საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა სტენოკარდიისა და ინფარქტის შემთხვევები
ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სოფიო უნგიაძე:
სტენოკარდია არის გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების შედეგი, რის გამოც გულის შესაბამის უბანს, რომელსაც ეს სისხლძარღვი კვებავს, აღარ მიეწოდება საკმარისი ოდენობის ჟანგბადი და ირღვევა ნორმალური ფუნქციონირება.
ამის შედეგად ჯერ იშემია ყალიბდება და თუ შეტევის მოხსნა ვერ მოხერხდა, შეიძლება, ინფარქტშიც გადაიზარდოს, რასაც მოსდევს გულის კუნთის უბნის კვდომა, მის ადგილზე კი შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბურის ჩამოყალიბება.
როგორც წესი, სტენოკარდია ვითარდება ფიზიკური დატვირთვის ფონზე და ახასიათებს მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ამ ტკივილის კუჭის არეში, ქვედა ყბაში, მარცხენა მხარში და ხელში გადაცემით. სუსტი ხასიათის პირველადმა შეტევამ შესაძლოა, მოსვენების კვალდაკვალ თავისით გადაიაროს, არადა, თუ ადამიანი გუშინ თავისუფლად ადიოდა მეოთხე სართულზე და დღეს ტკივილმა მეორე სართულზე შესვენება აიძულა, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს კარდიოლოგს.
– როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ სტენოკარდიული შეტევა შესვენების შედეგად არ მოეხსნა?
– აუცილებლად უნდა გამოიძახოს სასწრაფო, მანამდე კი პროგრესირებადი ტკივილის ფონზე გაიზომოს წნევა და თუ იგი 120-ზე მაღალია, შესაძლებელია ენის ქვეშ ნიტროგლიცერინის გამოყენება, ოღონდ ეს აუცილებლად მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში უნდა გააკეთოს, რადგან ამ დროს არტერიული წნევა ქვეითდება, რასაც შესაძლოა, გონების დაბინდვა და ადამიანის ვარდნაც მოყვეს.
გასათვალისწინებელია, რომ ნიტროგლიცერინის მოხმარებიდან რამდენიმე წუთში სტენოკარდიული შეტევა უნდა მოიხსნას. 10 წუთის შემდეგ ეს პრეპარატი აღარ მოქმედებს, ამიტომ ნურავინ ჩათვლის, რომ თუ შეტევა 20 წუთის შემდეგ მოეხსნა, ეს ნიტროგლიცერინის ეფექტმა განაპირობა.
– რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ინფარქტი და სტენოკარდია?
– დასაწყისში ინფარქტსაც იგივე სიმპტომები აქვს, რაც სტენოკარდიას, თუმცა, გახანგრძლივებული ჩივილების ფონზე ინფარქტის დროს ხდება გულის კუნთის უჯრედების - მიოკარდიოციტების დაზიანება. შედეგად გულის კუნთის მთავარი - კუმშვადი ფუნქციის დაქვეითება, რასაც შემდგომში თან სდევს სხვადასხვა სახის გართულებები - არითმია, გულის უკმარისობა და სხვა. აღნიშნული გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დროული და ადექვატური ქმედება. თუ ტკივილი 10-15 წუთში არ მოიხსნა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფარქტთან გვაქვს საქმე. ამ დროს ნიტროგლიცერინი უკვე ნაკლებეფექტურია და თითოეული წუთი ძვირფასია. სასწრაფოს ექიმი კლინიკაში მყოფ მორიგე ექიმს უკავშირდება და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა დარღვევებით მოდის პაციენტი, რომელსაც მზადყოფნაში ვხვდებით.
რაც მეტი დროა გასული ინფარქტის დაწყებიდან, ანუ ტკივილის აღმოცენებიდან – მით უფრო დიდი ზომის ინფარქტი ყალიბდება. ინფარქტის დროს მწვავე პერიოდში პაციენტს გადაუდებლად უტარდება კორონოგრაფია და ჩვენების მიხედვით რევასკულარიზაცია (კორონარული სტენტირება, კორონარული შუნტირება). შესაძლებელია პაციენტი საჭიროებდეს კონსერვატულ მკურნალობას, რაც სისხლძარღვის სპაზმის ან გულის კუნთის მკვებავი მცირე კალიბრის არტერიების დაზიანებისა და პერფუზიის დარღვევის შედეგად ვითარდება, აღნიშნული ცნობილია, როგორც მიკროვასკულური დაავადება და ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება. დაუშვებელია, როცა სტენოკარდიული ხასიათის ტკივილებს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ითმენენ. თუ ტკივილის შეგრძნება განმეორდა და დროში გახანგრძლივდა, ექიმთან მიუსვლელობა საკუთარი სიცოცხლის წინაშე გამოუსწორებელი დანაშაულია! ინფარქტის შედეგად, გულის კუნთის რაც უფრო მცირე უბანია დაზიანებული, მით უფრო მაღალია გამოჯანმრთელების ხარისხი!
#ჩაფიძისგულისცენტრი
#თანამედროვეკარდიოლოგია