მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გადატანის შემდგომ ადამიანი სრულფასოვან ცხოვრებას რომ დაუბრუნდეს, აუცილებელია რეაბილიტაცია. რას მოიცავს რეაბილიტაციის პროცესი?
რამდენად მნიშვნელოვანია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი?
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტგადატანილთა შორის ყველაზე დიდია სიკვდილობისა და რეკურენტული, ანუ გულის კუნთის განმეორებითი ინფარქტის განვითარების შანსი. აღნიშნულს განაპირობებს არსებული ათეროსკლეროზული პროცესი, რომელსაც ხშირად აგრესიული ხასიათი აქვს და ძალიან ჩქარი ტემპით აზიანებს კორონარულ არტერიებს. ეს ეხება განსაკუთრებით იმ პაციენტებს, რომელთაც მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ჩაუტარდათ მიოკარდიუმის რევასკულარიზაცია, რაც უხშირეს შემთხვევებში ხდება. იგულისხმება კორონარული შუნტირების ოპერაცია და კორონარული სტენტირება. ამის გამო მიმდინარე ათეროსკლეროზული პროცესი აზიანებს არამხოლოდ ნატიურ არტერიებს, არამედ სტენტებსა და შუნტებსაც. თვით სრული და წარმატებით ჩატარებული რევასკულარიზაციის შემდეგ რესტენოზები და ვენური შუნტების სტენოზები კორონარული შუნტირების ოპერაციისა და კორონარული ანგიოპლასტიკა/სტენტირების "აქილევსის ქუსლად“ რჩება.
ეს სწორედ ის მნიშვნელოვანი არგუმენტებია, რაც რეაბილიტაციის ჩატარების აუცილებლობას განაპირობებს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გადატანის შემდეგ. მსოფლიოს სამი ყველაზე ავტორიტეტული კარდიოლოგიური ორგანიზაციის - ამერიკის გულის ასოციაციის, ამერიკის კარდიოლოგიური კოლეჯისა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ გულის კორონარული დაავადებით პაციენტთა მკურნალობის სქემაში კარდიული რეაბილიტაციის ჩართვა ნაჩვენებია ყველაზე მაღალი კლასისა და დონის რეკომენდაციებით.
მიმდინარე საუკუნეში მსოფლიოს ქვეყნებში უამრავი კვლევაა ჩატარებული, რომელთა შედეგები ადასტურებს მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ მკურნალობის აღნიშნული მიმართულების მკვეთრად პოზიტიურ მნიშვნელობას დაავადების კლინიკურ გამოსავალზე, სიკვდილობაზე, კორონარული შუნტირებისა და სტენტირების შედეგებზე, ინფარქტით გამოწვეული გულის უკმარისობის მიმდინარეობაზე. ვინაიდან ჩვენ თანამედროვე მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებისა და ევროპის წევრი ვართ, აღნიშნული საერთაშორისო რეკომენდაციის მიხედვით, ყველა კარდიოლოგიურ ჰოსპიტალს, სადაც რეაბილიტაციის სისტემა ფუნქციონირებს, შეუძლია იამაყოს სრულყოფილი კარდიოლოგიური სამსახურის არსებობით, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის მიხედვით ძალიან მაღალი რისკის ქვეყნების რიცხვშია როგორც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დიდი უმრავლესობა.
რა მიზანს ისახავს ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია?
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია იწვევს გვირგვინოვან არტერიებში ათეროსკლეროზული პროცესის შეფერხება/შეჩერებას, რის საფუძველზეც მნიშვნელოვნად მცირდება სიკვდილობის, ინფარქტის ახალი ინციდენტების, გართულებების, კორონარული შუნტირებისა და სტენტირების განმეორებითი შემთხვევების, რეჰოსპიტალიზაციის რისკი, ასევე მნიშვნელოვნად იკლებს დეპრესია და შფოთვა, რაც ასე დამახასიათებელია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და მის შემდგომ პერიოდში. ამის შედეგად უმჯობესდება პაციენტის ფუნქციური უნარი, ანუ ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობა, ცხოვრების ხარისხი და იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა. აი, ეს არის ცალსახად რეაბილიტაციის უშუალო მიზანი. დამეთანხმებით, რას უნდა ველოდეთ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდისგან ამაზე მეტს.
როდის უნდა დაიწყოს რეაბილიტაცია?
ყველა კარდიოლოგს, ვისაც გასულ საუკუნეში პაციენტებთან უმუშავია, კარგად ახსოვს, რამდენად ხანგრძლივდებოდა პაციენტის წოლითი რეჯიმი და მობილიზაცია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პერიოდში. პაციენტის საწოლში იმობილიზაცია მკურნალობის რუტინული მეთოდი იყო მაშინაც კი, როცა ინფარქტი გაურთულებლად მიმდინარეობა. ეს დაავადება ვარჯიშზე დამყარებული კარდიორეაბილიტაციის სრულ წინააღმდეგ ჩვენებად ითვლებოდა. ამჟამად კი ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა, რეაბილიტაცია პაციენტის მკურნალობის სტანდარტი გახდა, რადგან საკმაოდ ანთელია ამ არასასურველი ადინამიის ნეგატიური გავლენა მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობასა და პროგნოზზე, რეაბილიტაციის პროცედურები იწყება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პერიოდში, მაშინვე, როგორც კი პაციენტის კლინიკური სტატუსი სტაბილურია და არ არის ინფარქტით გამოწვეული მძიმე გართულებები, მაგალითად, გულის მწვავე უკმარისობა, არაკონტროლირებადი არითმია, არტერიული წნევის მყარი ელევაცია და ა.შ.
