აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მომზადებული კვლევის "Family Support Policy in Georgia: Challenges and Reform Options" ("ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა საქართველოში: გამოწვევები და რეფორმის ვარიანტები“) გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში "BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES".
ჟურნალი ინდექსირებულია Scopus-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
ნაშრომის ავტორები არიან: თენგიზ ვერულავა (მედიცინის დოქტორი, პროფესორი), რევაზ ჯორბენაძე (მედიცინის დოქტორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი)
სტატიის ელექტრონული მისამართი: http://science.org.ge/bnas/vol-14-4.html
საქართველოში ბოლო ათწლეულების მანძილზე შეინიშნება მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა. 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3729635-ს შეადგენს, ნაცვლად 2002 წლის 4371535-ისა, ანუ 14,7%-ით (641900) ნაკლებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, არსებული დემოგრაფიული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 2985000-მდე (32%-ით 2014 წელთან შედარებთ) შემცირდება.
საქართველოში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა განპირობებულია დაბალი შობადობით, სიკვდილიანობის ზრდით, მოსახლეობის დაბერების ტენდენციით. არასახარბიელო დემოგრაფიულ მდგომარეობას ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, მაღალი მიგრაცია, აბორტების მაღალი მაჩვენებელი.
კვლევის მიზანია საქართველოში მოსახლეობის მკვეთრი შემცირების მიზეზების შესწავლა და იმის დადგენას, თუ რომელი მოდელი საუკეთესოდ აღწერს საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა გუტიერის ტიპოლოგია (1996), რომელიც მოიცავს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ოთხ მოდელს: პრო-ნატალისტური, პრო-ტრადიციული, პრო-გალიტარიანული და არაინტერვენციონისტული (სახელმწიფოს ჩაურევლობა).
კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა განეკუთვნება არაინტერვენციონისტულ მოდელს. აღნიშნული პოლიტიკა საქართველოში არ ქმნის სათანადო პირობებს დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ოჯახის ფინანსური დახმარება და ისიც ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს. საქართველოში არ გამოიყენება ოჯახის ფინანსური დახმარების ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში დახმარება და საგადასახადო შეღავათები. შეზღუდული სახელმწიფო ბიუჯეტის გათვალისწინებით და სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია სახელმწიფომ შეიმუშავოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნება დაბალ და საშუალო შემოსავლიან ოჯახებზე და გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. იგი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა: ოჯახის ფინანსური ხელშეწყობა და დახმარება, სამუშაოსა და ოჯახის შეთავსებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. იგი უნდა წარმოადგენდეს ერთიან სტანდარტს მთელი ქვეყნისათვის, როგორც მინიმალური საბაზისო პაკეტი. ცალკეულ რეგიონებს თუ რაიონებს უნდა მიეცეთ საშუალება რომ ამ საბაზისო პაკეტს დაამატონ მასში არშემავალი სერვისები და გაზარდონ თანხები. ასეთი მიდგომა უფრო მოქნილს გახდის პროგრამას.