როგორ უნდა წარიმართოს მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი

როგორ უნდა წარიმართოს მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი

ჟურნალი "ოჯახის მკურნალი"
იანვარი, 2022


მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გადატანის შემდგომ ადამიანი სრულფასოვან ცხოვრებას რომ დაუბრუნდეს, აუცილებელია რეაბილიტაცია. რას მოიცავს რეაბილიტაციის პროცესი, ამ საკითხზე "ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი ნონა დოლიძე გვესაუბრება.


  • ქალბატონო ნონა, რამდენად მნიშვნელოვანია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი? 
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტგადატანილთა შორის ყველაზე დიდია სიკვდილობისა და რეკურენტული, ანუ გულის კუნთის განმეორებითი ინფარქტის განვითარების შანსი. აღნიშნულს განაპირობებს არსებული ათეროსკლეროზული პროცესი, რომელსაც ხშირად აგრესიული ხასიათი აქვს და ძალიან ჩქარი ტემპით აზიანებს კორონარულ არტერიებს. ეს ეხება განსაკუთრებით იმ პაციენტებს, რომელთაც მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ჩაუტარდათ მიოკარდიუმის რევასკულარიზაცია, რაც უხშირეს შემთხვევებში ხდება. იგულისხმება კორონარული შუნტირების ოპერაცია და კორონარული სტენტირება. ამის გამო მიმდინარე ათეროსკლეროზული პროცესი აზიანებს არამხოლოდ ნატიურ არტერიებს, არამედ სტენტებსა და შუნტებსაც. თვით სრული და წარმატებით ჩატარებული რევასკულარიზაციის შემდეგ რესტენოზები და ვენური შუნტების სტენოზები კორონარული შუნტირების ოპერაციისა და კორონარული ანგიოპლასტიკა/სტენტირების "აქილევსის ქუსლად“ რჩება. ეს სწორედ  ის მნიშვნელოვანი არგუმენტებია, რაც რეაბილიტაციის ჩატარების აუცილებლობას განაპირობებს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გადატანის შემდეგ. მსოფლიოს სამი ყველაზე ავტორიტეტული კარდიოლოგიური ორგანიზაციის - ამერიკის გულის ასოციაციის, ამერიკის კარდიოლოგიური კოლეჯისა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ გულის კორონარული დაავადებით პაციენტთა მკურნალობის სქემაში კარდიული რეაბილიტაციის ჩართვა ნაჩვენებია ყველაზე მაღალი კლასისა და დონის რეკომენდაციებით. მიმდინარე საუკუნეში მსოფლიოს ქვეყნებში უამრავი კვლევაა ჩატარებული, რომელთა შედეგები ადასტურებს მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ მკურნალობის აღნიშნული მიმართულების  მკვეთრად პოზიტიურ მნიშვნელობას დაავადების კლინიკურ გამოსავალზე, სიკვდილობაზე, კორონარული შუნტირებისა და სტენტირების შედეგებზე, ინფარქტით გამოწვეული გულის უკმარისობის მიმდინარეობაზე. ვინაიდან ჩვენ თანამედროვე მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებისა და ევროპის წევრი ვართ, აღნიშნული საერთაშორისო რეკომენდაციის მიხედვით, ყველა კარდიოლოგიურ ჰოსპიტალს, სადაც რეაბილიტაციის სისტემა ფუნქციონირებს, შეუძლია იამაყოს სრულყოფილი კარდიოლოგიური სამსახურის არსებობით, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის მიხედვით ძალიან მაღალი რისკის ქვეყნების რიცხვშია როგორც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დიდი უმრავლესობა. 
  • რა მიზანს ისახავს ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია?
  • მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია იწვევს გვირგვინოვან არტერიებში ათეროსკლეროზული პროცესის შეფერხება/შეჩერებას, რის საფუძველზეც მნიშვნელოვნად მცირდება სიკვდილობის, ინფარქტის ახალი ინციდენტების, გართულებების, კორონარული შუნტირებისა და სტენტირების განმეორებითი შემთხვევების, რეჰოსპიტალიზაციის რისკი, ასევე მნიშვნელოვნად იკლებს დეპრესია და შფოთვა, რაც ასე დამახასიათებელია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და მის შემდგომ პერიოდში. ამის შედეგად უმჯობესდება პაციენტის ფუნქციური უნარი, ანუ ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობა, ცხოვრების ხარისხი და იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა. აი, ეს არის ცალსახად რეაბილიტაციის უშუალო მიზანი. დამეთანხმებით, რას უნდა ველოდეთ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდისგან ამაზე მეტს.
  • როდის უნდა დაიწყოს რეაბილიტაცია?
  • ყველა კარდიოლოგს, ვისაც გასულ საუკუნეში პაციენტებთან უმუშავია, კარგად ახსოვს, რამდენად ხანგრძლივდებოდა პაციენტის წოლითი რეჯიმი და მობილიზაცია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პერიოდში. პაციენტის საწოლში იმობილიზაცია მკურნალობის რუტინული მეთოდი იყო მაშინაც კი, როცა ინფარქტი გაურთულებლად მიმდინარეობა. ეს დაავადება ვარჯიშზე დამყარებული კარდიორეაბილიტაციის სრულ წინააღმდეგ ჩვენებად ითვლებოდა. ამჟამად კი ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა, რეაბილიტაცია პაციენტის მკურნალობის სტანდარტი გახდა, რადგან საკმაოდ ანთელია ამ არასასურველი ადინამიის ნეგატიური გავლენა მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობასა და პროგნოზზე, რეაბილიტაციის პროცედურები იწყება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პერიოდში, მაშინვე, როგორც კი პაციენტის კლინიკური სტატუსი სტაბილურია და არ არის ინფარქტით გამოწვეული მძიმე გართულებები, მაგალითად, გულის მწვავე უკმარისობა, არაკონტროლირებადი არითმია, არტერიული წნევის მყარი ელევაცია და ა.შ.
  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს რეაბილიტაციის პროცესი და რაზეა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებული?
  • ამ კითხვაზე შემიძლია ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაგცეთ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კარდიული რეაბილიტაცია (იგულისხმება გულის კორონარული დაავადება, უპირველესად, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი) უნდა იყოს პაციენტის მკურნალობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ფაქტობრივად, მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში.
  • რა ეტაპებს მოიცავს და რას გულისხმობს ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია?
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სემდეგ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის არის, რომ პაციენტი კლინიკიდან გაეწეროს დამაკმაყოფილებელი კლინიკური სტატუსით, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამ კლინიკური სტატუსის შენარჩუნებაა. მიოკარდიუმის ინფარქტის მკურჯნალობა ორიენტირებული უნდა იყოს დაავადების როგორც ახლო, ისე შორეულ კლინიკურ გამოსავაალზე. ამიტომ, ტრადიციულად, კარდიული რეაბილიტაციის 3 ფაზა არსებობს:
    I ფაზა ჰოსპიტალურია და ტარდება ჰოსპიტალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
    II ფაზა ამბულატორიულია, იწყება პაციენტის ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ 2-6 კვირაში და გრძელდება წლების განმავლობაში, იდეალურად - პაციენტის მთელი ცხოვრების მანძილზე.
    კარდიორეაბილიტაციის I - ჰოსპიტალური ფაზა გულისხმობს იმობილიზებული და დეკონდიცირებული პაციენტის მობილიზაციას, მის ფიზიკურ აქტივაციასა და ადაპტაციის კომპლექსური ფიზიოთერაპიული პროცედურების საშუალებით სპეციალურად შედგენილი ინდივიდუალური პროგრამების და გახანგრძლივებულად ნელი პროგრამები, რაც პაციენტის კლინიკური სტატუსის სიმძიმეზეა დამოკიდებული.
  • კარდიორეაბილიტაციის II და III - ამბულატორიული ფაზა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ველოერგოტრენაჟორზე მკაცრად დოზირებულ და რეგლამენტირებულ ტრენინგებს სპეციალური ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამებით და საჭიროებს კომპეტენტური კარდიოლოგის მკაცრ სუპერვიზებას რისკის წინასწარი სტრატიფიკაციისა და ჩვენება/წინააღდმეგჩვენების გათვალისწინებით.
    აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პაციენტი, რომელსაც გადატანილი აქვს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ფიტნეს დარბაზებში ვარჯიშობს ისე, რომ არც კი იცის, მის გულს რა დატვირთვის ატანა შეუძლია. ეს არადოზირებული ვარჯიშემის ექიმის მეთვალყურეობის გარეშე დაუშვებელია და შესაძლოა სავალალო შედეგითაც კი დამტავრდეს. ასე რომ, ამ ვერაგი დაავადების გადატანის შემდეგ ფიზიკური აქტივობა მკაცრად უნდა იყოს ექიმის მიერ  რეკომენდებული. ჩვენ კლინიკაში ტარდება ე.წ. სიარულის ტესტი, რომლის შედეგების მიხედვით ვაფასებთ არამხოლოდ მოცემულ მომენტში პაციენტის ფუნქციურ უნარს, არამედ ვაძლევთ რეკომენდაციებს, თუ როგორი უნდა იყოს კონკრეტულად მისთვის უსაფრთხო სავარჯიშო გულისცემის სიხშირე (პულსი) და ფიზიკური დატვირთვის დონე.
  • რამდენ ხანშია შესაძლებელი ფიზიკური აქტივობა და როგორ უნდა გაიზარდოს მისი ინტენსივობა?
  • უკვე აღვნიშნე, რომ ფიზიკური აქტივობა იწყება მაშინვე, როგორც კი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი დასტაბილურდება, არ ახლავს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. უხშირეს შემთხვევაში რეაბილიტაცია იწყება ჰოსპიტალიზაციის პირველივე დღებიდან დაგრძელდება სტაციონარში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, ბინაზე გაწერის დღის ჩათვლით. რეაბილიტაციის პროცესი სრულდება თითოეული პაციენტისთვის შედგენილი პროგრამის მიხედვით როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში და დამყარებულია ფიზიკური დატვირთვის 3 ძირითად პარამეტრზე - ინტენსიცობა, ხანგრძლივობა და სიხშირე. სამივე პარამეტრი დოზირებულად კორექტირდება თითოეული პაციენტის კლინიკური სტატუსის და ფიზიკური დატვირთვის უნარის მიხედვით, რეაბილიტაციის ექიმისა და რეაბილიტოლოგის მიერ.
  • რას მოიცას ფიზიკური აქტოვობა?
  • ფიზიკური თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ გულისხმობს აერობულ, რეზისტენტულ, რესპირატორულ, სტატიკურ და დინამიკურ ვარჯიშებს. მძიმე კატეგორიის პაციენტთა (საწოლში იმობილიზაცია, ინტუბირებული, უგონო მდგომარეობა) დროული მობილიზაციისთვის რუტინული რეაბილიტაციის პარალელურად, ხშირ შემთხვევაში, გამოიყენება დამატებითი მეთოდები. ერთ-ერთი მათგანია საწოლის ერგომეტრით პასიური და აქტიური დოზირებული ვარჯიშები.
  • რამდენად მნიშვნელოვანია და რას გულისხმობს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია?
  • ლოგიკური კითხვაა. ფსიქოლოგიური სამსახურის ინტეგრაცია რეაბილიტაციის პროგრამაში კარდიული რეაბილიტაციის ინტეგრალური კომპონენტია. იგი ფუნქციონირებს პაციენტის მართვის ორივე - ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ ეტაპზე. ამ სერვისი აუცილებლობას განაპირობებს ის ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც საკმაოდ ხშირად თან ახლავს მიოკარდიუმის ინფარქტს და მნიშვნელოვნად აუარესებს მის გამოსავალს. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება დეპრესიული სიმტპომატიკისა და შფოთვის სახით.
  • რა არ შეიძლება ინფარქტის გადატანის შემდგომ? 
  • რამდენად რთულიც უნდა იყოს ცხოვრების სტილის შეცვლა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ეს აუცილებელი ხდება. სიცოცხლე მშვენიერია და ყველაფერი მავნე მასთან შედარებით არარაობა!
