არითმიების თვითმკურნალობა დაუშვებელია!

არითმიების თვითმკურნალობა დაუშვებელია!

რითმოლოგიის დეპარტამენტის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ აღმოაჩინოს და კონსულტაცია გაუწიოს პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულის რითმის სხვადასხვა მიზეზით განპირობებული დარღვევა.ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გულის უკმარისობის მქონე პაციენტების ექიმებთან, ვინაიდან არსებობს ისეთი არითმიული გართულებები, რომლებიც უეცარ სიკვდილს განაპირობებენ. ასეთი რისკი განსაკუთრებით ხშირია მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილ პაციენტებში.

  • ყველა არითმია საშიშია? 

უმეტეს შემთხვევაში უეცარ სიკვდილს საფუძვლად უდევს პარკუჭოვანი ტაქიკარდიები, რაც გულის გაჩერებას იწვევს. სწორედ ტაქიკარდიების მაღალი რისკის მქონე ადამიანების გამოვლენა წარმოადგენს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მთავარ მიზანს.არსებობს მკაცრი კრიტერიუმები, რომელთა მოშველიებით შეიძლება განისაზღვროს, რომ ესა თუ ის პაციენტი უეცარი სიკვდილის მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი ძირითადად, კარდიომიოპათიების მატარებლები ან ინფარქტგადატანილები არიან. რომელთაც მკურნალობის მიუხედავად უნარჩუნდებათ დაბალი განდევნის ფრაქცია.

  • რას ნიშნავს დაბალი განდევნის ფრაქცია?

ეს არის სისტოლური ფუნქციის დაქვეითება, როცა მარცხენა პარკუჭი სათანადოდ ვერ იკუმშება და, შესაბამისად, საჭირო რაოდენობით სისხლს ვერ გადატყორცნის სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში. არსებობს იშვიათი გენეტიკური დაავადებებიც, რომლებიც ამ პრობლემას განაპირობებენ და მათი ამოცნობა შესაძლებელია სხვადასხვა ტესტზე დაყრდნობით.არსებობს საშუალება, რომ დაბალი განდევნის ფრაქციის მქონე პაციენტი უეცარი სიკვდილისგან დავაზღვიოთ?სპორტში, განსაკუთრებით ფეხბურთში, ძალზე ხშირად ხდება, როცა თამაშის დროს მოულოდნელად ფეხბურთელი გონებას კარგავს და ეცემა. ექიმები დაუყოვნებლივ მოედანზევე უტარებენ სარეანიმაციო ღონისძიებებს, ელექტროშოკის ჩათვლით. შემიძლია, წარმოგიდგინოთ ბელგიის ჩემპიონატიდან ერთ-ერთი მატჩის კადრები, როცა სამედიცინო ჩარევის შემდეგ ფეხბურთელი გონს მოვიდა და თამაშიც გააგრძელა, თუმცა, ამ შემდგომ გაირკვა, რომ აქვს გენეტიკური დაავადება, რის გამოც უეცარი სიკვდილის რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. ასეთ პაციენტებს თანამედროვე მედიცინა სთავაზობს ორგანიზმში სპეციალური აპარატის – იმპლანტირებადი კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩადგმას, რის შემდეგ ზოგჯერ პაციენტს აქტიური სპორტული ცხოვრების გაგრძელების უფლებასაც კი აძლევენ. სამწუხაროდ, გონების დაკარვის ყველა შემთხვევა არ მთავრდებოდა ისეთი კარგი შედეგით, როგორიც ბელგიის ჩემპიონატზე დადგა. მაგალითად, 24 წლის უნგრელი ფეხბურთელი მიკლოს ფეჰერი 2004 წლის 25 იანვარს მატჩის დროს მოულოდნელად უგონოდ დაეცა და გარდაიცვალა. ასეთი სხვა მრავალი შემთხვევა არსებობს.

  • რა შეიძლება ითქვას უფრო კონკრეტულად თქვენს მიერ ხსენებულ იმლანტირებად მოწყობილობაზე?

კარდიოერტერ დეფიბრილატორს, რომელიც ორგანიზმშია იმპლანტირებული, გააჩნია ფუნქცია – ამოიცნოს "ცუდი" არითმია (პარკუჭოვანი ტაქიკარდია ან პარკუჭთა ფიბრიდაცია), რამდენიმე წამში აკრიფოს მუხტი და გარეგანი დეფიბრილატორის ნაცვლად, არითმიის აღმოცენებიდან 15 წამში ოპერატიულად გადასცეს ეს მუხტი გულს! 80 გრამი მასის მქონე ამ ხელსაწყოს ორგანიზმში იმპლანტაცია ტექნიკურად ძალზე მარტივად ხდება ადგილობრივი, გაუტკივარებით, ინერგება კანქვეშ, ხოლო ელექტროდი ჩადის გულში და რისკის მქონე პაციენტებს უეცარი სიკვდილისგან აზღვევს.

