ზვიად ბახუტაშვილი: პროგრესისთვის პასუხისმგებლობის გააზრებაა საჭირო

ზვიად ბახუტაშვილი: პროგრესისთვის პასუხისმგებლობის გააზრებაა საჭირო

პროგრესს აქტიური, ცნობისმოყვარე და ინტერესიანი ადამიანები ქმნიან. ისინი, ვინც მაღალ თამასას უწესებენ საკუთარ თავს; ისინი, ვინც პასუხისმგებლობას არ უფრთხიან და იმაზე მეტს იღებენ საკუთარ თავზე, ვიდრე მათგან საზოგადოება და პროფესია მოითხოვს; ისინი, ვინც მუდმივად ახლის შეცნობისკენ ისწრაფვიან; ისინი, ვისაც შრომა არ ეზარებათ და სირთულეები არ აშინებთ, – ამბობს აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი, კარდიოქირურგი, მედიცინის დოქტორი, თსსუ პროფესორი ზვიად ბახუტაშვილი.

ბატონი ზვიადი საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი და ევროპის გულმკერდის ქირურგიის ასოციაციის წევრია. იმავდროულად, კარდიოქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი გახლავთ.

მისი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაც ცნობისმოყვარეობა იყო. ჯერ კიდევ მოწაფეობისას წარუდგინეს ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, რადგან მეცნიერების მიმართ დიდ ინტერესს ამჟღავნებდა. ცდებსა და ექსპერიმენტებში აქტიურად მონაწილეობდა, რამდენიმე მოხსენებაც წაიკითხა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში. კლუბთან ურთიერთობა სტუდენტობის წლებშიც გააგრძელა.

სტუდენტობა

70-იან წლებში სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა ერთგვარი საჯილდაო ქვა იყო. მასაც თითქოს სპორტული ინტერესი გაუჩნდა, ეს სირთულე დაეძლია.

ქირურგობა გადაწყვიტა, თუმცა ბოლომდე არც კი ჰქონდა გაცნობიერებული არჩევანის მნიშვნელობა. პირველი ორი წელიწადი ჩვეულებრივი სტუდენტური ცხოვრებით ცხოვრობდა, მესამე კურსზე კი იგრძნო, რომ საუნივერსიტეტო რუტინა მის ცნობისმოყვარე ბუნებას ვერ აკმაყოფილებდა.

– სამედიცინო ინსტიტუტს ჰქონდა დიდი ექსპერიმენტული სამსახური, რომელსაც პროფესორი გივი დუმბაძე ხელმძღვანელობდა. ამ სამსახურის ლაბორატორიის ხშირი სტუმარი გავხდი. საბჭოთა პერიოდში თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ დაკვეთას ვასრულებდით – ვირთხებზე ტრავმულ შოკებს შევისწავლიდით. რასაკვირველია, არ მქონია ილუზია, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვაკეთებდი, მაგრამ სტუდენტისთვის ეს საკმაოდ კარგი გამოცდილება გახლდათ – თეორიის სწავლასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ვიძენდი და მეცნიერული მუშაობის მიმართ ინტერესს, ასე თუ ისე, ვიკმაყოფილებდი.

ორდინატურა ქირურგია-რეანიმაციის მიმართულებით ქალაქის მერვე საავადმყოფოში, ზოგადი ქირურგიის კათედრაზე, პროფესორ გურამ ტატიშვილის ხელმძღვანელობით გაიარა. შემდეგ ბაკულევის სახელობის ინსტიტუტში ასპირანტის ვაკანსია გამოჩნდა და ზვიად ბახუტაშვილიც მოსკოვში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად.

– ვინაიდან ზოგადი ქირურგიის კარგი სკოლა მქონდა გავლილი, ორ-სამ თვეში უკვე საკმაოდ მყარი პოზიცია დავიკავე. დისერტაცია "უპატრონოდ" დავიცავი, რადგან ჩემი ხელმძღვანელი ვიქტორ კერცმანი იმ დროს უკვე ისრაელში იყო იმიგრირებული, თუმცა მისდამი უდიდეს მადლიერება დღემდე მომყვება. საქმე ის არის, რომ როდესაც მუშაობა გინდა, ყველა და ყველაფერი ხელს გიწყობს... იმ დროისთვის შუნტირება ყველაზე მაღალი ლეტალობის ოპერაციად მიიჩნეოდა. მე და ორ რუს ასპირანტს ამ ოპერაციის დამოუკიდებლად ჩატარების უფლება მოგვცეს. ეს ამბავი ბაკულევის ინსტიტუტში მეხივით გავარდა...

