კორონაროგრაფია და კორონარული სტენტირება

კორონაროგრაფია და კორონარული სტენტირება

გვესაუბრება: "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ალექსანდრე ალადაშვილი

- რა არის აუცილებელი გულის ნორმალური მუშაობისათვის?

- იმისათვის, რომ გულმა ეფექტურად იმუშაოს და  მოამარაგოს  ადამიანის სხეული და სხვადასხვა ორგანო სისხლით, მას თვითონ სჭირდება ადექვატური სისხლის მიწოდება. გულის (მისი კუნთის - მიოკარდის)  სისხლმომარაგება  ხორციელდება მარჯვენა და მარცხენა კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიების სისტემის მეშვეობით.

- რა იწვევს გულის იშემიურ (კორონარული) დაავადებას?

- გულის იშემიური დაავადების მიზეზია გულის კუნთის სისხლმომარაგების მწვავედ ან ქრონიკულად განვითარებული დარღვევები. ეს დარღვევები უხშირესად გამოწვეულია  კორონარულ არტერიებში  ათეროსკლეროზული და თრომბწარმოქმნის პროცესებით განპირობებული სანათურის შევიწროებით ან  სრული დახშობით.

გულის იშემიური დაავადების უხშირეს კლინიკურ გამოვლინებებს წარმოადგენს:

  • სტენოკარდია - დისკომფორტის შეგრძნება (ტკივილი, ზეწოლა, წვა და სხვ.) გულმკერდის მიდამოში;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი  (გულის კუნთის მწვავე დაზიანება);
  • სხვადასხვა მძიმე  და სიცოცხლისათვის საშიში  გართულებები (გულის უკმარისობა, არითმიები, კარდიოგენული შოკი).

გულის იშემიური დაავადებით პაციენტების რაციონალური მეთოდებით მკურნალობისათვის საჭიროა კორონარული არტერიების მდგომარეობის შეფასება.  

- რა არის კორონარული ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია)?

- კორონაროგრაფია არის გულის  მკვებავი - კორონარული არტერიების მდგომარეობის შეფასების ყვალაზე ზუსტი, ინვაზიური დიაგნოსტიკის მეთოდი, რომლითაც დგინდება  კორონარული არტერიების დაზიანების არსებობა და სისხლძარღვების  სანათურის შევიწროების ხარისხი.

მიღებული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრება პაციენტის მკურნალობის ოპტიმალური მეთოდი: მედიკამენტური თერაპია, კორონარული სტენტირება ან კორონარული შუნტირება.

კორონაროგრაფია ტარდება სპეციალურ რენტგენსაოპერაციოში ე.წ "გულის კათეტერიზაციის ლაბორატორიაში“. ადგილიბრივი გაუტკივარების შემდეგ, პაციენტის სხივის (ან ბარძაყის) არტერიიდან (მისი პუნქციის გზით) აორტაში შეყავთ სპეციალური კათეტერები (წვრილი პლასტმასის მილაკები), რომელთა მეშვეობით ხდება კორონარული არტერიების კონტრასტირება. მიიღებული რენტგენგამოსახულების ანუ კორონაროგრამის ანალიზის საფუძველზე დგინდება გულის მკვებავი არტერიების მდგომარეობა.

 პროცედურა გრძელდება 25-30 წუთი. კორონაროგრაფიის დასრულების შემდეგ არტერიის პუნქციის ადგილზე იდება დამწოლი ნახვევი 12-24 საათის განმავლობაში.
კორონაროგრაფიის ჩვენებებს განსაზღვრავს ექიმი-კარდიოლოგი.

- რაში მდგომარეობს  კორონარული არტერიების სტენტირების არსი?

- კორონარული არტერიების ბალონური დილატაცია და სტენტირება გულისხმობს შევიწროებული სისხლძარღვების სეგმენტის მექანიკურ გაფართოებას სპეციალური მასალების (ბალონური კათეტერი, სტენტი) გამოყენებით.

კორონარული სტენტირება, ისევე როგორც კორონაროგრაფია, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, სხივის (ან ბარძაყის) არტერიიდან, ქირურგიული განაკვეთის გარეშე.  

კორონარულ არტერიაში შეჰყავთ ჯერ ბალონური კათეტერი და ახდენენ მისი შევიწროებული ნაწილის გაფართოებას, ხოლო შემდეგ მიღებული შედეგის (სისხლძარღვის სანათურის გამავლობის)
ფიქსირებისათვის, ხდება სტენტის იმპლანტაცია.

დაგვიმეგობრდით

trance