რა უნდა ვიცოდეთ ათეროსკლეროზის შესახებ (ნაწილი I)

რა უნდა ვიცოდეთ ათეროსკლეროზის შესახებ (ნაწილი I)

დღეს უკვე აშკარაა, რომ თანამედროვე მედიცინის მიღწევები ვერ იქნება რეალიზებული პრაქტიკაში ექიმსა და პაციენტს შორის პარტნიორული ურთიერთობის გარეშე. აღნიშნული პარტნიორობის ერთ-ერთი გზაა პაციენტის განათლება, რაც გულისხმობს მისთვის ინფორმაციის მიწოდებას დაავადების სიმპტომების, ინტერვენციისა და რისკის ფაქტორების არსის, მავნე ჩვევების, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ. ეს განსაკუთრებით ეხება ათეროსკლეროზსა და ათეროსკლეროზით გამოწვეულ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. საბოლოო ჯამში, თავად პაციენტი ირჩევს როგორ მოიქცეს, მიიღოს თუ არა დანიშნული პრეპარატები, გახადოს თუ არა კვება ჯანსაღი, გაზარდოს თუ არა ფიზიკური აქტივობა, უარი თქვას თუ არა მავნე ჩვევებზე. თუმცა, უეჭველია, რომ ამ მიმართულებით ყველაზე ავტორიტეტული წყარო პაციენტისთვის სწორედ ექიმი, მისგან მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციებია. აღნიშნულ მიზანს - პაციენტისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ეს სტატია. იგი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ გულის კორონარული დაავადება − სტენოკარდია, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე აორტის ანევრიზმა, ჩატარებული აქვთ კორონარული სტენტირება, კორონარული შუნტირების ოპერაცია და სხვა.


ცხოვრებისეული გამოცდილება მეტყველებს, რომ ადამიანი ჯანმრთელობაზე მხოლოდ მას შემდეგ იწყებს ზრუნვას, რაც ის სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მას. ჯანმრთელობა ფასდაუდებელი სიმდიდრე და ადამიანის ცხოვრების ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. ყველა ადამიანს სურს იცოცხლოს დიდხანს, იყოს ჯანმრთელი. ვინაიდან ეს სურვილი აბსოლუტურად ბუნებრივია, ჩვენ ხშირად ვცდებით, როცა ვფიქრობთ, რომ მისი განხორციელება ასევე ბუნებრივად, ავტომატურად მოხდება, თავად ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ასეთი რწმენა ჩვენში იმდენად მყარია, რომ ხშირად ვერც კი ვაანალიზებთ, როგორ ვკარგავთ ახლობლებს, ნაცნობებს, რომლებიც იღუპებიან მიოკარდიუმის ინფარქტით, ინსულტით, გულის უკმარისობით, ზოგჯერ უეცრადაც, ყოველგვარი წინაპირობის არსებობის გარეშე. თუნდაც რამდენი ადამიანია ჩვენს ირგვლივ შეპყრობილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით. მთავარი და სამწუხარო სწორედ ის არის, რომ თითქოს სრული კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ფონზე მრავალი მათ შორის საკმაოდ ახალგაზრდა და აქტიურ ასაკშია. გულის დაავადება კი ადრე ჩვეულებრივ მხოლოდ ხანდაზმულ ასაკთან ასოცირდებოდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ასაკთან ერთად ათეროსკლეროზის პროგრესირებისა და მისი გართულებების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ამის გამო ხშირად ათეროსკლეროზს სიბერის თანმხლებ მოვლენად აღიქვამენ. თანამედროვე მსოფლიოში ყოველწლიურად სიკვდილის საერთო რიცხვის დაახლოებით ნახევარი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის. ამ სავალალო სტატისტიკის მიზეზი კი სწორედ კაცობრიობის დაუძინებელი და მრისხანე მტერი − ათეროსკლეროზია. 