რუსეთიდან 90-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა. 1993 წლის ივნისში საქართველოში პირველი კორონარული შუნტირება ჩაატარა. დარწმუნებული იყო, ეს მიმართულება სწრაფად განვითარდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა – ქვეყანა კრიზისმა მოიცვა და მედიცინის განვითარებაც შეჩერდა. რუსეთში მიიწვიეს. არ წავიდა, სხვა გზების ძიება დაიწყო – ჯერ სამხრეთ აფრიკაში, მერე არგენტინაში გამგზავრებას გეგმავდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ყველა წამოწყებაში ხელი შეეეშალა.

ევროპული კოლეგიალობა

– 90-იან წლებში საქართველო ჰუმანიტარული დახმარების ობიექტი იყო. ერთ-ერთი ასეთი პროექტის ფარგლებში პოლონეთიდან ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა, მედიკამენტები და აპარატურა ჩამოიტანა. ერთი თვის განმავლობაში ატარებდნენ კარდიოქირურგიულ ოპერაციებს და ქართველ ექიმებს გამოცდილებას გვიზიარებდნენ.

საერთაშორისო პროგრამებში აქტიურად ჩავერთე. ჩემი მონდომების შემხედვარე უცხოელი კოლეგებიც მხარში ამომიდგნენ. სწორედ მათმა მხარდაჭერამ მომცა შესაძლებლობა, ევროპაში ამემაღლებინა კვალიფიკაცია იმ პროექტების ფარგლებში, რომლებსაც ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაცია ახორციელებდა აღმოსავლეთი ევროპის ექიმებისთვის.

ჰანს ბორსტი კარდიოლოგიისთვის დაახლოებით იმ რანგის ფიგურაა, რაც ლენინი – ოქტომბრის რევოლუციისთვის. ყოველთვე ვწერდი და პროექტში ჩართვას ვთხოვდი. თქვენი წერილებით თუ ვიმსჯელებთ, მაღალი მოტივაცია გაქვთო, მომწერა და საბოლოოდ, მისი შუამდგომლობით და ევროპის კარდიოთორაკალური ქირურგიის ასოციაციის გრანტით, ექვსი თვით ტიუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის გულის ქირურგიის განყოფილებაში მიმავლინეს, სადაც მრავლად იყვნენ ბორსტის ნამოწაფრები. მეც ამ ადამიანის ქოლგის ქვეშ მოვხვდი, თუმცა ევროპაში ეს საკმარისი არ არის – თავადაც უნდა დაამტკიცო, რომ რამედ ღირხარ. ერთ დღეს მითხრეს, ბატონი ბორსტი ტელეფონთან გთხოვთო. იმ დროს მასზე დიდი ადამიანი ვერ წარმომედგინა და მუხლების კანკალით მივედი ტელეფონთან, რამდენიმე წამის შემდეგ კი აღარც მახსოვდა, რომ კარდიოქირურგიის კორიფეს ვესაუბრებოდი – უშუალობა და თავმდაბლობა დიდი ადამიანების თვისებაა.

ნდობა და პატივისცემა გერმანელმა კოლეგებმა იმით გამოხატეს, რომ ბატონ ზვიადს გერმანიის მოქალაქისთვის ოპერაციის ოფიციალურად, დამოუკიდებლად ჩატარების უფლება მისცეს:

– პარადოქსულია, მაგრამ საქართველოსთვის ეს ძალიან ბნელი პერიოდი მე ნათელ მოგონებად დამრჩა, რადგან ევროპული კვალიფიკაცია ერთგვარ პროფესიულ ტრამპლინად მექცა.

საქართველოში დაბრუნებულს კვლავ უპერსპექტივობის განცდა დაეუფლა. გერმანიაში საემიგრაციოდ საბუთებს აწესრიგებდა, როდესაც აკადემიკოსი გულიკო ჩაფიძე შეეხმიანა და თანამშრომლობა შესთავაზა პროექტში, რომლის განხორციელებასაც სწორედ გერმანელებთან ერთად აპირებდა. პროექტის ერთ-ერთი სპონსორი გენშერ-შევარდნაძის ფონდი იყო. ბატონმა ზვიადმაც ისევ საქართველოში დარჩენა არჩია. ტრენინგები ამჯერად ბად-კროცინგენის გულის ცენტრში გაიარა, რომელიც მნიშვნელობით მესამე კარდიოლოგიური ცენტრია ევროპის მასშტაბით:

– არასოდეს დავიშურებ მადლიერების სიტყვებს ჩემი გერმანელი კოლეგების მიმართ, რომლებთანაც უკვე მეგობრული ურთიერთობაც მაკავშირებს. ჩვენი პროექტიც ნელ-ნელა დაიძრა ადგილიდან და მისი ხელმძღვანელობაც სულ მალე მე დამეკისრა.