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს რეაბილიტაციის პროცესი და რაზეა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებული?
ამ კითხვაზე შემიძლია ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაგცეთ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კარდიული რეაბილიტაცია (იგულისხმება გულის კორონარული დაავადება, უპირველესად, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი) უნდა იყოს პაციენტის მკურნალობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ფაქტობრივად, მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში.
რა ეტაპებს მოიცავს და რას გულისხმობს ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია?
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სემდეგ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის არის, რომ პაციენტი კლინიკიდან გაეწეროს დამაკმაყოფილებელი კლინიკური სტატუსით, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამ კლინიკური სტატუსის შენარჩუნებაა. მიოკარდიუმის ინფარქტის მკურჯნალობა ორიენტირებული უნდა იყოს დაავადების როგორც ახლო, ისე შორეულ კლინიკურ გამოსავაალზე.
ამიტომ, ტრადიციულად, კარდიული რეაბილიტაციის 3 ფაზა არსებობს:
- I ფაზა ჰოსპიტალურია და ტარდება ჰოსპიტალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
- II ფაზა ამბულატორიულია, იწყება პაციენტის ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ 2-6 კვირაში და გრძელდება წლების განმავლობაში, იდეალურად - პაციენტის მთელი ცხოვრების მანძილზე.
- კარდიორეაბილიტაციის I - ჰოსპიტალური ფაზა გულისხმობს იმობილიზებული და დეკონდიცირებული პაციენტის მობილიზაციას, მის ფიზიკურ აქტივაციასა და ადაპტაციის კომპლექსური ფიზიოთერაპიული პროცედურების საშუალებით სპეციალურად შედგენილი ინდივიდუალური პროგრამების და გახანგრძლივებულად ნელი პროგრამები, რაც პაციენტის კლინიკური სტატუსის სიმძიმეზეა დამოკიდებული.
- კარდიორეაბილიტაციის II და III - ამბულატორიული ფაზა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ველოერგოტრენაჟორზე მკაცრად დოზირებულ და რეგლამენტირებულ ტრენინგებს სპეციალური ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამებით და საჭიროებს კომპეტენტური კარდიოლოგის მკაცრ სუპერვიზებას რისკის წინასწარი სტრატიფიკაციისა და ჩვენება/წინააღდმეგჩვენების გათვალისწინებით.
აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პაციენტი, რომელსაც გადატანილი აქვს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ფიტნეს დარბაზებში ვარჯიშობს ისე, რომ არც კი იცის, მის გულს რა დატვირთვის ატანა შეუძლია. ეს არადოზირებული ვარჯიშემის ექიმის მეთვალყურეობის გარეშე დაუშვებელია და შესაძლოა სავალალო შედეგითაც კი დამტავრდეს. ასე რომ, ამ ვერაგი დაავადების გადატანის შემდეგ ფიზიკური აქტივობა მკაცრად უნდა იყოს ექიმის მიერ რეკომენდებული.
ჩვენ კლინიკაში ტარდება ე.წ. სიარულის ტესტი, რომლის შედეგების მიხედვით ვაფასებთ არამხოლოდ მოცემულ მომენტში პაციენტის ფუნქციურ უნარს, არამედ ვაძლევთ რეკომენდაციებს, თუ როგორი უნდა იყოს კონკრეტულად მისთვის უსაფრთხო სავარჯიშო გულისცემის სიხშირე (პულსი) და ფიზიკური დატვირთვის დონე.
რამდენ ხანშია შესაძლებელი ფიზიკური აქტივობა და როგორ უნდა გაიზარდოს მისი ინტენსივობა?
უკვე აღვნიშნე, რომ ფიზიკური აქტივობა იწყება მაშინვე, როგორც კი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი დასტაბილურდება, არ ახლავს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. უხშირეს შემთხვევაში რეაბილიტაცია იწყება ჰოსპიტალიზაციის პირველივე დღებიდან დაგრძელდება სტაციონარში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, ბინაზე გაწერის დღის ჩათვლით. რეაბილიტაციის პროცესი სრულდება თითოეული პაციენტისთვის შედგენილი პროგრამის მიხედვით როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში და დამყარებულია ფიზიკური დატვირთვის 3 ძირითად პარამეტრზე - ინტენსიცობა, ხანგრძლივობა და სიხშირე. სამივე პარამეტრი დოზირებულად კორექტირდება თითოეული პაციენტის კლინიკური სტატუსის და ფიზიკური დატვირთვის უნარის მიხედვით, რეაბილიტაციის ექიმისა და რეაბილიტოლოგის მიერ.
რას მოიცას ფიზიკური აქტოვობა?
ფიზიკური თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ გულისხმობს აერობულ, რეზისტენტულ, რესპირატორულ, სტატიკურ და დინამიკურ ვარჯიშებს. მძიმე კატეგორიის პაციენტთა (საწოლში იმობილიზაცია, ინტუბირებული, უგონო მდგომარეობა) დროული მობილიზაციისთვის რუტინული რეაბილიტაციის პარალელურად, ხშირ შემთხვევაში, გამოიყენება დამატებითი მეთოდები. ერთ-ერთი მათგანია საწოლის ერგომეტრით პასიური და აქტიური დოზირებული ვარჯიშები.
ჟურნალი "ოჯახის მკურნალი"
იანვარი, 2022