გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახაბერ ეცადაშვილი.
ზოგადად ყველა მდგომარეობას, როცა ირღვევა გულისცემის რეგულარული მუშაობა, არითმია ეწოდება.
ფიზიოლოგიური მოვლენაა და მეტ-ნაკლებად ყველას, განსაკუთრებით კი, ბავშვებს ახასიათებთ, ე.წ. სუნთქვითი არითმია. ამ დროს ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას თან ახლავ გულისცემის შენელება-გახშირება.
ასევე ფიზიოლოგიურ მოვლენად ითვლება დღე-ღამეში გულისცემის რამდენიმე არარეგულარული შეკუმშვა, ექსტრასისტოლა, რასაც პაციენტები "გულისცემის გამოვარდნად“ აღიქვამენ. თუმცა ხშირი ექსტრასისტოლა საყურადღებოა და საჭიროებს მკურნალობას.
არითმიები შეიძლება გამოვლინდეს გულისცემის შენელებით და მათ ბრადიარითმიები ეწოდებათ. ამ ტიპის ზოგიერთი მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას იმპლანტირებადი მოწყობილობის - გულის რიტმის ხელოვნური წარმმართველის, ე.წ. პეისმეკერის იმპლანტაციას.
ზოგჯერ არითმიები გულისცემის აჩქარებით ვლინდება. აღნიშნულ მდგომარეობებს ტაქიკარდიები ეწოდება.
გულისცემის აჩქარების დროს მედიკამენტური მკურნალობა შესაძლო არაეფექტური გამოდგეს და ასეთ შემთხვევებში საჭირო ხდება ინვაზიური პროცედურის ჩატარება, როდესაც ხდება არითმოგენული კერის დაზიანება. ამ ჩარევას აბლაცია ეწოდება და როგორც წესი, პაციენტების სრული გამოჯანმრთელებით სრულდება.
გარკვეული დაავადებების დროს, მიუხედავად ოპტიმალური მკურნალობისა, მაღალი რჩება უეცარი კარდიული სიკვდილის რისკი. ასეთ დროს პაციენტებს ვთავაზობთ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციას.
აღნიშნულ აგრეგატს შეუძლია ამოიცნოს სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიები და ავტომატურ რეჟიმში განახორციელოს მათი კუპირება ანტიტაქიკარიდული ზეხშირი სტიმულაციით ან ელექტრული დეფიბრილაციით (განმუხტვით). აღსანიშნავია, რომ არითმიის ამოცნობისა და მკურნალობისათვის აგრეგატს სულ რამდენიმე წამი სჭირდება.
არითმიების თვითმკურნალობა დაუშვებელია, მედიკამენტის თვითნებურმა მიღებამ შესაძლოა სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს. ამიტომ პაციენტებს ვურჩევთ არითმიის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.