“აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში” უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა კარდიომოწყობილობის იმპლანტაცია. მათ შორის არის კარდიოსტიმულატორი, რომლის იმპლანტაციის ჩვენებაზე გვესაუბრება კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ქირურგიის სტაციონარის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი, რითმოლოგი ნიკა ქურიძე.
-რა დროს ხდება საჭირო პაციენტებში კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია და საერთოდაც, რას წარმოადგენს ეს კარდიომოწყობილობა?
- კარდიოსტიმულატორი წარმოადგენს მცირე ზომის თანამედროვე მოწყობილობას, რომელიც ადგილობრივი გაუტკივარებით ინერგება კანქვეშ, ლავიწქვეშა მიდამოში. მას უერთდება ელექტროსადენები, რომლის მეორე ბოლო მაგრდება გულში.
კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია ხდება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ბრადიკარდიის დროს.
-რა არის ბრადიკარდია და რას წარმოადგენს კარდიოსტიმულატორის მთავარ ფუნქციას?
- ნორმალურ პირობებში 1 წუთის განმავლობაში გული იკუმშება 60-90-ჯერ, რაც შესაბამისად გულისხმობს იმას, რომ 1 წთ-ში პულსი უნდა იყოს 60-90 ფარგლებში.
სხვადასხვა შეუქცევადი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს გულის შეკუმშვათა სიხშირის ნორმიდან გადახრა და პულსი იყოს 60-ზე ნაკლები 1 წთ-ში. ამას უკვე ეწოდება ბრადიკარდია.
კარდიოსტიმულატორის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კი სწორედ ის არის, რომ გულს ნორმალური გულისცემის სიხშირის შენარჩუნებაში დაეხმაროს.
-რა სიმპტომები აღენიშნებათ პაციენტებს ბრადიკარდიის დროს?
- ძირითადად პაციენტები უჩივიან საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას, ტენდენციას გონების კარგვისკენ ან იშვიათ შემთხვევში გონების კარგვასაც.
ასევე აღსანიშნავია ცხოვრების ხარისხის გაუარესება, რაც პაციენტების დიდ ნაწილში გვხვდება.
-აქვს თუ არა მნიშვნელოვანი შეზღუდვები პაციენტებს კარდისტიმულატორის იმპლანტაციის შემდეგ ?
- არა, მნიშვნელოვანი შეზღუდვები არ აქვს. არის გარკვეული შეზღუდვები და წესები, რომელიც პაციენტმა უნდა დაიცვას, თუმცა ეს არ წარმოადგენს მათი ყოველდღიური ცხოვრებისთვის ხელშემშლელ ფაქტორს.