თუ არ ჩავთვლით მცირე დისკომფორტს, რომელიც იმპლანტაციას ახლავს და რომელსაც ადამიანი მალევე ეჩვევა – სხვა უკუჩვენება აპარატს, ფაქტობრივად, არ გააჩნია. ჩაფიძის გულის ცენტრში ეს აპარატი უამრავ პაციენტს ჩავუდგით ორგანიზმში და უეცარი სიკვდილისგან დავაზღვიეთ. ასევე გვაქვს აპარატი, რომელიც აჩქარებს დაბალ პულსს და თვით გაჩერებული გულის ამუშავებასაც ახერხებს. ეს აპარატიც კანქვეშა იმპლანტაციით დგება ორგანიზმში და გაცილებით იაფია. გვაქვს მესამე ტიპის აპარატიც ე.წ. რესინქრონიზატორი. მას იყენებენ გულის კუნთის გადიდებისას და უზრუნველყოფს, რომ ამ გადიდებული გულის კუნთის თანაბარი, სინქრონული შეკუმშვა მოხდეს. ამ დროსაც მატულობს დაბალი განდევნის ფრაქცია და შესაბამისად, უეცარი სიკვდილის რისკი კლებულობს. აპარატს ვუდგამთ გულის უკმარისობით ავადმყოფი პაციენტების მხოლოდ 10 პროცენტს. 

  • რა შემთხვევაში უნდა ატეხოს განგაში ადამიანმა, როცა გულის პრობლემაზე იეჭვებს?

ყველას შეუძლია, პულსზე დაიდოს თითი, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთოს და თუ ამ დროს არითმიას შეამჩნევს, ეს იქნება სუნთქვითი არითმია, რომელიც ფიზიოლოგიური მოვლენაა და მეტ-ნაკლებად ყველას, განსაკუთრებით კი, ბავშვებს ახასიათებთ. ასევე მეტნაკლებად ფიზიოლოგიურ მოვლენად ითვლება, თუ დღე-ღამეში პულსიდან ერთ-ორ ამოვარდნას შეამჩნევს ადამიანი, თუმცა, თუ ამოვარდნების რაოდენობა ბევრია, აუცილებელია პირველ ეტაპზე მედიკამენტური მკურნალობის დაწყება. ყველაზე გავრცელებულია მოციმციმე არითმია (წინაგულთა ფიბრილაცია), რომელსაც ზოგი გადამეტებული შიშით აფასებს, ზოგი კი სრულად აიგნორებს. თუმცა, ამ დროს საჭიროა მედიკამენტური და ზოგჯერ – ინვაზიური ჩარევაც. არცთუ იშვიათად პაციენტი არითმიისგან განიკურნება გულში არითმოგენური კერის დადგენისა და ლოკალური პრობლემის აღმოფხვრით. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს გული უჩქარდებათ, შეგრძნება აქვთ, თითქოს "გული ყელში აწვებათ..." ეს შეტევა მხოლოდ 10-15 წუთი გრძელდება და როცა სასწრაფო დახმარება მოდის, უკვე აღდგენილი პულსაცია ხვდება. ასეთ პაციენტებს ზოგჯერ შეცდომით ნევროზისა და ვეგეტოდისტონიის დიაგნოზს უსვამენ, დამამშვიდებლებს უნიშნავენ, არადა, ამ დროს არითმიის კერის აღმოჩენა და მისი მოწვა ან სხვა სახით მორღვევა არის აუცილებელი, რასაც "აბლაცია" ეწოდება. ამ მანიპულაციიდან 3-4 დღეში პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.რა უნდა იღონოს პაციენტმა, როცა არითმიას აღმოაჩენს?პაციენტებს ვურჩევ, ნებისმიერი არითმიის დროს ექმის მიმართონ. კარგი იქნება სასწრაფო დახმარების გამოძახება, რადგან არითმიის დროს გადაღებულ კარდიოგრამას განსაკუთრებული კლინიკური ღირებულება გააჩნია. თუ არითმია ხშირად ხდება, არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც კარდიოგრამას, ვქვათ, 2 დღე-ღამის განმავლობაში იწერს... მედიცინის ბოლო სიტყვას ამ სფეროში წარმოადგენს აპარატი, რომელსაც შპრიცივით მოწყობილობა მოყვება. ის კანქვეშ ინერგება და 3 დღის განმავლობაში იწერს კარდიოგრამას, რაც საშუალებას იძლევა, პაციენტი გამოვიკვლიოთ გონების დაკარგვის მომენტებში და ზუსტად დავადგინოთ მიზეზები. იმპლანტანტები ინერგება მაშინ, როცა მედიკამენტური მკურნალობა თავის რესურსს ამოწურავს. არითმიების თვითმკურნალობა დაუშვებელია, პულსის აჩქარება იმდენად სხვადასხვა მიზეზით არის ხოლმე განპირობებული, რომ რომელიმე კონკრეტული მედიკამენტის თვითნებურმა მიღებამ სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. თუ პულსაციის ცვლილებას იგრძნობს, ყველას ვურჩევ ნებისმიერ შემთხვევაში ექიმს მიმართოს კონსულტაციისთვის!

დაგვიმეგობრდით

trance