ცენტრში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი გავლენიან გამოცემაში „Journal of Health Research“ გამოქვეყნდა

ცენტრში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი გავლენიან გამოცემაში „Journal of Health Research“ გამოქვეყნდა

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში "Journal of Health Research“ გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი "Readmission after hospitalization for heart failure in elderly patients in Chapidze Emergency Cardiology Center, Georgia“ ("გულის უკმარისობით ხანდაზმულ პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის შემდგომი რეადმისიის შესწავლა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში").

ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

ნაშრომის ავტორებია:

თენგიზ ვერულავა (მედიცინის დოქტორი, პროფესორი), რევაზ ჯორბენაძე (მედიცინის დოქტორი, ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორი), ანა ღონღაძე (ახალგაზრდა მკვლევარი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი), ანა ლორთქიფანიძე (ახალგაზრდა მკვლევარი, სოციოლოგი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი), მიხეილ წვერავა (მედიცინის დოქტორი, ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), მანანა დონჯაშვილი (ხარისხის დეპარტამენტის სტატისტიკოსი)

ნაშრომის  მოკლე ანოტაცია:

გულის უკმარისობა სიკვდილიანობის ერთი წამყვანი მიზეზია ხანდაზმულ ასაკში. კვლევის მიზანია განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის (რეადმისიის) სიხშირისა და მიზეზების შეფასება გულის უკმარისობის მქონე ხანდაზმული პაციენტებში.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 2015 წლიდან 2019 წლამდე ჰოსპიტალიზებულ გულის უკმარისობით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტთა (75 წლის და მეტის) სამედიცინო ჩანაწერები. გაანალიზებულ იქნა გულის უკმარისობით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა (I50, I50.0, I50.1) დაავადებების სტრუქტურა და განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის (რეადმისიის) მაჩვენებლები. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ 6-9 თვის განმავლობაში რეადმისიასთან დაკავშირებული ფაქტორების დასადგენად გამოყენებულ იქნა მრავალმხრივი ლოგისტიკური რეგრესიის მოდელი.

კვლევით დადგინდა, რომ ხანდაზმულ პაციენტთა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი გართულებაა გულის უკმარისობა (შემთხვევების 68,6%). ხანდაზმულ პაციენტებში გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში, რაც ასოცირდება მოსახლეობის დაბერების პროცესით. სავარაუდოდ, აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. გულის უკმარისობის მკურნალობის მეთოდების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიუხედავად, რეადმისიის მაჩვენებლები კვლავ მაღალია. კვლევამ აჩვენა, რომ რეადმისიის ყველაზე ხშირი მიზეზია გულის უკმარისობა (რეადმისიის ყველა შემთხვევების 48%). გულის უკმარისობით პირველადი ჰოსპიტალიზაციის დაახლოებით 6–9 თვის შემდეგ რეადმისია შეადგენდა 60%-ს. პაციენტებს აღენიშნებოდათ თანმხლები დაავადებები, მათ შორის ჰიპერტენზია (43%), მიოკარდიუმის ინფარქტი (14%), დიაბეტი (36%) და ინსულტი (8%), რაც გავლენას ახდენს რეადმისიის სიხშირეზე.

გულის უკმარისობა კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემად. გულის უკმარისობით პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის დროს უნდა იქნეს განხილული როგორც კარდიალური, ისე არა კარდიალური მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჯანმრთელობის პრობლემები და დაავადების პროგრესირება. ზოგიერთი რეადმისიის თავიდან აცილება შესაძლებელია მედიკამენტების სწორი შერჩევისა და ეფექტური მონიტორინგის შედეგად.

სტატია იხილეთ ბმულზე

სტატიის PDF ვერსია იხილეთ ბმულზე

Tengiz Verulava, Ana Lordkipanidze, Revaz Jorbenadze, Ana Ghonghadze, Michael Tsverava, Manana Donjashvili. Readmission after hospitalization for heart failure in elderly patients in Chapidze Emergency Cardiology Center, Georgia. Journal of Health Research. 2021; 35 (3)

დაგვიმეგობრდით

trance