31 მაისი  - თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე

31 მაისი - თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე

თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და აგრესიულ რისკის ფაქტორს წარმოადგენს ათეროსკლეროზის განვითარებისათვის. თამბაქოს მოხმარებით არის გამოწვეული ფილტვის კიბოს 95% და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა 20%.

სპეციალისტების აზრით თამბაქოს მოხმარებას მეტი ზიანი მოაქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის, ვიდრე სისხლში ქოლესტერინის მომატებას. საკმარისია აღინიშნოს, რომ თუ ქოლესტერინის ნორმალიზაცია დაკავშირებულია ინფარქტისა და ინსულტის რისკის ¼-ით შემცირებასთან, თამბაქოს მიტოვება დაავადების განვითარების შანსს თითქმის ნახევრამდე ამცირებს.

თამბაქოში შემავალი ნიკოტინი უშუალოდ იწვევს არტერიების შევიწროებას და დაკავშირებულია სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებასთან. ნიკოტინი აზიანებს არა მხოლოდ გულსა და სისხლძარღვებს, არამედ თქვენს სისხლსაც. კერძოდ, თრომბოციტები, რომლებიც აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისათვის, მწეველებში ხდებიან ძალიან წებოვანი, 15 – 26% -ით იზრდება სისხლის კოლტების, ანუ თრომბების წარმოქმნის რისკი. აღნიშნული კი ქმნის ინფარქტისა და ინსულტის საშიშროებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ფილტვის კიბოს განვითარების დიდ ალბათობაზე.

გარდა ამისა, თამბაქოს კვამლი შეიცავს ნახშიროჟანგს, რომელიც არანაკლებ მავნებელია ორგანიზმისათვის, ვიდრე ნიკოტინი. მისგან წარმოიქმნება კარბოქსიჰემოგლობინი, რის გამოც სისხლში მცირდება ჟანგბადის შემცველობა. ცნობილია რომ, როცა სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის შემცველობა 5%-ია, ათეროსკლეროზის პროგრესირების სიხშირე 21-ჯერ იზრდება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლში აღნიშნული ნივთიერების დონე 3%-ია.

რა თქმა უნდა, უფრო მავნებელია მოწევა კვამლის ჩასუნთქვით, თუმცა, იგი კვამლის ჩასუნთქვის გარეშეც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პასიური მწეველობა მოსალოდნელზე მეტად ზრდის აღნიშნულ რისკს. არამწეველს, რომელიც ცხოვრობს, ან მუშაობს მწეველებთან, აქვს ამ დაავადებათა განვითარების 30%-ზე მეტი რისკი.

სამწუხაროდ, არსებობს აბსოლუტურად არასწორი შეხედულება, თითქოს თამბაქოს მკვეთრი მიტოვება ორგანიზმისთვის მავნებელია. ეს ასე არ გახლავთ. გახსოვდეთ, თამბაქოს მოხმარების სწრაფი და გადამწყვეტი უარყოფა განაპირობებს წარმატებას ამ მავნე ჩვევაზე თავის დანებებისათვის.

საბედნიეროდ, თამბაქოს მოხმარება ყველაზე ადვილად მოდიფიცირებადი, ანუ შეცვლადი რისკის ფაქტორია. როგორც კი შეწყვეტთ მოწევას, თქვენ მნიშვნელოვნად იწყებთ რისკის შემცირებას. მაშ ასე, გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე - შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება!

დაგვიმეგობრდით

trance