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით მსოფლიო პოპულაციაში ნომერი პირველი "მკვლელი“ სწორედ ათეროსკლეროზით გამოწვეული გულის კორონარული დაავადებაა. აქედან გამომდინარე, ძალიან სასურველია ყველას, განსაკუთრებით კი პაციენტებს საკმარისი ცოდნა გააჩნდეთ ამ ვერაგი დაავადების შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ მისი განვითარება. ადამიანი იბადება ჯანსაღი და ელასტიური არტერიებით. არტერიები ის მსხვილი სისხლძარღვებია, რომელთა მეშვეობით სისხლით მარაგდება გული, ტვინი, თირკმლები, ქვემო კიდურები და ყველა სასიცოცხლო ორგანო. ბუნებრივია, რომ რაც უფრო საღია არტერიები, მით უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელია ადამიანი, რადგანაც ორგანიზმში არსებულ ყველა ორგანოსა და უჯრედს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით სწორედ არტერიები ამარაგებს. არსებობს ასეთი გამონათქვამი: "ადამიანი იმდენად ხანდაზმულია, რამდენადაც მისი არტერიები“. დროთა განმავლობაში არტერიების შიგნითა ზედაპირზე გროვდება ცხიმისმაგვარი მოყვითალო ფერის ჩანართები, რომლებიც დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზულ ფოლაქებად, ანუ ათერომებად გარდაიქმნება. ამის გამო სისხლძარღვი დეფორმაციას განიცდის, გაცილებით მკვრივი და ნაკლებად ელასტიური ხდება. სწორედ ათერომებია იმ დაავადების მიზეზი, რასაც ათეროსკლეროზი ქვია. თავად სიტყვა "ათეროსკლეროზი“ ორი ბერძნული სიტყვისგან შედგება − "ათერო“ და "სკლეროზი“, რაც თხელ ფაფისმაგვარ შიგთავსს და გამკვრივებას ნიშნავს. ათერომა შედგება ბირთვისა და შემომგარსველი კაფსულისაგან. ბირთვის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი ქოლესტეროლია, რომლის რაოდენობის სისხლში მომატების შემთხვევაში ხდება ათერომის ზომის გაზრდა და ამის ხარჯზე სისხლძარღვის სანათურის თანდათანობითი შევიწროება. პროცესი წლებისა და ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს. ამიტომ არის, რომ ათეროსკლეროზი ქრონიკული, ნელა პროგრესირებადი დაავადებაა, თუმცა, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად აგრესიული მიმდინარეობითაც ხასიათდება. ათეროსკლეროზის შედეგად მცირდება არტერიების კალიბრი, რის გამოც სისხლის შემადგენელი კომპონენტები მათში თავისუფალ გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ და არტერიის შიგნით წარმოქმნილ ამობურცულ ადგილებზე ერთგვარ ამბოხებას აწყობენ. იქმნება თრომბების წარმოქმნის საშიშროება, სისხლის ნორმალური მიმოქცევა აღარ ხდება, იგი ხომ მუდმივი "მტვირთავი“ გახლავთ, რომელიც ორგანოებისკენ ეზიდება ყველა იმ აუცილებელ ნივთიერებას, რაც თითოეულ მათგანს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება, ხოლო მათგან გამოაქვს არასაჭირო ნივთიერებები. ამ პროცესების გამო ფერხდება ორგანოებისა და ქსოვილების სისხლით ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შესაბამისად მომარაგება და შედეგად, ვითარდება მათი "ჟანგბადოვანი შიმშილი“, ანუ იშემია. ათერომის დამცავი გარსი მასში მიმდინარე ანთებითი პროცესების გამო რბილდება, იხლიჩება და სკდება, მისი შიგთავსი გადმოიღვრება სისხლძარღვის სანათურში, რასაც თან ახლავს თრომბის წარმოქმნა, არტერიის მყისიერი შევიწროება და სანათურის სრული დახშობაც კი.


ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, კლინიკურად ვლინდება გულის კუნთის ინფარქტით, ინსულტით, ქვემო კიდურების განგრენით. ათეროსკლეროზის არანაკლებ მძიმე გართულებაა ასევე ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მსხვილი, მაგისტრალური არტერიის − გულმკერდისა და მუცლის აორტის ანევრიზმა, რომელიც ხასიათდება უეცარი გასკდომითა და სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენით. ასე რომ, ათეროსკლეროზის კლინიკური გამოვლინება პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.

დაგვიმეგობრდით

trance