დარგის ნოვატორი

2001 წელს ზვიად ბახუტაშვილმა ჩაფიძის ცენტრში პირველი გულის ოპერაცია ჩაატარა. დღეს მის მიერ ჩატარებული ოპერაციების რიცხვი ათი ათასს აღწევს. ბევრი პაციენტი გადაარჩინა, ბევრი სპეციალისტი აღზარდა. ბატონი ზვიადის სახელს უკავშირდება ყველა კარდიოლოგიური სიახლე, რომელიც კი ჩვენს ქვეყანაში დაინერგა, აღმოსავლეთ ევროპაში პირველი მინიინვაზიური ოპერაცია და რთული რეკონსტრუქციები:

– ხუთი წელია, რაც აორტის სარქვლის პროთეზირების იაპონური მეთოდი დავნერგეთ. ჩვენს კლინიკაზე მეტი გამოცდილება ამ კუთხით მხოლოდ მიუნხენის სამედიცინო ცენტრს აქვს. ამ თემაზე არაერთი მოხსენებაც წარვადგინეთ საერთაშორისო დონეზე. ჰარვარდის სამედიცინო ფაკულტეტის სტატისტიკის რეგისტრში ჩაგვრთეს როგორც ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა. ჩვენთან ხდება აორტის სარქვლის არა მხოლოდ ჩანაცვლება, არამედ აღდგენაც და გულის პერანგისგან მისი შექმნაც, რაც ერთ-ერთი საჯილდაო ქვაა მედიცინაში.

სამედიცინო ტურიზმი

– საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სამსახური არ გვაქვს, მაგრამ პაციენტები ერმანეთისგან იგებენ ქართული კარდიოქირურგიის შესაძლებლობების შესახებ და ბევრი მოგვმართავს მეზობელი ქვეყნებიდან. გეგმური ოპერაციები ერთი თვით ადრე მაქვს გაწერილი. ჩემს პაციენტებს შორის არიან კანადის, სლოვენიის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში მკურნალობა გაცილებით იაფია, ვიდრე ევროპაში.

ჩვენი ქვეყნიდან კარდიოლოგიური პათოლოგიების სამკურნალოდ საზღვარგარეთ იშვიათად მიდიან, ისიც – უმეტესად გადანერგვისთვის. ქირურგიული თვალსაზრისით ეს არ არის რთული ოპერაცია, მაგრამ დონორების მოძიებაა ჭირს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მცირერიცხოვანია და ამიტომ ეს საკითხი მწვავედ დგას. ჩვენ რომ მოგვეხერხებინა და პრობლემის მოსაგვარებლად თუნდაც ამიერკავკასიის ალიანსი შეგვექმნა, ბევრ წარმატებას მივაღწევდით, და არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც. დღესაც გვაქვს შესაძლებლობა, ამ იდეის თაოსნები გავხდეთ. მით უმეტეს, რეგიონში საქართველოს ექიმების მიმართ ნდობის ხარისხი, ტრადიციულად, მაღალია.

პროფესიული მეგობრობა

– კეთილგანწყობის საფუძველი გულწრფელობაა. მეგობრები, რომლებიც გულს მითბობენ, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც მრავლად მყავს. მეც იმავეთი ვპასუხობ – ეს გრძნობა მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს. არსებობს პროფესიული მეგობრობაც, რომელსაც გულწრფელობასთან ერთად პროფესიონალიზმიც ასაზრდოებს. პროფესიული სოლიდარობა ძალიან მაღალია ჟურნალისტებში, სპორტსმენებში, ექიმებში... შესაძლოა, არ იცნობდე, მაგრამ დიდ პატივს სცემ კოლეგას, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა, აფასებ მის შრომას და გინდა, შენი ძალისხმევაც დააფასოს. ეს ძალიან ღირსეული მეგობრობაა.

თავისუფალი დრო

– ჩემი დრო და გონება სრულიად აქვს დაპყრობილი კარდიოქირურგიას, თუმცა წყლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ცურვის სიამოვნებაზე უარს ვერ ვამბობ. კითხვაც მიყვარს, მაგრამ უდროობის გამო მხატვრულ ლიტერატურას ისევ პროფესიულს ვამჯობინებ და ეს არანაკლები სიამოვნებაა. როდესაც სამედიცინო ამოცანის ამოხსნას ცდილობ და ამ პრობლემის გადაჭრის აკადემიურ გზას გთავაზობენ, ეს იგივეა, რაც კულმინაციის შემდეგ კვანძის გახსნა – ღამეს რომ გაათევ, წიგნს რომ ვერ მოსწყდები, ისე ჩაგითრევს და გაგიტაცებს.

