დაბალი წნევის იგივე ჰიპოტენზიის დროს სისხლის წნევა მოსვენებულ მდგომარეობაში 90/60-ზე ნაკლებია. თუ თქვენ დაბალი წნევის მატარებელი ბრძანდებით და მოგიწიათ დახუთულ ოთახში ყოფნა, ამასთან გამოხატულია შემდეგი სიმპტომები:
- თავბრუსხვევა;
- ყურებში შუილი;
- თავის ტკივილი;
- მხედველობის გაუარესება;
- გულისრევა;
- გულისცემის გახშირება
რაც შეიძლება სწრაფად დაჯექით, თავი მუხლების ქვევით დახარეთ, ისუნთქეთ თანაბრად მაგრამ არა-ღრმად. წამოდექით მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს უკეთ იგრძნობთ.
გახსოვდეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები ჰიპოტენზიის ანუ დაბალი წნევის და შესაძლო გულის წასვლის წინასიმპტომებია.
5 რჩევა დაბალი წნევის სამართავად
- მიიღეთ მეტი სითხე( წყალი, კომპოტი, მინერალური წყალი და აშ.). მისაღები წყლის რაოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ ასაკი და არსებული დაავადებები (მაგ. გულის უკმარისობის დროს წყლით ვერ დაიტვირთებით). სითხე ზრდის მოცირკულირე სითხის მოცულობას და თავიდან აგვაცილებს დეჰიდრატაციას, რაც მნიშვნელოვანია ნორმალური წნევის შესანარჩუნებლად.
- მიიღეთ მეტი მარილი. ჰიპოტენზიის დროს კი სუფრის მარილი შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს. ბუნებრივია, აღნიშნული რეკომენდაცია არ ეხება გულის პათოლოგიის მქონე ადამიანებს. ამიტომ ამ რეკომენდაციის შესრულებამდე ექიმს უნდა ჰკითხოთ რჩევა.
- ცნობილია, რომ კოფეინის შემცველობის გამო ყავა და ჩაი დროებით ზრდის არტერიულ წნევას, მაგრამ მოგვიანებითი ეფექტი სრულიად განსხვავებულია. ამასთან, კოფეინი შესაძლოა სხვა პრობლემების მიზეზად იქცეს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
- ნუ წამოდგებით სწრაფად სკამიდან, განსაკუთრებით კი დილით, საწოლიდან. ჯერ ნელა დაჯექით და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდექით ფეხზე. თუ დაჯდომისას მსუბუქ თავბრუსხვევას ან სისუსტეს იგრძნობთ, ფეხები ერთმანეთზე გადაიდეთ, გადააჯვარედინეთ. ეს გაზრდის გულისკენ სისხლის მიდინებას.
- თავი აარიდეთ ცხელ წყალში ბანაობას, მზეზე დიდხანს ყოფნას, გაუნიავებელ ოთახში ყოფნას. გამოძებნეთ დრო ზომიერი ფიზიკური აქტივობის და სუფთა ჰაერზე სეირნობისათვის.