ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნონა დოლიძე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიო პოპულაციაში ნომერი პირველი "მკვლელი“ სწორედ ათეროსკლეროზით გამოწვეული გულის კორონარული დაავადებაა. აქედან გამომდინარე, ძალიან სასურველია ყველას, განსაკუთრებით კი პაციენტებს საკმარისი ცოდნა გააჩნდეთ ამ ვერაგი დაავადების შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ მისი განვითარება. 


ადამიანი იბადება ჯანსაღი და ელასტიური არტერიებით. არტერიები ის მსხვილი სისხლძარღვებია, რომელთა მეშვეობით სისხლით მარაგდება გული, ტვინი, თირკმლები, ქვემო კიდურები და ყველა სასიცოცხლო ორგანო. ბუნებრივია, რომ რაც უფრო საღია არტერიები, მით უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელია ადამიანი, რადგანაც ორგანიზმში არსებულ ყველა ორგანოსა და უჯრედს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით სწორედ არტერიები ამარაგებს. არსებობს ასეთი გამონათქვამი: "ადამიანი იმდენად ხანდაზმულია, რამდენადაც მისი არტერიები“. დროთა განმავლობაში არტერიების შიგნითა ზედაპირზე გროვდება ცხიმისმაგვარი მოყვითალო ფერის ჩანართები, რომლებიც დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზულ ფოლაქებად, ანუ ათერომებად გარდაიქმნება. 


ამის გამო სისხლძარღვი დეფორმაციას განიცდის, გაცილებით მკვრივი და ნაკლებად ელასტიური ხდება. სწორედ ათერომებია იმ დაავადების მიზეზი, რასაც ათეროსკლეროზი ქვია. თავად სიტყვა "ათეროსკლეროზი“ ორი ბერძნული სიტყვისგან შედგება − "ათერო“ და "სკლეროზი“, რაც თხელ ფაფისმაგვარ შიგთავსს და გამკვრივებას ნიშნავს. ათერომა შედგება ბირთვისა და შემომგარსველი კაფსულისაგან. ბირთვის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი ქოლესტეროლია, რომლის რაოდენობის სისხლში მომატების შემთხვევაში ხდება ათერომის ზომის გაზრდა და ამის ხარჯზე სისხლძარღვის სანათურის თანდათანობითი შევიწროება. პროცესი წლებისა და ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს. 


ამიტომ არის, რომ ათეროსკლეროზი ქრონიკული, ნელა პროგრესირებადი დაავადებაა, თუმცა, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად აგრესიული მიმდინარეობითაც ხასიათდება. ათეროსკლეროზის შედეგად მცირდება არტერიების კალიბრი, რის გამოც სისხლის შემადგენელი კომპონენტები მათში თავისუფალ გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ და არტერიის შიგნით წარმოქმნილ ამობურცულ ადგილებზე ერთგვარ ამბოხებას აწყობენ. იქმნება თრომბების წარმოქმნის საშიშროება, სისხლის ნორმალური მიმოქცევა აღარ ხდება, იგი ხომ მუდმივი "მტვირთავი“ გახლავთ, რომელიც ორგანოებისკენ ეზიდება ყველა იმ აუცილებელ ნივთიერებას, რაც თითოეულ მათგანს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება, ხოლო მათგან გამოაქვს არასაჭირო ნივთიერებები.


 ამ პროცესების გამო ფერხდება ორგანოებისა და ქსოვილების სისხლით ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შესაბამისად მომარაგება და შედეგად, ვითარდება მათი "ჟანგბადოვანი შიმშილი“, ანუ იშემია. ათერომის დამცავი გარსი მასში მიმდინარე ანთებითი პროცესების გამო რბილდება, იხლიჩება და სკდება, მისი შიგთავსი გადმოიღვრება სისხლძარღვის სანათურში, რასაც თან ახლავს თრომბის წარმოქმნა, არტერიის მყისიერი შევიწროება და სანათურის სრული დახშობაც კი.


ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, კლინიკურად ვლინდება გულის კუნთის ინფარქტით, ინსულტით, ქვემო კიდურების განგრენით. ათეროსკლეროზის არანაკლებ მძიმე გართულებაა ასევე ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მსხვილი, მაგისტრალური არტერიის − გულმკერდისა და მუცლის აორტის ანევრიზმა, რომელიც ხასიათდება უეცარი გასკდომითა და სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენით. ასე რომ, ათეროსკლეროზის კლინიკური გამოვლინება პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.



დაგვიმეგობრდით

trance