ოჯახი

ბატონი ზვიადის მეუღლე, ლია ჯანელიძე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია. მათ შეხვედრას დამთხვევების უცნაური ჯაჭვი უძღვოდა წინ: აღმოჩნდა, რომ მოსკოვში ერთსა და იმავე ინსტიტუტში სწავლობდნენ, ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობდნენ, ოღონდ ორთვიანი შუალედით:

– თითქოს მის ნაკვალევს მივყვებოდი... ერთმანეთი ისევ თბილისში გავიცანით. ქალიშვილი გვყავს. მანაც ექიმობა ისურვა, მაგრამ კარდიოქირურგობა გადავაფიქრებინე. თანასწორობის მომხრე ვარ, მაგრამ ეს საქმე ქალბატონებისთვის შესაფერისად მაინც არ მიმაჩნია. არა იმიტომ, რომ ვერ დაძლევენ, არამედ იმიტომ, რომ მაღალი რანგის კარდიოქირურგობისა და დედობის ერთმანეთთან შეთავსება ძალიან ძნელია. კარდიოქირურგიას კი, მისდამი ჩემი უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, დედობას გვერდით ვერ დავუყენებ.

– თავად როგორი მამა ხართ?

– ალბათ, არცთუ საუკეთესო, რადგან იშვიათად ვპოულობ დროს შვილთან ურთიერთობისთვის, მაგრამ მიმაჩნია, რომ მთავარი გულწრფელობაა. ამას შვილი აუცილებლად დაგიფასებს.

პასუხისმგებლობა

– არა მხოლოდ მედიცინაში – ნებისმიერ დარგში პროგრესისთვის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იტვირთოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. დავიწყოთ თუნდაც ელემენტარულით – ქუჩაში ნაგავი არ დავყაროთ, მოძრაობის წესები დავიცვათ, გავიაზროთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენ მიერ დაქირავებული საჯარო მოხელეები არიან და მათი მოვალეობაა ჩვენს კეთილდღეობაზე, ქვეყნის პროგრესზე, განათლების, ჯანდაცვისა თუ სამართალდამცავი სტრუქტურების გამართულ მუშაობაზე ზრუნვა.

უპასუხისმგებლობაა ისიც, როცა ექიმბაში ამა თუ იმ დაავადების მკურნალობას იჩემებს, ადამიანების ნდობით სარგებლობს და თავისი მერკანტილური ინტერესების გამო მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად კი, უპირველეს ყოვლისა, სათანადო განათლება გვჭირდება.

ყველაზე დიდი გულისტკივილი

– 1992 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროსთან ვთანამშრომლობ დარგის განვითარების მიმართულებით. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში არც ერთმა ხელისუფლებამ არ გამოამჟღავნა ნება, რომ პაციენტის ბედი დამოკიდებული იყოს არა ექიმის კეთილსინდისიერებასა თუ განწყობაზე, არამედ გამართულ სისტემაზე, რომელიც დაგვიცავს ჰიპერდიაგნოსტიკისგან, არასწორი მკურნალობისგან, არასწორი დამოკიდებულებისგან... ეს დღემდე ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილია.

სისტემის მშენებლობისთვის აუცილებელია ჯანდაცვის ადმინისტრატორებისა და მოქმედი ექიმების მჭიდრო, კოორდინირებული მუშაობა, რომლისთვისაც ამოსავალი პაციენტის ინტერესები იქნება.

თუ მედიცინა არ გავმართეთ, ჩვენს ქვეყანაში ვერავინ იქნება დაცული. ნუ გექნებათ იმედი, რომ სამედიცინო დახმარებას საზღვარგარეთ მიიღებთ, რადგან იქამდე შესაძლოა პირველადი რგოლის მომსახურებით მოგიწიოთ სარგებლობა. მას კი სერიოზული რესტრუქტურიზაცია სჭირდება.

ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს არაჩვეულებრივი მეცენატები ჰყავდა. ინიშნებოდა სტიპენდიები, რომ ქვეყანაში პროფესიონალები გვყოლოდა. ეს ტრადიცია უნდა აღდგეს. რენტგენის აპარატი გამოგონებიდან ერთი წლის შემდეგ თბილისში იყო და დიაგნოსტიკას ემსახურებოდა – ცნობილმა ქართველმა ექიმმა, ილია ჭავჭავაძის მეგობარმა მიხეილ გედევანიშვილმა ჩამოიტანა პარიზიდან. აი, ასე პროგრესულად აზროვნებდნენ ჩვენი წინაპრები ასი წლის წინ, იცოდნენ, რაში დაებანდებინათ ფული და უფრო დიდი პატრიოტებიც იყვნენ.

გონივრული ინვესტიცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ნახტომისებური განვითარების საფუძველია. კოვიდ-19–მა ჯანდაცვის სფეროში პრობლემების არსებობა ნათლად დაგვანახა. სისტემა თუ არ გავაჯანსაღეთ, დაუცველები დავრჩებით.


თამარ ციბალაშვილი

ჟურნალი ავერსი №189 
იხილეთ ბმული

დაგვიმეგობრდით

trance