გვესაუბრება "ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" რითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახაბერ ეცადაშვილი.
რამდენად ხშირია უეცარი სიკვდილის შემთხვევვები?
უეცარი სიკვდილი გარდაცვალების ერთერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში. ყოველწლიურად ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ ფიქსირდება დაახ. 350 000 უეცარი სიკვდილის შემთხვევა. შესაბამისად მისი რაოდენობა აღემატება სარძევე ჯირკვლის, კუჭისა და კოლორექტული სიმსივნეებით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევებს. ამასან, უეცარი სიკვდილის უმეტესობა გამოწვეულია კარდიული მიზეზებით და ცნობილია როგორც "უეცარი კარდიული სიკვდილი“.
როგორ განისაზღვრება უეცარი კარდიული სიკვდილი?
ზოგადად "უეცარი“ კარდიული სიკვდილის განმარტება იცვლებოდა დროთა განმავლობაში. დღეისთვის უეცარი კარდიული სიკვდილი განისაზღვრება როგორც მანამდე უცნობი კარდიული დაავადებების სიმპტომების აღმოცენებიდან 1 საათში დამდგარი სიკვდილი.
რომელია უეცარი კარდიული სიკვდილის უხშირესი მიზეზი?
საზოგადოდ აღიარებულია, რომ სხვადასხვა ასაკში უეცარი კარდიული სიკვდილის ეტიოლოგია განსხვავებულია. უეცარი კარდიული სიკვდილი ძალზედ იშვიათია ჩვილებსა და ბავშვებში. აშშ მონაცემებით მოზარდებში აღწერილია დაახ. 0.6-6.2 უეცარი კარდიული სიკვდილის შემთხვევა 100 000 პაციენტზე. ამათგან 25% ვითარდება ფიზიკური აქტივობის, მაგ. სპორტული შეჯიბრებების დროს. მიზეზი გულისა და/ან დიდი სისხლძარღვების ანომალიები ან გენეტიკური არითმოგენული დაავადებებებია. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ზრდასრულებში კი სიკვდილის უხშირესი მიზეზეზბი მიოკარდიტები, კარდიომიპათიები და გულის რიტმის დარღვევებია. ასაკოვან პირებში კი სისხლის მიმოქცევის დარღვევები, მათ შორის მიოკარიდუმის ინფარქტია უეცარი სიკვდილის ძირითადი მიზეზი.
საბოლოოდ ასაკისაგან დამოუკიდებლად გამოიყოფა უეცარი კარდიული სიკვდილის ორი ძირითად მიზეზი: კორონარული ან არაკორონარული მიზეზები. შესაბამისად უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციისთვის პირველ რიგში აუცილებელია მიზეზების დროული ამოცნობა და შესაბამისი დროული მკურნალობის ჩატარება. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მიუხედავად ოპტიმალური მკურნალობისა, კვლავ მაღალი რჩება უეცარი კარდიული სიკვდილის რისკი. უეცარი კარდიული სიკვდილის რისკი განსაკუთრებით მაღალია გულის შეგუბებითი უკმარისობის, მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ იმ პაციენტებთან, რომლებთანაც მიუხედავად ოპტიმალური მედიკამენტური მკურნალობისა, სტაბილურად ფიქსირდება მკვეტრად დაქვეითებული მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია; ასევე არითმოგენული გენეტიკური დაავადებების დროს. ასეთ დროს პაციენტებს ვთავაზობთ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციას.
უეცარი სიკვდილისგან დაცვის ეფექტური საშუალება შესაბამის პაციენტებში არის იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი
რას წარმოადგენს იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი?
იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიები და ავტომატურ რეჟიმში განახორციელოს არითმიის კუპირება ანტიტაქიკარიდული ზეხშირი სტიმულაციით ან ელექტული დეფიბრილაციით (განმუტხვით). აღსანიშნავია, რომ არითმიის ამოცნობისა და მკურნალობისათვის აგრეგატს სულ რამოდენიმე წამი სჭირდება.
თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, პაციენტს შესაძლებელია შევთავაზოთ ერთ, ორ ან სამკამერიანი კარიდოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია. იმპლანტაციის პროცედურა, როგორც წესი, ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით და პროცედურიდან მეორე დღეს პაციენტი ეწერება ბინაზე. პროცედურის შემდეგ აუცილებელია აგრეგატის პერიოდული შემოწმება.
მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს და გაითვალისწინოთ მისი რჩევები.