პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყლის დონის შენარჩუნება

პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყლის დონის შენარჩუნება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე პანდემიის პირობებში ორგანიზმში წყლის დონის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობს:

ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედი შეიცავს დიდი ოდენობით წყალს, მათ შორის სასუნთქი სისტემის ყველა შემადგენელი ორგანოს უჯრედიც, ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი, ალვეოლები და ბრონქიოლების ამომფენი მოციმციმე ეპითელიუმიც, რომელიც მუდმივად პროდუცირებს ლორწოს, რომელიც, ასევე, შედგება დიდი რაოდენობით წყლისგან.
ლორწო დღე-ღამის განმავლობაში გამოიყოფა 10-100მლ, ნორმაში ამას ადამიანი არ გრძნობს და არ აწუხებს. ლორწო ქმნის ადგილობრივ იმუნიტეტს, შეიცავს დიდი რაოდენობით იმუნურ უჯრედებს, რომლებიც "იჭერენ" სხვადასხვა მავნებელ მიკროორგანიზმებს, მკვრივი ნაწილაკები კი იშლება ან ყოვნდება ლორწოში, რაც უზრუნველყოფს ეპითელიუმის დაცვას. წამწამოვანი ეპითელიუმის მეშვეობით ექსკავატორივით გამოიდევნება გარეთ ხველის ან წამოხველების მეშვეობით ნახველის სახით, რითაც უზრუნველყოფს სასუნთქი სისტემის გათავისუფლებას "გამოყენებული" იმუნური უჯრედებისგან, ჯერ კიდევ ცოცხალი მიკროორგანიზმებისგან (ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები), "მკვდარი" ან მავნებელი მიკროორგანიზმების "დაშლილი" უჯრედების ნარჩენებისგან და ასევე მკვრივი ნაწილაკებისგან (მტვერი, მეტალები, მცენარის მტვერი და ა.შ). ორგანიზმის ამ ფუნქციას ეწოდება მუკოცილიარული კლირენსი (Eng: clean - სუფთა). როდესაც ლორწოვანი და ლორწო მდიდარია წყლით, ამ უჯრედებს მოძრაობა უადვილდებათ, მაშასადამე, უფრო ადვილად "იჭერენ" მავნებელ ელემენტებს, უფრო მარტივად მუშაობს მუკოცილიარული კლირენსის მექანიზმი, რაც იცავს სასუნთქ სისტემას დაზიანებისგან და დასნებოვნებისგან.იმისათვის რომ ორგანიზმში შევინარჩუნოთ წყლის ნორმალური დონე, რეკომენდებულია წყლის მიღება დღის განმავლობაში, მცირე ულუფებით.
უკეთესი იქნება თუ ზუსტად გეცოდინებათ რამდენი წყალი გჭირდებათ დღეში. საშუალოდ ადამიანს სჭირდება 35მლ 1კგ-ზე.50 კგ წონის ადამიანს სჭირდება 1,7, 60 კგ — 2,1 ლ, 70 კგ — 2,4 ლ, 80 კგ — 2,8 ლ წყალი და ა.შ.ნორმაში მოზრდილი ადამიანი 1 დღის განმავლობაში კარგავს ამოსუნთქვის, საკვების მომნელებელი სისტემის მოქმედების და ოფლის გამოყოფისას 1,5-2 ლიტრ წყალს, მაშინაც კი, როდესაც არ მოძრაობს. ამიტომ წყლის მიღება აუცილებელია. უკეთესია თუ სუფთა წყალს დავლევთ მინარევების გარეშე.

დაგვიმეგობრდით

trance