ცოტა რამ არითმიის შესახებ

ცოტა რამ არითმიის შესახებ

ყველას შეუძლია, პულსზე დაიდოს თითი, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთოს და თუ ამ დროს არითმიას შეამჩნევს, ეს იქნება სუნთქვითი არითმია, რომელიც ფიზიოლოგიური მოვლენაა და მეტ-ნაკლებად ყველას, განსაკუთრებით კი, ბავშვებს ახასიათებთ. ასევე მეტნაკლებად ფიზიოლოგიურ მოვლენად ითვლება, თუ დღე-ღამეში პულსიდან ერთ-ორ ამოვარდნას შეამჩნევს ადამიანი, თუმცა, თუ ამოვარდნების რაოდენობა ბევრია, აუცილებელია პირველ ეტაპზე მედიკამენტური მკურნალობის დაწყება.

ყველაზე გავრცელებულია მოციმციმე არითმია (წინაგულთა ფიბრილაცია), რომელსაც ზოგი გადამეტებული შიშით აფასებს, ზოგი კი სრულად აიგნორებს. თუმცა, ამ დროს საჭიროა მედიკამენტური და ზოგჯერ – ინვაზიური ჩარევაც. არცთუ იშვიათად პაციენტი არითმიისგან განიკურნება გულში არითმოგენური კერის დადგენისა და ლოკალური პრობლემის აღმოფხვრით.

არის შემთხვევები, როცა ადამიანებს გული უჩქარდებათ, შეგრძნება აქვთ, თითქოს "გული ყელში აწვებათ..." ეს შეტევა მხოლოდ 10-15 წუთი გრძელდება და როცა სასწრაფო დახმარება მოდის, უკვე აღდგენილი პულსაცია ხვდება. ასეთ პაციენტებს ზოგჯერ შეცდომით ნევროზისა და ვეგეტოდისტონიის დიაგნოზს უსვამენ, დამამშვიდებლებს უნიშნავენ, არადა, ამ დროს არითმიის კერის აღმოჩენა და მისი მოწვა ან სხვა სახით მორღვევა არის აუცილებელი, რასაც "აბლაცია" ეწოდება.  ამ მანიპულაციიდან 3-4 დღეში პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

რა უნდა იღონოს პაციენტმა, როცა არითმიას აღმოაჩენს

პაციენტებს ვურჩევ, ნებისმიერი არითმიის დროს ექმის მიმართონ. კარგი იქნება სასწრაფო დახმარების გამოძახება, რადგან არითმიის დროს გადაღებულ კარდიოგრამას განსაკუთრებული კლინიკური ღირებულება გააჩნია.

თუ არითმია ხშირად ხდება, არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც კარდიოგრამას, ვქვათ, 2 დღე-ღამის განმავლობაში იწერს... მედიცინის ბოლო სიტყვას ამ სფეროში წარმოადგენს აპარატი, რომელსაც შპრიცივით მოწყობილობა მოყვება. ის კანქვეშ ინერგება და 3 დღის განმავლობაში იწერს კარდიოგრამას, რაც საშუალებას იძლევა, პაციენტი გამოვიკვლიოთ გონების დაკარგვის მომენტებში და ზუსტად დავადგინოთ მიზეზები. იმპლანტანტები ინერგება მაშინ, როცა მედიკამენტური მკურნალობა თავის რესურსს ამოწურავს.

არითმიების თვითმკურნალობა დაუშვებელია, პულსის აჩქარება იმდენად სხვადასხვა მიზეზით არის ხოლმე განპირობებული, რომ რომელიმე კონკრეტული მედიკამენტის თვითნებურმა მიღებამ სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. თუ პულსაციის ცვლილებას იგრძნობს, ყველას ვურჩევ ნებისმიერ შემთხვევაში ექიმს მიმართოს კონსულტაციისთვის

კახაბერ ეცადაშვილი
რითმოლოგი

დაგვიმეგობრდით

trance