რუსუდან ათანეზოვი, "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" ექთანი
"15 წელი კარდიოლოგიის დეპარტამენტში, სტაციონარში ვიმუშავე, ბოლო ერთი წელი კი, მინის კარს მიღმა, კოვიდის რეალობაში ვცხოვრობ.თავიდან ძალიან რთული იყო, ასე, პირისპირ და მკაფიოდ, სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე, მანამდე, არასდროს ვყოფილვარ. ჩვენს დეპარტამენტში მოხვედრილი არცერთი პაციენტი არ დამავიწყდება, განსაკუთრებით - ერთი, 85 წლის ქალბატონი, რომელიც ხშირად გვიმეორებდა რომ სიცოცხლე ძალიან უნდოდა. მთელი დღე ვანუგეშებდით და ვცდილობდით დაგვერწმუნებინა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ასეთ დროს, თითქოს, შენს მთელ ენერგიას პაციენტს აძლევ და თან ელოდები რომ ეს ყველაფერი დაგიფასდება და ადამიანი გადარჩება. მისი გადარჩენა, ღიმილი - გამარჯვებაა. რაც მთავარია, პაციენტის გაწერის დღეს, მთელი დახარჯული ენერგია უკან გიბრუნდება.
ასე იყო ჩვენი 85 წლის ბებოს შემთხვევაშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გუნდი, რომელთან ერთადაც გიწევს ბრძოლა. რომ არა თანამშრომლების ერთსულოვნება, ჩვენი განყოფილება ამხელა წარმატებას, ალბათ, ვერ მიაღწევდა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ერთმანეთზე ზრუნვითა და რეკომენდაციების დაცვით, ყველაფერს გავუმკლავდებით!""ერთად გავუმკლავდეთ“ - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ. "კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - "ერთად გავუმკლავდეთ“ - კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.
#ერთადგავუმკლავდეთ#ვაქცინაგვიცავს#ჯანდაცვა2021#ჯეს#გავუმკლავდეთ #ჩაფიძისგულისცენტრი