კისრის და თავის ტვინის  სისხლძარღვების CT ანგიოგრაფია

კისრის და თავის ტვინის სისხლძარღვების CT ანგიოგრაფია "ჩაფიძის გულის ცენტრში"

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თინათინ სერგულაძე.

კისრის და თავის ტვინის ( ბრაქიოცეფალური) სისხლძარღვების ვიზუალიზაცია გვაძლევს მნიშვნელოვან საშუალებას ტვინის დაავადებების გამოკვლევაში.კისრის სისხლძარღვების კომპიუტერული ტომოგრაფიის მეთოდით ვლინდება სისხლძარღვთა კედლის და სანათურის სხვადასხვა პათოლოგიური ცვლილება: შევიწროება, ანევრიზმა, დეფორმაცია ,თანდაყოლილი ანომალიები და სხვ.

თანამედროვე მრავალშრიან ტომოგრაფებს სხეულზე მნიშვნელოვნად დაბალი რადიაციული დატვირთვა აქვს, ამიტომ პროცედურა უსაფრთხოა და გვაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას. კისრისა და ტვინის სისხლძარღვებს შორის მჭიდრო კონტაკტის გამო ხშირად ამ ზონების დათვალიერება ერთდროულად ტარდება.

რას აჩვენებს კისრის CT ანგიოგრაფია?

მიღებულ CT სურათებზე კარგად ჩანს საძილე აუზის ძირითადი სისხლძარღვები: საერთო საძილე არტერია, ასევე გარეთა და შიდა არტერიების ყველა ნაწილი ,ამავდროულად, კარგად ვიზუალიზირდება ხერხემლის არტერიების ყველა სეგმენტი. გარდა ამისა, განისაზღვრება საუღლე ვენების მდგომარეობა (CT ვენოგრაფია) და პარალელურად ირგვლივ განლაგებული ორგანოების გამოკვლევა. ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ პათოლოგიის შემდეგი ტიპები:

◦ ანევრიზმები;

◦ ათეროსკლეროზული ფოლაქის, თრომბის გამო სტენოზი;

◦ სისხლძარღვების პათოლოგიური დევიაცია;

◦ განვითარების ანომალიები;

◦ ანთებითი, აუტოიმუნური წარმოშობის ვასკულიტი;

◦ ტრავმული დაზიანებები;

◦ სისხლძარღვების კომპრესია მიმდებარე წარმონაქმნების მიერ (სიმსივნე, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერტროფია).

ვინაიდან საძილე და ვერტებრობაზილარული აუზის არტერიები უშუალოდ მონაწილეობენ თავის ტვინის სისხლით მომარაგებაში, ათეროსკლეროზის ფონზე ვითარდება ცერებროვასკულური დაავადებები. ეს ხშირი ჩვენებაა კისრის და თავის ტვინის არტერიების კომპიუტერული გამოკვლევისთვის. პათოლოგიის სიმპტომები შეიძლება იყოს: განმეორებითი ტკივილი თავის არეში, თავბრუსხვევა, გონების უეცარი დაკარგვა, ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომები (პარეზი, მგრძნობელობის დარღვევა). ზოგჯერ სისხლძარღვთა დაზიანების ნიშნებია შეშუპება კისერზე, რბილი ქსოვილების მგრძნობელობა პალპაციით. ჩვეულებრივ, კისრის სისხლძარღვების ანგიოგრაფია ტარდება არტერიების და ვენების დუპლექსის სკანირების შემდეგ - სისხლის ნაკადის პათოლოგიური ცვლილებით რეკომენდებულია კომპიუტერული ტომოგრაფია.

თავის ტვინისა და კისრის სისხლძარღვების CT ანგიოგრაფია განსაკუთრებით ნაჩვენებია მწვავე შემთხვევის შემდეგ (ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა). ამ შემთხვევაში ხშირად შესაძლებელია თავის ტვინის დაავადების მიზეზის დადგენა და მისი განმეორების პრევენცია. ზოგჯერ CT ანგიოგრაფიაზე გამოვლენილი ცვლილებების დროს ხდება სისხლძარღვთა ქირურგის ქირურგიული მკურნალობის ჩვენება. ასევე, გამოკვლევა გამოიყენება თრომბოლიზის ეფექტურობის მონიტორინგისთვის - თრომბის "დაშლა“ სპეციალური პრეპარატებით. ასევე რეკომენდებულია კტ ანგიოგრაფიის გამოკვლევები ჩაუტარდეს პაციენტებს, რომლებსაც ოდესმე გაუკეთდა ოპერაცია კისრის ან თავის ტვინის სისხლძარღვებზე, რადგან მეთოდი გამოირჩევა სრული მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციით ოპერაციის შემდგომ ზონაში .

დაგვიმეგობრდით

trance