აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მომზადებული კვლევის "Patients’ perceptions about access to health care and referrals to family physicians in Georgia" (პაციენტთა აღქმა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე და ოჯახის ექიმთან მიმართვიანობაზე საქართველოში) შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში "Archives of the Balkan Medical Union".
ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
ნაშრომის ავტორები არიან: თენგიზ ვერულავა (მედიცინის დოქტორი, პროფესორი), რევაზ ჯორბენაძე (მედიცინის დოქტორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი), ლეილა კარიმი (დოქტორი, პროფესორი, ლა ტრობეს უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა, მელბურნი, ავსტრალია)
სტატიის ელექტრონული მისამართია:
https://umbalk.org/wp-content/uploads/2020/12/11.PATIENTS-PERCEPTIONS-ABOUT-ACCESS-TO-HEALTH.pdf
პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სისტემის საძირკველია. პირველადი ჯანდაცვის ადეკვატური უტილიზაცია პირდაპირ აისახება ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჯანდაცვის დანახარჯების ეფექტურობაზე. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ოჯახის ექიმთან მიმართვიანობა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. კვლევის მიზანია საქართველოში ოჯახის ექიმთან დაბალი მიმართვიანობის მიზეზების შესწავლა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარით გამოკითხულ იქნა 20 ოჯახის ექიმი და 300 ბენეფიციარი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში. კვლევის შედეგების მიხედვით, ოჯახის ექიმების 55%-ის აზრით, პაციენტები მათ უმთავრესად მიმართავენ მხოლოდ ექიმ-სპეციალისტებთან მიმართვის მიზნით. პაციენტების 42%-მა მხოლოდ ერთხელ ან საერთოდ არ მიმართა ოჯახის ექიმს, 57%-ს კი ოჯახის ექიმისთვის არ მიუმართავს პრევენციის მიზნით. კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახის ექიმთან დაბალი მიმართვიანობა უმთავრესად განპირობებულია ოჯახის ექიმის მიმართ უნდობლობით, რაც დაკავშირებულია მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობით ოჯახის ექიმის კომპეტენციების შესახებ. არაადექვატური ანაზღაურების გამო ოჯახის ექიმებს არ აქვთ სათანადო მომსახურების გაწევის საკმარისი მოტივაცია. უწყვეტი პროფესიული განათლების დაბალი როლი ნეგატიურად ზემოქმედებს მათ პროფესიულ განვითარებაზე. მიზანშეწონილია პირველადი ჯანდაცვის სისტემის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება. სასურველია ოჯახის ექიმთა ანაზღაურების ეფექტური მეთოდების დანერგვა, უწყვეტი პროფესიული განათლების როლის და ხელმისაწვდომის გაზრდა.