რა არის და როდის გვჭირდება ეკგ (ჰოლტერის) მონიტორირება

რა არის და როდის გვჭირდება ეკგ (ჰოლტერის) მონიტორირება

ამბულატორული ეკგ-მონიტორირება, იგივე - ჰოლტერის მონიტორირება გულისხმობს კარდიოგრამის უწყვეტ რეჟიმში ჩაწერას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

რა უპირატესობა გააჩნია ჰოლტერის მონიტორირებას?

ჩვეულებრივი ე.კ.გ. ყოველთვის არ იძლება საშუალებას დაისვას ზუსტი დიაგნოზი, ვინაიდან კარდიოგრამის გადაღების დროს პაციენტს იშვიათად გააჩნია რაიმე სახის ჩივილი.ჰოლტერის მონიტორირების საშუალებით შესაძლებელია შეფასდეს გულის მუშაობა 24 სთ-ის (ასევე 48-ის ან 1 კვირის) განმავლობაში ფიზიკური და ემოციური დატვირთვის, მოსვენების, აქტივობის დროს და ა.შ.

აღნიშნული გამოკვლევა ავლენს დეტალებს, რომლებიც ზოგჯერ შეუმჩნეველია ექიმის კაბინეტში.

ყველა ცვლილება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ჰოლტერის მონიტორირებისას, შეიძლება გავაერთიანოთ 3 დიდ ჯგუფად:

  • არითმიების  და  ბლოკადების გამოვლენა;
  • მიოკარდიუმის იშემიის გამოვლენა;
  • მკურნალობის ეფექტურობის შეფასება.

როდის გვჭირდება ჰოლტერის
მონიტორირება?

შეგვიძლია გამოვყოთ ჰოლტერის გამოკვლევის დანიშვნის ჩვენებების 3 კლასი:

I  კლასის ჩვენებები:  

გონების დაბინდვა;
თავბრუ;
სინკოპე;
გულისცემის აჩქარების ხშირი ეპიზოდები (გულის ფრიალი);
ანტიარითმული მკურნალობის შეფასება;
გულის რითმის შეფასება პაციენტებში;იმპლანტირებული კარდიოსტიმულატორის აპარატის გამართულად მუშაობის შეფასება;
გახანგრძლივებული QT ინტერვალი ანამნეზში;
გულის ფრიალი პაციენტებში WPW სინდრომით;

II კლასის ჩვენებები:  


გაურკვეველი ხასიათის ტკივილი გულმკერდში,
ქოშინი,  საერთო სისუსტე (რომლის მიზეზი უცნობია);
ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა, მარცხენა პარკუჭის კუმშვადი ფუნქციის დარღვევის დროს;
გულის ქრონიკული უკმარისობა;
ჰიპერტროფული და დილატაციური კარდიომიოპათია;
ანტიარითმული მედიკამენტების არითმოგენული ეფექტის შეფასება;
გულის შეკუმშვათა სიხშირის განსაზღვრა პაციენტებში მოციმციმე არითმიით;
პაციენტებში, იმპლანტირებული დეფიბრილატორით, არითმული შეტევების სიხშირის განსაზღვრა;
პაციენტები ღამის აპნოეს ეპიზოდებით;
ვარიანტული სტენოკარდიის დიაგნოსტირება;
გულის მდგომარეობის შეფასება ოპერაციული მკურნალობის წინ და ოპერაციული მკურნალობის შემდეგ;
სხვა ორგანოებზე ოპერაციული  მკურნალობა, თუ პაციენტი ხანდაზმულია და არის ეჭვი კორონარული არტერიების ათეროსკლეროზზე;

III კლასის ჩვენებები:

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის ეპიზოდები ანამნეზში;
მიტრალური სარქვლის მანკები;
არტერიული ჰიპერტენზია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით;
თირკმლის უკმარისობა (ტერმინალური სტადია).

როგორ ტარდება ჰოლტერის მონიტორირება და ვის სჭირდება ის?


ჰოლტერის მსუბუქი და პორტატული აპარატი მაგრდება პაციენტის სხეულზე. მონიტორირების დროს პაციენტი ფიზიკურად და ემოციურად შეზღუდული არ არის.

მიღებული ინფორმაციის  გაშიფვრის შემდგომ იწერება კლინიკური დასკვნა

ჰოლტერის მონიტორირებისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა: სიცოცხლისთვის საშიში არითმიები, ბლოკადები, მუნჯი იშემიის ეპიზოდები, რომელთა დროული მკურნალობა საშუალებას იძლევა, გადავარჩინოთ პაციენტის სიცოცხლე.


დაგვიმეგობრდით

trance