29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე (World Heart Day) აღინიშნება. გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ეს დღე 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ, 29 სექტემბერს, ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის ორგანიზატორების მიზანია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული საშიშროებისა და პროფილქტიკური ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა და ცოდნის ამაღლება.
ამ დღესთან დაკავშირებით, გულის მსოფლიო ფედერაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ღონისძიებებს 100-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს, რაც ჯანმრთელობის მასობრივ შემოწმებას, საჯარო ლექციებს, ფორუმებს, გამოფენებს, სპექტაკლებს, კონცერტებს, აგრეთვე სპორტულ შეჯიბრს და ორგანიზებულ სეირნობებს მოიცავს.
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი სრულად იზიარებს ორგანიზატორების და გულის მსოფლიო დღის მიზანს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციული თუ სამკურნალო ღონისძიებების შესახებ.