    ცხოვრების სტილის შეცვლის 6 ძირითად პარამეტრს ჩამოგითვლით:
    1. ჯანსაღი კვება - უპირველესად;
    2. სხეულის წონის კორექცია სხეულის მასის ინდექსის მიხედვით. იგი გამოითვლება სხეულის წონის გაყოფით სიმაღლეზე და არ უნდა აღემატებოდეს 25კგ/მ²-ს;
    3. სისხლში "ცუდი“ ქოლესტეროლის სამიზნე დონის მიღწევა;
    4.სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზება;
    5. რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
    6. თამბაქოს მოხმარების აკრძალვა.
    როგორც უკვე აღვნიშნე, პაციენტებს, რომელთაც მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი გადაიტანეს, ყველაზე მეტად აქვთ სიკვდილობისა და გულის კუნტის განმეორებითი ინფარქტის განვითრების შანსი. ხშირ შემთხვევაში, მათ უტარდებათ ე.წ. ინფარქტმოკიდებული არტერიის სტენტირება, შესაძლოა ჩაუტარდეთ კორონარული შუნტირების ოპერაცია. სირად პაციენტი კლინიკიდან ეწერება და ფიქრობს, რომ მკურნალობის გაგრძელება და შეზღუდვები აღარ არის საჭირო, რადგან ჩივილები აღარ აქვთ. ზოგჯერ ასეთ კითხვასაც სვამენ: "რისთვის ჩავიტარე სტენტირება (ან შუნტირება) თუ ისევ წამლები უნდა მივიღო, არ მოვწიო, არ დავლიო, არ ვჭამო ის, რაც ემტვის სასურველია?“ ჩვენ კი მარტივად ვუხსნით, რომ ამ ჩარევებით დაავადების გამომწვევ მიზეზს კი არ უმკურნალეს, არამედ შედეგს და სამწუხაროდ, გულის კუნთის ინფარქტი არა მხოლოდ ერთხელ, მეორედ და რამდენჯერმეც შეიძლება განვითარდეს, რადგან ათეროსკლეროზი თუ არ შეაჩერე, ის აგრძელებს პროგრესირებას, ხშირ შემთხვევაში, აგრესიულადაც. აქვე სიტყვამ მოიტანა და მინდა აღვნიშნო, რომ რეაბილიტაცია აუცილებლად ინტეგრირებულია მეორეულ პრევენციასთან, ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. მისი უმნიშვნელოვანესი მიზანი რისკის ფაქტორების მკაცრი კონტროლი და მართვაა, რაც განაპირობებს ათეროსკლეროზულიი პროცესის ტემპის შეფერხება/შეჩერებას, ეს კი მშეუძლებელია პაციენტის ინფორმირებულობისა და ამ კუთხით განათლების გარეშე. ჩვენ საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ პაციენტების განათლებას. მე პირადად ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი პაციენტები, რომელთაც გადაიტანეს გულის კუნთის ინფარქტი, ჩატარებული აქვთ კორონარული სტენტირება თუ შუნტირება, სრულყოფილად ინფორმირებულნი არიან თავიანთი დაავადებისა და ინტერვენციის შესახებ. ყველა მათგანს ურიგდება სპეციალურად პაციენტებისთვის შედგენილი ვრცელი ბროშურა ბუკლეტები, ეს ყოველივე ჩვენ, ექიმებს ძალიან გვეხმარება მკურნალობის სწორად წარმართვაში. ხშირად ვეუბნები პაციენტებს, რომ მათ თავად შეუძლიათ სწორად მართონ დაავადება ექიმის დახმარებით.
  • როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი? 
