროს, არ არის სწორი, როდესაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს წამალს, როდესაც აქვს მომატებული წნევა. აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. წამალი უნდა მიიღოს რეგულარულად, ეს მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ანემია, რაც ხშირად შეიძლება გულის იშემიური დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი იყოს. ყურადღება ამასაც უნდა მივაქციოთ. როგორც კი საერთო სისუსტე, ანემია განვითარდება, სასურველია სისხლის საერთო ანალიზი მაინც გაიკონტროლოს.

- კიდევ რა რჩევების მიცემა შეიძლება?
  • რეგულარულად აკონტროლონ არტერიული წნევა
  • წელიწადში ერთხელ გააკონტროლონ ლიპიდური ცვლა, გლუკოზის რაოდენობა სისხლში
  • მიიღონ ნაკლებად ცხიმიანი და მარილიანი საკვები
  • იმოძრაონ, აირჩიონ ცხოვრების ჯანსაღი წესი
ჩემს პაციენტებს ხშირად ვეუბნები, - დღეში, თუ არ არის იმის საშუალება, ნახევარი საათი მაინც ფეხით იარონ, ვთქვათ, თუ სახლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიან, 2 გაჩერებით ადრე ჩამოვიდნენ და დარჩენილი მანძილი ფეხით დაფარონ. ეს ყველაზე მარტივი შესასრულებელია…

დაგვიმეგობრდით

trance