მავნე და სასარგებლო პროდუქტები გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის

მავნე და სასარგებლო პროდუქტები გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-ენდოკრიონოლოგი, მედიცინის დოქტორი, მედეა ამაშუკელი.


"ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების" უახლესი მონაცემებით, სამწუხაროდ საქართველო მიეკუთვნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი გავრცელების ქვეყნების რიგს.


დიეტა აუცილებლია პირველ რიგში იმისათვის, რომ არ განვითარდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და თუ უკვე განვითარებულია, არ განიცადოს შემდგომი პროგრესირება. ანუ ეს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ როგორც ჯანმრთელმა, ისე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებმა.

ცხიმები იყოფა სასარგებლო და არასასარგებლო ცხიმებად. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია უპირატესობა მივანიჭოთ სასარგებლო - უჯერ ცხიმებს და მაქსიმალურად შევზღუდოთ არასასარგებლო -ნაჯერი და ტრანს-ცხიმების მოხმარება.


განსაკუთრებით სასარგებლოა და დიდი რაოდენობით უჯერ ცხიმებს შეიცავს ზეითუნის ზეთი, ნიგოზი, თხილი, ნუში, თევზის ცხიმი. სწორედ ეს ცხიმები უნდა შეადგენდეს ცხიმის ძირითად წყაროს ჩვენს რაციონში. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია თევზის მიღება მინიმუმ 2-ჯერ კვირაში, მათ შორის ერთხელ - ცხიმიანის. სასარგებლო სახეობებს მიეკუთვნება ქაშაყი, სკუმბრია, ორაგული, ფერადი კალმახი.  


უნდა შევზღუდოთ არასასარგებლო, ნაჯერი ცხიმების შემცველი პროდუქტები, როგორიცაა კარაქი, ერბო, ნაღები, ყველი, ცხოველის ცხიმი, ძეხვეული, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, კაკაოს ზეთი.


საერთოდ უნდა ავკრძალოთ ტრანს-უჯერი ცხიმები, რომელსაც შეიცავს მცენარეული მარგარინები, სპრედები და მათი გამოყენებით დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი, სწრაფი კვების პროდუქტები. დიდმა და ავტორიტეტულმა საკვების მწარმოებლოებმა აშშ-სა და ევროპაში საერთოდ აკრძალეს მარგარინების გამოყენება.


გულისთვის სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული, რადგან შეიცავენ დიდი რაოდენობით ვიტამინებს, კალიუმს და ბოჭკოს, ამასთან ისინი დაბალკალორიული პროდუქტებია და გვეხმარება წონისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება გვირჩევს მინიმუმ 200 გ ხილისა და 200 გ ბოსტნეულის მიღებას დღეში, უმჯობესია ცოცხალი სახით.


სასარგებლო პროდუქტების რიგს მიეკუთვნება ბურღულეული და პურეული. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს, რომელიც ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამცირებს ცხიმებისა და ნახშირწყლების შეწოვას. ასეთია ხორბალი, ქერი, წიწიბურა, ჰერკულესი, შვრია, ყავისფერი ბრინჯი. მხოლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტები იყოს უხეშად დამუშავებული, არარაფინირებული, რადგან სწორედ მარცვლეულის გარსსა და ჩანასახშია საკვები ბოჭკო და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. ამიტომ არასასარგებლოა თეთრი ფქვილისგან დამზადებული პურ-პროდუქტები და სასარგებლოა ე.წ. ცეხვილი ფქვილისგან დამზადებული პური. ასევე რეკომენდაციას გავუწევდი ჭვავისა და ქატოს შემცველ პურეულს.


გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია შევზღუდოთ სუფრის მარილის და ალკოჰოლის რაოდენობა რაციონში. "ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების" მიერ რეკომენდებულია არა-უმეტეს 5 გ-ის მიღება (ეს არის ერთი ჩაის კოვზი - დღის განსავლობაში). "ამერიკის გულის ასოციაცია" კიდევ უფრო მკაცრია ამ თვალსაზრისით და ნორმის ზედა ზღვრად ასახელებს 2.4 გ.


რაც შეეხება ალკოჰოლს, უმჯობესია თუ საერთოდ არ მივიღებთ, თუ მივიღებთ, მისი რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 20 გ მამაკაცებისთვის და 10 გ ქალებისთვის. 10 გ ალკოჰოლს შეიცავს 150 მლ ღვინო (12%), 40 მლ მაგარი სპირტიანი სასმელები (40%) - ვისკი, არაყი, ჯინი, ტეკილა, 350 მლ ლუდი (5%).


უკანასკნელი კვლევების მონაცემებით, ტკბილი გაზიანი სასმელების რეგულარული მოხმარება ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს. ამიტომ უმჯობესია მივიღოთ წყალი და მინერალური წყალი და უარი ვთვათ ტკბილ სასმელებს, კომპოტებსა და ე.წ. ნატურალურ წვენებზე.

დაგვიმეგობრდით

trance