რა უნდა ვიცოდეთ ასთმის შესახებ- ინტერვიუ პულმონოლოგთან

რა უნდა ვიცოდეთ ასთმის შესახებ- ინტერვიუ პულმონოლოგთან

გვესაუბრება "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" პულმონოლოგი ნანი გონჯილაშვილი.

- რა არის ასთმა?

- ასთმა, არის დაავადება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას. სიმპტომები შესაძლებელია იყოს მსუბუქი ან მძიმე. შესაძლებელია ჰქონდეს არარეგულარული გამოვლინება - პაციენტს დაემართოს დაავადების გამო სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, მშრალი ხველა, რომელიც მკურნალობის ფონზე შესაძლებელია სრულად გაქრეს.

არსებობს ცნება ასთმის "შეტევა“, რომელიც გულისხმობს დაავადების სიმპტომების მოულოდნელ გაჩენას. ეს მაშინ ხდება, როდესაც სასუნთქი გზები ვიწროვდება და ფილტვის ქსოვილი შეიბერება. ასთმას შესაძლებელია ჰქონდეს ოჯახური განწყობა.

ასთმის სიმპტომებია:

  • ხმაურიანი სუნთქვა ან მკვნესარე სუნთქვა;
  • ხველა;
  • გულმკერდში დაჭიმულობის შეგრძნება;
  • სუნთქვის გაძნელება.

სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ყოველ დღე, ყოველ კვირა, ან ნაკლები სიხშირით.

- როგორ შეიძლება ასთმის სიმპტომების თავიდან აცილება?

- არსებობს გარკვეული პრევენციული ზომები, რომელიც შეიძლება დაეხმაროს პაციენტს ასთმის შეტევების თავიდან აცილებაში.

ზოგადი რეკომენდაციები:

  • პოტენციური "გამშვებების“ თავიდან აცილება: გამშვებებში მოიაზრება მაგალითად თამბაქოს მოხმარება, ჰაერის დაბინძურება, მტვერი, სოკო, ძლიერი ქიმიკატები, ძალიან ცივი ან ძალიან მშრალი ჰაერი;
  • ზოგიერთი ადამიანის შემთვევაში შეიძლება იყოს გარკვეულ ცხოველთან ახლო კონტაქტი. "გამშვებებში“ შეგვიძლია მოვიაზროთ ასევე სტრესი და ფიზიკური დატვირთვა. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ასთმის სიმპტომები ვითარდება ისეთი მედიკამენტების გამოყენებისას, როგორიცაა ასპირინი ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგალითად იბუპროფენი, ნაპროქსენი);
  • ავად გახდომის რისკის შემცირება - ინფექციების თავიდან აცილება, მათ შორის გრიპი, კორონავირუსული ინფექცია და სხვა. მნიშვნელოვანია რეკომენდირებული აცრების ჩატარება

ასევე მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ სამკურნალო საშუალების გამოყენების სწორი ტექნიკა, ამისთვის შესაძლებელია დაგვჭირდეს რამოდენიმეჯერ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შესუნთქვის ჩვენება

გამწვავებების თავიდან აცილებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგულარული ვიზიტები ექიმთან, სულ მცირე 6 თვეში ერთხელ. ექიმი შეაფასებს მიმდინარე ჩივილების სიხშირეს და ინტენსივობას და შესაბამისად დააკორექტირებს დანიშნულებას.

- როდის უნდა დაურეკოთ 112-ს?

- დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა თუ აღგენიშნათ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომთაგანი:

  • სუნთქვის გაძნელება;
  • ტუჩების და ფრჩხილების გალურჯება.

უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება ან ვიზიტის დაგეგმვა, თუ

  • განვითარდა ასთმის შეტევა და სიმპტომები არ უმჯობესდება ან უარესდება სწრაფი მოქმედების ბრონქების გამაფართოვებელ საშუალებაზე;
  • თუ საჭიროა სწრაფი ბრონქოსპაზმის მომხსნელი პრეპარატის გამოყენება კვირაში 2-ზე მეტად;
  • თუ ჩვეული ყოველდღიური აქტივოვები შეზღუდულია ასთმის სიმპტომების გამო;
  • პრეპარატის გამოყენებაზე ნებისმიერი დამატებითი კითხვის გაჩენის შემთხვევაში.

"აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" პულმონოლოგიურ დეპარტამენტში მიმდინარეობს ისეთი პაციენტების მართვა, რომელთაც აღენიშნებათ სასუნთქი გზების მწვავე ან ქრონიკული დაავადები: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და მისი გამწვავება, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები, მწვავე პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, ბრონქული ასთმა გამწვავებით, ობსტრუქციული ძილის აპნოე, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, პლევრალური გამონაჟონი.

დაავადებების მართვა ხდება მოწოდებული საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით.


დაგვიმეგობრდით

trance