ინტერვიუ რევმატოლოგ თეა ლობჟანიძესთან

ინტერვიუ რევმატოლოგ თეა ლობჟანიძესთან

რომელია რევმატოლოგიური დაავადების ძირითადი სიმპტომები?

პაციენტმა უნდა მიმართოს რევმატოლოგს, თუ აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:ტკივილი სახსარში მოძრაობისა და/ან მოსვენების დროს, სახსარზე ზეწოლის დროს.
  • სახსრის შესიება, შეწითლება, შებოჭილობის შეგრძნება და/ ან სიმხურვალის შეგრძნება
  • სახსრის დეფორმაცია
  • სახსრის მოძრაობისა და ფუნქციის შეზღუდვა
  • მოძრაობის დროს სახსრის ხმიანობა
  • კუნთების ტკივილი 
  • სხეულში შებოჭილობის შეგრძნება, განსაკუთრებით დილით.

სისტემური რევმატოლოგიური დაავადებების სიმპტომები შეიძლება იყოს ტემპერატურის მომატება, გამონაყარი კანზე, სხვადასხვა ორგანოს დაზიანების ნიშნები, მაგრამ, როგორც წესი,  ამ სიმპტომებით პაციენტი მიმართავს თერაპევტს და, შემდგომ, ექიმი აგზავნის რევმატოლოგთან კონსულტაციაზე. 

რომელი რევმატოლოგიური დაავადებების მართვა და მკურნალობა ხდება ცენტრში?

ჩვენს კლინიკაში ტარდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის სისტემური აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, თანმხლები დაავადებებისა და კარდიოლოგიური პროფილის გათვალისწინებით. 

რევმატოლოგიური დაავადებების უმეტესობა არის ქრონიკული მიმდინარეობის და პაციენტი საჭიროებს ექიმ-რევმატოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას. 
  • გულის ქრონიკული რევმატული დაავადების  (გულის რევმატული მანკების) დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული რევმატოლოგიური დაავადების - პოდაგრის, როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადების პრედიქტორის, დროული დიაგნოსტიკა და  მკურნალობა თანამედროვე პრეპარატებით.
  • სახსრების ანთებითი დაავადებები (მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, ფსორიაზული და  რეაქტიული ართრიტები)
  • სახსრების დეგენერაციული დაავადებები  (მათ შორის ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი)
  • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (მათ შორის სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი)
  • სისტემური ვასკულიტები
  • ძვალსახსროვანი სისტემის ადგილობრივი დაზიანებები
  • ოსტეოპოროზი

დღესდღეობით რამდენად გახშირებულია რევმატოლოგიური დაავადებები?

ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები, გავრცელების მხრივ, იკავებს მეოთხე ადგილს. ტკივილი სახსარში ექიმთან მიმართვის საკმაოდ ხშირი მიზეზია. 
ინვალიდობის განვითარების მხრივ, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები, იკავებს ლიდერ პოზიციას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიაგნოზი, დადგენილი ექიმ სპეციალისტის - რევმატოლოგის მიერ და  ზოგადი პროფილის ექიმის მიერ,  საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. 

ამავე დროს, სახსროვანი სინდრომის დროული და სწორი ინტერპრეტაცია და ადექვატური მკურნალობის დანიშვნა, განსაზღვრავს დაავადების შემდგომ პროგნოზსა და მიმდინარეობას, პაციენტის ცხოვრების ხარისხსა და ფიზიკურ აქტივობას. 

ყველაზე ხშირად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის  რომელი პრობლემით მოგმართავენ პაციენტები?

ძვალსახსროვანი სისტემის ადგილობრივი დაზიანებები - სახსრის ტკივილის გამომწვევი ხშირი მიზეზია, ძირითადად ვითარდება სპეციფიური საქმიანობის შედეგად. ლოკალურად ზიანდება კუნთი, მყესი, იოგი, სახსარი, ხრტილი, ფასცია, სასახსრე ჩანთა, ძვალი, ნერვი. მკურნალობა ეფექტურია დაზიანებულ უბანში სამკურნალო საშუალებების ინექციით.

  ოსტეოართრიტი (პაციენტები ამ დაავადებაზე ხშირად ამბობენ, რომ მათ "აწუხებთ მარილები“)  -  ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებაა, აზიანებს ხერხემალს, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებს, მტევნის სახსრებს. დაახლოებით 300 მლნ ადამიანი არის დაავადებული მსოფლიოში. დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ იწვევს ტკივილს, ტანჯვას, სიცოცხლის ხარისხის დაქვეითებას, შრომისუნარიანობის დროებით, ან მუდმივ დაქვეითებას. 

 დაავადებული პაციენტების უმეტესობა არის ასაკოვანი, აქვთ თანმხლები კარდიოლოგიური დაავადებები. ჩვენს კლინიკაში ხდება მკურნალობის შესაბამისი ტაქტიკის შერჩევა,  საჭიროების შემთხვევაში, სახსარშიდა ინექციების ჩატარება უახლესი გაიდლაინებით რეკომენდებული პრეპარატებით. 

რა კავშირია პოდაგრასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის?

პოდაგრა - ნიკრისის ქარი - არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადება, სისხლში იმატებს შარდმჟავას დონე და, პერიოდულად, ვითარდება სახსრის მწვავე ანთება. შარდმჟავას მომატებული დონე სისხლში ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან, ზრდის საერთო სიკვდილობის და გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს, არის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების დამოუკიდებელი რისკ- ფაქტორი. 

ამასთანავე, მოსახლეობაში არის დაავადების გავრცელების მზარდი ტენდენცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციით, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სისხლის ანალიზი შარდმჟავას დონის განსაზღვრის მიზნით. შარდმჟავას ცვლის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული შარდმჟავაზე მოქმედი გარემო და ფარმაკოლოგიური ფაქტორების შესახებ, უნდა მიიღოს ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის, კვების, სხეულის წონის კონტროლის, ასევე მკურნალობის წესების მკაცრი დაცვის შესახებ. 

გულის ქრონიკული რევმატული დაავადებების( გულის რევმატული მანკი) შესახებაც რომ გვესაუბროთ? რა არის, როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

 მწვავე რევმატული ცხლება არის სტრეპტოკოკით გამოწვეული ტონზილიტისა და ფარინგიტის პოსტინფექციური გართულება. მწვავე რევმატული ცხელების ყველა სიმპტომი არის შექცევადი, გარდა გულის დაზიანებისა, რომელიც შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში და განვითარდეს გულის ქრონიკული რევმატული დაავადება.

 გულის ქრონიკური რევმატული დაავადების შედეგი არის გულის სარქველების დაზიანება და რევმატული მანკის განვითარება. დაავადების დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდი არის ექოკარდიოსკოპია. გულის სარქველების დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში,  პაციენტი იმყოფება რევმატოლოგისა და კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტი საჭიროებს ხანგრძლივ ბიცილინოპროფილაქტიკას, რათა არ მოხდეს სტრეპტოკოკით განმეორებითი ინფიცირება და მწვავე რევმატული ცხელების კვლავ განვითარება.


პაციენტს, რომელსაც აწუხებს გულის დაავადება და აქვს სახსრების პრობლემაც, რა უნდა გაითვალისწინოს?

პაციენტმა არ უნდა ჩაიტაროს თვითმკურნალობა. რეკომენდებულია, მიმართოს რევმატოლოგსა და კარდიოლოგს, პაციენტის დაავადებებისა და წამლების გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით, ექიმების მიერ შეთანხმდება დანიშნულება, რათა პაციენტმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი.

დაგვიმეგობრდით

trance