  • პირველი ნაბიჯი ათეროსკლეროზის პრევენციისთვის ჯანსაღი კვებაა. ადამიანის ორგანიზმში არსებული ყველა ორგანოთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია სწორ, ჯანსაღ კვებასთან. ჯანსაღია ისეთი კვება, რომელიც ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს. რეკომენდებულია საკვები რაციონის ყოველდღიურად გამდიდრება იმ პროდუქტებით, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ბოჭკოს, ანუ უჯრედისს, განსაკუთრებით ხილითა და ბოსტნეულით. ხილი და ბოსტნეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტებია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ორგანოთა და ქსოვილების ნორმალური და სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. მათი ასეთი დიდი სარგებელი განპირობებულია ბოჭკოს ანუ უჯრედისის შემცველობით, რომლის ენერგეტიკული მნიშვნელობა ცხიმებთან შედარებით, მართალია, საკმაოდ დაბალია, თუმცა ყველაზე სასარგებლო სწორედ ბოჭკოა. გარდა ამისა, ისინი შეიცავენ მცენარეულ ცილას, ვიტამინებს, მინერალურ ელემენტებს. უჯრედისს ორგანიზმის "გამწმენდი“ ფუნქცია აქვს. ბუნებრივია, რომ კუჭ-ნაწლავის რეგულარული გასუფთავება აუცილებელი პირობაა მისი სწორი ფუნციონირებისთვის. სწორედ ამ პირობის შესასრულებლად სჭირდება ორგანიზმს უჯრედისი. უჯრედისით მდიდარე საკვების მთვარი მიზანია ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისა და შლაკებისგან. თანამედროვე ევროპული გაიდლაინის რეკომენდაციაა 30-45 გრამი ბოჭკო დღეში.
    თევზი სასურველია შევარჩიოთ ცხიმიანი (უმჯობესია არაკონსერვირებული), განსაკუთრებით ოკეანის, მაგალითად, ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია, კამბალა, ასეთი თვზი შეიცავს "სწორ“ ცხიმებს, რომელიც ეხმარება ჩვენს არტერიებსა და გულს. თანამედროვე ევროპული რეკომენდაციების მიხედვით, თევზი ანტიათეროგენული დიეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი უნდა მიირთვათ სულ მცირე, 2-ჯერ კვირაში, მათ შორის ერთხელ მაინც ცხიმიანი თევზი.
    ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ცხიმებს. მართალია, ისინი ჩვენი ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენენ, თუმცა სწორედ ცხიმოვანი მჟავები ახდენს ძირითად გავლენას ქოლესტეროლის კონცენტრაციაზე. უპირველეს ყოვლისა, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები უნდა ჩანაცვლდეს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რაც დაკავშირებულია ცუდი ქოლესტეროლის რაოდენობის შემცირებასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოველური ცხიმი შეიცვალოს ომეგა 3-ითა და ომეგა 6-ით. ომეგა 3 ძირითადად არის თევზის ცხიმში, ნიგოზში, თხილში და აქვს კარგად ცნობილი კარდიოპროტექტორული ("გულის დამცველი“) მოქმედება. ომეგა-6 ძირითადად მცენარეული წარმოშობის პროდუქტებშია, იგი შედის მცენარეული ზეთების უმეტესობის შემადგენლობაში, მაგალითად, მზესუმზირას და სიმინდის ზეთში, რომელსაც ჩვენ ძირითადად მივირთმევთ და ნაკლებად სასარგებლოა. გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მათი ხშირი, ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს "კარგი“ ქოლესტეროლის კონცეტრაციის შემცირებას სისხლში. ანთიათეროგენული დიეტის "ოქროს სტანდარტად“ ითვლება ზეითუნის ზეთი, რომელიც შეიცავს მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს და ხმელთაშუა ზღვის დიეტის ძირითადი კომპონენტია. ზომიერებაა საჭირო ომეგა-3-თან დაკავშირებითაც. ჯერ ერთი, მისი ბუნებრივი სახით მიღება უფრო მეტად არის სასურველი, ვიდრე პრეპარატის სახით. მისი ფარმაკოლოგიური დოზაა 2-3 გრამი დღეში, აქვეითებს ტრიგლიცერიდების კონცეტრაციას სისხლში. ამაზე მაღალმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს "ცუდი“ ქოლესტეროლის სიჭარბე და წონის მომატება. ტრანსუჯერი ცხიმოვანი მჟავები ცხიმების ყველაზე ცუდი სახეა და მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, უმჯობესია საერთოდ აიკრძალოს. ბევრ ქვეყანაში აკრძალულია კიდეც მისი წარმოება და პროდუქტების შეფუთვაზეც კი მითითბულია: "შეიცავს 0 გრამ ტრანსცხიმებს“. აღნიშნული ცხიმოვანი მჟვები ორგანიზმში არ გამომუშავდება, მიიღება ჰიდროგენიზაციის პროცესის შედეგად, როდესაც ხდება წყალბადის დამატება მცენარეულ ზეთზე მისი გამკვრივების მიზნით. ორგანიზმს არ გააჩნია ამ ცხიმოვანი მჟავების დაშლისა და გამოდევნის უნარი, იწვევს მრავალ პათოლოგიას, მათ შორის ონკოლოგიურ დაავადებებს, "ცუდი“ ქოლესტეროლსი დონის მომატებასა და "კარგი“ ქოლესტეროლის დონის შემცირებას.
    დაგისახელებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების პრენეციისთვის მფოსლიოში ყველაზე პოპულარული ხმელთაშუა ზღვის დიეტის მაგალითს. კვლევა დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 5000-მდე ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევაში ჩართული პირები, რომლებიც ანიათეროგენულ დიეტაზე იმყოფებოდნენ, 3 ჯგუფად დაიყვნენ: პირველი ჯგუფი იღებდა კვირაში 1 ლიტრ ზეითუნის ზეთს, მე-2– 30გ. ნიგვზის (15გ), თხილისა (7.5გ) და ნუშის (7.5გ) ნაკრებს, მე-3 საკონტროლო ჯგუფი იმყოფებოდა ცხიმის დაბალი შემცველობის პროდუქტების დიეტაზე. აღსანიშნავია ის უმნიშვნლეოვანესი ფაქტი, რომ ანტიათეროგენული დიეტის პარალელურად, წარმოუდგენლად ეფექტური აღმოჩნდა ზეითუნის ზეთისა და თხილის ნაკრების მიღბა. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ძალიან მაღალი პროცენტით შემცირდა ზოგადი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვიდლობა, გულის კუნტის ინფარქტისა და იშემიური ინსულტის შემთხვევები. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ დაკვირვების პერიოდის განმავლობაში, კვლევის შედეგების მიხედვით, თხილეულობის მიღებამ - 28%-ით, ხოლო "ექსტრა ვირჯინ“-ის სახელწოდებით ზეითუნის ზეთის წარმოდგენილი რაოდენობით მიღბამ 31%-ით შეამცირა ათეროსკლეროზით განპირობებული გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი. მართალია, ზეითუნის ზეთი იაფი არ არის, მაგრამ ნიგვზისა და თხილის სამშობლოში მათი ყოველდღიურად რეკომენდებული რაოდენობით მიღება, დამეთანხმებით, სულაც არ არის რთული. უახლესი გაიდლაინით, სწორედ ხმელთაშუა ზღვის ან მისი მსგავსი დიეტაა რეკომენდებული გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებისა და სიკვდილობის რისკის შესამცირებლად. რაც შეეხება ალკოჰოლის მოხმარებას, რაც მამაკაც პაციენტთა დიდ უმრავლესობას აინტერესებს და ექიმთან ვიზიტისას პრიორიტეტული შეკითხვაა, უახლესი მონაცემებით, რეკომენდებულია კვირაში არა უმეტეს 100გ ეთანოლის (ღვინის სპირტი) მიღება. დაუშვებელია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
  • რას ურჩევდით პაციენტებს მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ?
  • ძვირფასო პაციენტებო, გახსოვდეთ, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი ათეროსკლეროზის შედეგია, ათროსკლეროზი კი ქრონიკულად მიმდინარე პროცესია, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა ვებრძოლოთ. იგი მოითხოვს ნებისყოფას, თქვენი დამოკიდებულების შეცვლას კვებითი ქცევების, ფიზიკური აქტივობისა და საზოგადოდ, ცხოვრების წესის მიმართ, დაუღალავ შრომას, რომლის ყველაზე დიდი ჯილდო - ჯანმრთელობაა.


    მოამზადა ლალი ჩხიკვაძემ

დაგვიმეგობრდით

trance