- რა სახის ენდოკრინოლოგიური მომსახურებებით შეუძლიათ ისარგებლონ პაციენტებმა ცენტრში და რომელ ენდოკრინოლოგიურ დაავადებებს მკურნალობთ
- ჩემს კომპეტენციაში შედის ისეთი აქტუალური და გავრცელებული დაავადებების დიაგნოსტირება და მართვა, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე,, მეტაბოლური სინდრომი, დიფუზური ან კვანძოვანი ჩიყვი (ჰორმონული დისფუნქციით ან მის გარეშე), ოსტეოპოროზი.
კლინიკურ პრაქტიკაში მხვდება ნაკლებად გავრცელებული დაავადებებიც. თირკმელზედა ჯირკვლის, პარათიროიდული ჯირკვლებისა და ჰიპოფიზის პათოლოგიები(ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოპარათირეოზი, ჰიპერალდოსტერონიზმი, ჰიპოკორტიციზმი, ჰიპერპოლაქტინემია), რომელთაც ასევე წარმატებით ვმართავ.
- საკმაოდ ვრცელია იმ ენდოკრინოლოგიური დაავადებების ჩამონათვალი, რომლებსაც კლინიკაში მკურნალობთ. რომ გვითხრათ ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენ ხოლმე პაციენტები?
- როგორც უკვე მოგახსენეთ, უფრო ხშირია მომართვიანობა შაქრიან დიაბეტსა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებთან დაკავშირებით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენს კლინიკაში დაინერგა მეორადი ჰიპერტენზიის დიაგნოსტირების ალგორითმი, შესაბამისად, როდესაც პაციენტები მოგვმართავენ მაღალი არტერიული წნევით, ჩვენ ვიკვლევთ მის გამომწვევ ყველა შესაძლო მიზეზს და შემდეგ ვნიშნავთ მკურნალობას.
- რატომ უნდა მოვიდეს პაციენტი ცენტრში ენდოკრინოლოგიური მომსახურების მისაღებად?
- ჩვენი კლინიკა არის თანამედროვე, მრავალპროფილური, ევროპული აკრედიტაციის მქონე. პაციენტის მართვაში ჩართულია სპეციალისტთა გუნდი, ვხელმძღვანელობთ ევროპისა და აშშ-ის პროფესიული ასოციაციების უახლესი რეკომენდაციებით, ასევე ვინარჩუნებთ პაციენტისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, რაც საბოლოო ჯამში ყოველთვის კარგ შედეგს გვაძლევს.
- კარდიომეტაბოლურ რისკებზე რომ ვისაუბროთ, რას გულისხმობს ეს ტერმინი, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა, ასევე რა საპრევენციო ზომებს უნდა მივმართოთ?
- კარდიომეტაბოლურ დაავადებებში იგულისხმება დაავადებათა ჯგუფი, რომელთაც აქვთ საერთო მიზეზები და საბოლოოდ იწვევენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდას.
საწყისი დარღვევა, როგორც წესი, არის ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება - სიმსუქნის, ჰიპოდინამიის, მემკვიდრული და გარემო ფაქტორების გამო, რაც შემდომში პროგრესირებს პრედიაბეტსა და საბოლოოდ შაქრიან დიაბეტში.
დიაგნოსტირება ხდება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლებით (პარამეტრებით). ასეთ პაციენტებს, როგორც წესი აღენიშნებათ ჭარბი წონა ან სიმსუქნე, არტერიული წნევის, ქოლესტეროლის და/ან გლუკოზის დონის მატება სისხლში, ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია.
საპრევენციოდ და სამკურნალოდ ყველაზე ეფექტურია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, იგულისხმება როგორც სწორი კვება, ისე რეგულარული და ზომიერი ფიზიკური აქტივობა. გვაქვს ასევე პრეპარატების არსენალი, რაც გვეხმარება ამ პროცესში.
- ყველაზე ხშირად რომელი ენდოკრინოლოგიური დაავადება არის ხოლმე გულ-სისხლძარღვთა დაავადების თანმხლები?
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თანმხლები და გარკვეულწილად გამომწვევი პათოლოგიებია შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, სიმსუქნე. შედარებით იშვიათად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით, მაგალითად ტოქსიური ჩიყვით განპირობებული გულის უკმარისობა და სხვადასხვა სახის არითმიები.
- დღესდღეობით დიაბეტი ტიპი 2 საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. რამდენად წარმოადგენს ის საფრთხეს გულის ჯანმრთელობისთვის?
-ფართომასშტაბიანი კვლევებით დადგენილია, რომ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი 2-4-ჯერ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კერძოდ მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის, კიდურების განგრენის და მოციმციმე არითმიის განვითარების რისკს. რისკი მეტია მოუწესრიგებელი დიაბეტის შემთხვევაში, ასე რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების სწორ მართვას.
- რამდენად მნიშვნელოვანია პრედიაბეტის მართვა, როგორც ზოგადად, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის?
- პრედიაბეტი დიაბეტთან შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. მნიშვნელოვანია, რომ პრედიაბეტის დროს, ადექვატური და სტაბილური ჩარევის შემთხვევაში, შესაძლებელია ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზება და დიაბეტის განვითარების პრევენცია, რაც სამომავლოდ აგვარიდებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილობას.