რჩევები პაციენტებს კორონარული სტენტირების ჩატარების შემდეგ

რჩევები პაციენტებს კორონარული სტენტირების ჩატარების შემდეგ

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე ათეროსკლეროზი მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აქტუალური პრობლემაა. უამრავი კვლევა ჩატარდა, მილიარდობით თანხა დაიხარჯა, თუმცა, შეიძლება ითქვას, თითქმის უშედეგოდ, ათეროსკლეროზის წარმოშობისა და ევოლუციის მექანიზმები სრულყოფილად ახსნილი არ არის, მასთან დაკავშირებული მრავალი კითხვა ჯერ კიდევ მოითხოვს პასუხს. ათეროსკლეროზისგან სრულიად განკურნება დღემდე ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება და ალბათ არც არასოდეს გახდება შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა ღვთისაგან დაწესებული განვითარების პერიოდები სიბერის ჩათვლით. თუმცა, არსებობს ექიმის პროფესია და თანამედროვე მედიცინა, რომელიც სხვადასხვა გზებით ცდილობს ადამიანის ორგანიზმში ამ ურთულესი პროცესის პროგრესირების შეფერხებას. განსაკუთრებით ხშირად ათეროსკლეროზული პროცესი სწორედ გვირგვინოვან, ანუ კორონარულ არტერიებში მიმდინარეობს და იწვევს მათი სანათურის შევიწროებას, ან სრულ დახშობას, რაც გულის კუნთის ინფარქტით, თუ უეცარი სიკვდილით მთავრდება.
კორონარული ათეროსკლეროზი საკმაოდ მობილური პროცესია. იგი შეიძლება აგრესიულად და ჩქარი ტემპით მიმდინარეობდეს, ამავდროულად შესაძლოა სტაბილიზება, ან რეგრესიაც კი განიცადოს. სწორედ ათეროსკლეროზის მობილურობამ განაპირობა ამ ურთულესი პროცესის მიმდინარეობაში ჩარევის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით მსოფლიოში უდიდესი წარმატებები იქნა მიღწეული, შეიქმნა მკურნალობის ახალი მეთოდები, რომელთა შორის ერთ-ერთი კორონარული ანგიოპლასტიკა/სტენტირება გახლავთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მკურნალობის სწორედ ამ მეთოდის წყალობით ჩვენს პლანეტაზე უამრავი ადამიანი გადაურჩა გულის კუნთის მძიმე დაზიანებას, უამრავ პაციენტს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ცხოვრების ხარისხი. გასულ საუკუნეში ბევრი ჩვენთაგანისთვის ოცნება იყო მკურნალობის ინვაზიური მეთოდების დანერგვა. კარგად გვახსოვს, რამდენ პაციენტს უწევდა საზღვარგარეთ ამ ძვირადღირებული ინტერვენციული მკურნალობისთვის გამგზავრება, ჩვენს ქვეყანაში კი უამრავი შემთხვევა ფატალური გამოსავლით მთავრდებოდა. კორონარული სტენტირების პირველი პროცედურა ქვეყანაში 1998 წელს ჩვენს კლინიკაში პროფ. ა. ალადაშვილის მიერ იქნა შესრულებული და მას შემდეგ დღესდღეისობით 20 000-მდე პაციენტს აქვს ჩატარებული.
კორონარული სტენტირება ინვაზიური, მაგრამ არაქირურგიული პროცედურაა, პროცედურის მსვლელობის დროს გამოიყენება სპეციალური კათეტერი, რომლის ბოლოზე წამოცმულია ბალონი. გარედან ბალონის გაბერვა იწვევს სისხლძარღვის კედელზე არსებული ათერომის მიჭყლეტას და შესაბამისად, არტერიის გაფართოებას სასურველ დონემდე. იმისთვის, რომ არ მოხდეს არტერიის ხელახალი შევიწროება, ან სრული დახშობა, ექიმი ამ ადგილას დგამს სტენტს. სტენტი ლითონის სპირალური ბადეა, რომელიც წამოცმულია ბალონ-კათეტერზე. ბალონის გაბერვას მოყვება სტენტის გაშლა. იგი რჩება სისხლძარღვის კედელში. ათეროსკლეროზით დაზიანებული არტერიის სანათურის გამავლობა აღდგება და შედეგად, სისხლი გულამდე შეუფერხებლად მიედინება.
კორონარული სტენტირება ათეროსკლეროზის მკურნალობის ნაკლებინვაზიური მეთოდია, რომლის წყალობითაც რეაბილიტაციის პერიოდი მნიშვნელოვნად მცირდება და პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს. სტენტირების შემდეგ პაციენტი კლინიკიდან ეწერება და ფიქრობს, რომ მკურნალობის გაგრძელება აღარ არის საჭირო, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მათ ჩივილები აღარ აქვთ. ზოგჯერ გულისწყრომით ასეთ კითხვასაც გვისვამენ: "რისთვის გავიკეთე სტენტირება, თუ ისევ წამლები უნდა მივიღო, არ მოვწიო, არ დავლიო, არ მივირთვა ის, რაც ჩემთვის სასურველია?“ ჩვენ კი მარტივად ვუხსნით, რომ სტენტირებამ უმკურნალა არა დაავადების გამომწვევ მიზეზს − ათეროსკლეროზს, არამედ მის შედეგს, რომ, სამწუხაროდ, გულის ინფარქტი არა მხოლოდ ერთხელ, მეორედ და შემდეგაც შეიძლება განვითარდეს, რადგან ათეროსკლეროზული პროცესი თუ არ შეაჩერე, მუდმივად აგრძელებს პროგრესირებას, ხშირ შემთხვევაში აგრესიულადაც. ამის გამო შესაძლოა დაზიანდეს არა მხოლოდ სტენტირებული არტერიები, რაც კორონარული სტენტირების "აქილევსის ქუსლად“ არის აღიარებული, არამედ საღი კორონარული არტერიებიც. ათეროსკლეროზის ვერაგობა ის არის, რომ იგი არ არის ფილტვების ანთება, ანგინა, ან კიდევ სხვა რომელიმე დაავადება, რომლისგანაც სრულიად განკურნება შესაძლებელია. სტენტირების შორეული შედეგები დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, იმაზე, თუ რამდენად აგრესიულად მიმდინარეობს არტერიებში ათეროსკლეროზი და რასაკვირველია, ლომის წილი მიუძღვის ჯანსაღი ცხოვრების წესსა და დანიშნულ პრეპარატებს.
გახსოვდეთ, კორონარული სტენტირების შედეგების შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ეს ინტერვენცია.
ათეროსკლეროზის მკურნალობა კომპლექსურია და მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად გულისხმობს მისი რისკის ფაქტორების კორექციას, ცხოვრების წესის მოდიფიკაციას, ჯანსაღ კვებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ფიზიკური აქტივობის რეჟიმის შეცვლას. გახსოვდეთ: "ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. ჯანსაღი ცხოვრების სტილიგულისხმობს იმ ქცევებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იგი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი ფაქტორია ათეროსკლეროზით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილებისთვის. რაოდენ რთულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი ცხოვრების სტილის შეცვლა, ცხოვრების ზოგიერთი "სიამტკბილობის“ დათმობა, ხშირ შემთხვევაში იგი აუცილებელი შესაძლოა გახდეს. გასაგებია, რომ იდეალური პირობების შექმნა ძნელია, ამიტომ ექიმი გაძლევთ თქვენი ამ პირობებისადმი მისადაგებულ არა იდეალურ, არამედ ფუნდამენტურ რჩევებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის. ცხოვრების სტილის შეცვლის 6 ძირითადი პარამეტრი არსებობს, რომელიც აუცილებელია იცოდეთ:
ჯანსაღი კვება
სხეული წონა
სისხლში "ცუდი“ და "კარგი“ ქოლესტეროლის სამიზნე დონე
გლუკოზის ნორმალური დონე სისხლში
რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა
ათეროსკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, რისკის ფაქტორებზე ზემოქმედებით იწყება, რაც შეუძლებელია, თუ არ გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია მათ შესახებ. რისკის ფაქტორები გულისხმობს იმას, რომ მათი არსებობის შემთხვევებში ათეროსკლეროზის ინიციაციისა და ევოლუციის შანსი/ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. დღესდღეისობით 280-ზე მეტი რისკის ფაქტორია ასე თუ ისე დაკავშირებული კორონარულ ათეროსკლეროზთან, თუმცა, აქედან მხოლოდ რამდენიმე იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას. რისკის ფაქტორები მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადია, ანუ მათი ერთი ნაწილის კონტროლი და შეცვლა საბედნიეროდ შესაძლებელია, რაც თქვენს ნებისყოფასა და მონდომებაზეა დამოკიდებული, ხოლო დანარჩენის კი, სამწუხაროდ შეუძლებელია.
ათეროსკლეროზის უპირველესი რისკის ფაქტორია ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა, უფრო მეტიც, იგი ერთადერთია რისკის ფაქტორთაგან, რომელიც დღეს ათეროსკლეროზის გამომწვევ მიზეზად არის აღიარებული. მხოლოდ ეს რისკის ფაქტორია უშუალო, პირდაპირ კავშირში ათერომის ჩამოყალიბებასთან. სწორედ ქოლესტეროლი განსაზღვრავს ათერომის ბირთვის შენებას. დანარჩენი რისკის ფაქტორები კი არაპირდაპირი გზით განაპირობებენ ათეროსკლეროზის პროგრესირებას.ქოლესტეროლის რამდენიმე სახე არსებობს. დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლი ქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს ათეროსკლეროზის განვითარებისათვის და სწორედ ამ განსაკუთრებულობის გამო თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაში მას პირობითად "ცუდ“ქოლესტეროლად იხსენიებენ. ეს ის ქოლესტეროლია, რომელიც ლაგდება არტერიის სანათურში და განაპირობებს ათერომის შენებას. პაციენტები, რომელთაც ჩატარებული აქვთ კორონარული სტენტირება, ითვლებიან ძალიან მაღალი რისკის პაციენტებად და ასეთ შემთხვევებში უახლესი ევროპული მონაცემების მიხედვით ქოლესტეროლის აღნიშნული ფრაქციის შემცველობა სისხლში კატეგორიულად 55 მგ/დლ-ზე ნაკლები უნდა იყოს, ეს არის მისი ე.წ. სამიზნე დონე. გახსოვდეთ, პირობები იმისათვის, რომ შეწყდეს ათეროსკლეროზის პროგრესირება და მასთან დაკავშირებული გართულებების განვითარება იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწეულია სისხლში "ცუდი“ ქოლესტეროლის აღნიშნული სამიზნე დონე. სამიზნე დონეზე მეტი რაოდენობით ქოლესტეროლის არსებობის შემთხვევებში, ბუნებრივია, იგი თავის "შავ საქმეს“ უკეთ აკეთებს.
პირველი ნაბიჯი ქოლესტეროლის მკურნალობისა და ზოგადად ათეროსკლეროზის პრევენციის მიზნით ჯანსაღი კვებაა. ჯანსაღია ისეთი კვება, რომელიც ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს. იგი შეესაბამება ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიაზე და ამავე დროს ხელს უწყობს სხეულის ოპტიმალური წონის შენარჩუნებას. "გზა მამაკაცის გულისკენ მის კუჭზე გადისო “− ნათქვამია. სავსებით სწორია! გზა ჯანმრთელი გულისკენ გაჰყავთ რაციონალური და ჯანსაღი საკვებით, ავადმყოფი გულისკენ კი - მსუყეთი, შებოლილით, შემწვარით. თუმცა, გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაფერი მსუქანი ცუდი როდია. მაგალითად, თევზი სასურველია შევარჩიოთ ცხიმიანი (უმჯობესია არაკონსერვირებული), განსაკუთრებით ოკეანის, მაგალითად, ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია, კამბალა. ასეთი თევზი შეიცავს "სწორ“ცხიმებს, რომელიც ეხმარება ჩვენს არტერიებსა და გულს. თანამედროვე ევროპული რეკომენდაციების მიხედვით თევზი ანტიათეროგენული დიეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი უნდა მიირთვათ სულ მცირე 2-ჯერ კვირაში, მათ შორის ერთჯერ მაინც − ცხიმიანი თევზი.
რეკომენდებულია საკვები რაციონის ყოველდღიურად გამდიდრება იმ პროდუქტებით, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ბოჭკოს, ანუ უჯრედისს, განსაკუთრებით ხილით და ბოსტნეულით. ხილი და ბოსტნეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტებია ჯანმრთელობის შენარჩუნების, ორგანოთა და ქსოვილების ნორმალური და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის. მათი ასეთი დიდი სარგებელი განპირობებულია ბოჭკოს, ანუ უჯრედისის შემცველობით, რომლის ენერგეტიკული მნიშვნელობა ცხიმებთან შედარებით მართალია საკმაოდ დაბალია, თუმცა, ყველაზე სასარგებლო სწორედ ბოჭკოა. გარდა ამისა, ისინი შეიცავენ მცენარეულ ცილას, ვიტამინებს, მინერალურ ელემენტებს. უჯრედისს ორგანიზმის "გამწმენდი“ ფუნქცია აქვს.
გახსოვდეთ, რომ სიცოცხლე მშვენიერია და ყველაფერი მავნე მასთან შედარებით არარაობაა!
პროდუქტებირომლებიც მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს:
ცხიმიანიშებოლილი საქონლის ხორცი 
ღორისა და ცხვრის ხორცი 
შიგნეულობა(ღვიძლიტვინიგულითირკმლები
ყველა სახის ძეხვეულისოსისი და სარდელი 
კარაქიმარგარინის მაგარი სახეები 
ცხიმიანი რძე და მისი ცხიმიანი პროდუქტები 
კვერცხის გული 
ტკბილეულობა და ნაყინი 
შაქარიდატკბილული სასმელები და ჭარბი ოდენობით ალკოჰოლი
კორონარული სტენტირების შემდეგ მნიშვნელოვანი პრეპარატი, რომელიც აუცილებლად გენიშნებათ, არის სტატინების კლასიდან (ატორვასტატინი, როზუვასტატინი და სხვა). სტატინები, უპირველეს ყოვლისა, აქვეითებენ სისხლში "ცუდი“ქოლესტეროლის რაოდენობას. ამ პრეპარატების წყალობით ასეულობით მილიონ პაციენტს გაუხანგრძლივდა სიცოცხლე. სტატინები ლიდერი პრეპარატებია ათეროსკლეროზის მკურნალობაში. დამტკიცდა, რომ არცერთი ამჟამად არსებული პრეპარატი არ იწვევს გულის კორონარული დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და სტენოკარდიის პირველი და განმეორებითი შემთხვევების, განმეორებითი ინტერვენციების სიხშირის ისეთი დიდი პროცენტით შემცირებას, როგორც სტატინები. აღნიშნული კლასის პრეპარატები იმითაც არის უნიკალური, რომ ისინი არა მხოლოდ აწესრიგებენ სისხლში ქოლესტეროლის ცვლას, არამედ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტებიც აქვთ. სტატინების მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს არა მხოლოდ თქვენს შუნტებში, სტენტირებულ, თუ საღ არტერიებში ახალი ათერომების წარმოქმნის შესაძლებლობას, არამედ ზოგიერთ სისხლძარღვში უკვე არსებული ათერომების შიგნით მიმდინარე ანთებით პროცესებს აფერხებს და ამ გზით იწვევს მათ სტაბილიზებას, ე.ი. ეწინააღმდეგება მათ გასკდომას და ინფარქტისა, თუ ინსულტის განვითარებას. სწორედ სტატინების საშუალებით არის შესაძლებელი სისხლში "ცუდი“ქოლესტეროლის სამიზნე დონის მიღწევა. თუმცა, მათი მიიღება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ქოლესტეროლის სამიზნე დონის მიღწევის შემდეგაც. გახსოვდეთ, რომ საკითხს იმის შესახებ თუ რომელი სტატინი რა დოზით უნდა მიიღოთ, წყვეტს მხოლოდ ექიმი. მათი მიღება საკმარისია ერთჯერ დღეში, უპირატესად საღამოს საათებში. ხშირად პაციენტები გვეკითხებიან: "სულ უნდა მივიღოთ ეს წამალი?“ ეს შეკითხვა ბუნებრივია, ვინაიდან სტატინი შედარებით ძვირია. თუმცა, განა რა ღირს იგი? პრეპარატისა და დოზის მიხედვით მისი ფასია დაახლოებით 50 თეთრიდან 2 ლარამდე დღეში. ბოლოსდაბოლოს ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 1 კგ ხორცის, თუნდაც 1 ბოთლი ლუდის ფასი. გიღირთ თუ არა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ამ ფასად? ეს თქვენი გადასაწყვეტია. იმედი გვაქვს, შევძელით თქვენი დარწმუნება, თუ რაოდენ მნიშვნელოვან პრეპარატთან გვაქვს საქმე. თუ რომელიმე საღამოს დაგავიწყდათ სტატინის მიღება, ეს საშიში არ არის, მიუხედავად ამისა, ნუ დაუშვებთ მას. ნუ შეგეშინდებათ, რომ ამ პრეპარატებს ორგანიზმი "ეჩვევა“. ასეთი "შეჩვევა“ მათ მიმართ არ ვითარდება და ასეთი დამოკიდებულება მცდარია. გვერდითი მოვლენების შესახებ ეცადეთ ექიმისგან მიიღოთ ინფორმაცია. ათეროსკლეროზის მკურნალობაში მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე სტატინი მიიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ გვყავს ბევრი პაციენტი, რომელიც 2001 წელს ჩატარებული კორონარული შუნტირების ოპერაციიდან დღემდე, უკვე 20 წელზე მეტია, შეუსვენებლად იღებს სტატინებს. მათ არავითარი გვერდითი მოვლენა არ ჰქონიათ და შესანიშნავად გრძნობენ თავს.
უსამართლობა იქნებოდა ათეროსკლეროზით გამოწვეული ყველა პრობლემა მხოლოდ ქოლესტეროლისთვის დაგვებრალებინა, იგი არ არის ათეროსკლეროზის მაპროვოცირებელ რისკის ფაქტორთაგან ერთადერთი. არტერიული ჰიპერტენზიის ანუ მაღალი არტერიული წნევის წვლილი ათეროსკლეროზის ინიციაციასა და პროგრესირებაში, მისი გართულებების განვითარებაში ძალიან დიდია. მსოფლიოს მასშტაბით იგი მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს. არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება მდგომარეობა, როდესაც სისტოლური, ანუ "ზედა“ წნევა 140მმ.ვწყ.სვ.-ის ტოლი, ან უფრო მაღალია, ან/და დიასტოლური, ანუ "ქვედა“ წნევა უტოლდება, ან აღემატება 90მმ.ვწყ.სვ.-ს. არტერიული წნევის გაზომვა აუცილებელია, მით უმეტეს, რომ ხშირად მაღალი წნევა "კონსპირაციულია“და უსიმპტომოდ იმატებს. მისი გაზომვა უნდა მოხდეს იმდენჯერ დღეში, რამდენჯერაც ექიმი გთხოვთ ამას, თუმცა, მანიადაც არ უნდა გადაიქცეს, როგორც ეს ხშირად ხდება.
არტერიული ჰიპერტენზიისგან განკურნება შეუძლებელია მკურნალობის მოკლე კურსით. ძალიან ხშირად პაციენტები წნევის საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებენ სიმპტომურად, ანუ მაშინ, როდესაც დააფიქსირებენ წნევის მაღალ ციფრებს, ან შეაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნება (თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა და სხვა). ხშირად ვაწყდებით არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის სხვა "მოდელს“− პაციენტები რამდენიმე კვირის განმავლობაში იტარებენ ოპტიმალურ თერაპიას, მიმართულს წნევის თანდათანობითი ნორმალიზებისკენ, მაგრამ მოიწესრიგებენ თუ არა მას, თვლიან, რომ საბოლოოდ განიკურნენ და წყვეტენ წამლების მიღებას. ეს არანაკლებ სერიოზული შეცდომაა − მკურნალობა შესვენებებით დაუშვებელია. ბოლო პერიოდში პაციენტები ხშირად იყენებენ ტერმინს წნევის "მარეგულირებელი“ წამალი, აქვთ წარმოდგენა, რომ ე.წ. მარეგულირებელი პრეპარატი ისე დაარეგულირებს წნევას, რომ იგი სტაბილურად ნორმალური იქნება, არც მაღლა აიწევს და არც დაბლა ჩამოვა. ეს მცდარი აზრია, ასეთი "მარეგულირებელი“ ჯერ არ გამოგონილა. არტერიულ წნევაზე ბევრი გარეგანი, თუ შინაგანი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას(მაგ. ამინდი, სტრესული სიტუაცია), ასე რომ, იგი რეგულარულ თვითკონტროლს საჭიროებს.
კარგად არის ცნობილი სუფრის მარილის როლი არტერიული წნევის მომატებაში. ტყუილად არ ეძახიან მას "თეთრ სიკვდილს“. მისი მიღების დასაშვები ნორმა თანამედროვე ევროპული რეკომენდაციის მიხედვით დღეში 5 გრამზე ნაკლებია, რაც დაახლოებით შეესაბამება 1 ჩაის კოვზ მარილს. ეცადეთ, არ გადააჭარბოთ ამ ნორმას. ამ კუთხით ამერიკელები კიდევ უფრო კატეგორიულები აღმოჩნდნენ და მათი რეკომენდაციაა − არა უმეტეს 2,4 გრამი მარილი დღეში. ალკოჰოლის მიღებაც დაკავშირებულია არტერიული წნევის მომატებასთან, თუმცა, პაციენტებში არსებობს ის აზრი, რომ ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს. გაითვალისწინეთ, რომ იგი არ არის რეკომენდებული ყველა ავადმყოფისთვის, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია აქვს. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში მისი დოზირებული მიღებაც კი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს.
თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი იგი ითვლება ძალიან მაღალი რისკის პაციენტად რეკურენტული, ანუ განმეორებითი კორონარული ეპიზოდების განვითარებისათვის. მათ არტერიებში ათეროსკლეროზული პროცესი დაჩქარებული ტემპით პროგრესირებს. თანამედროვე მონაცემების მიხედვით შაქრიანი დიაბეტი გულის კორონარული დაავადების ეკვივალენტად არის მიჩნეული. შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში თავისთავად იწვევს ქოლესტეროლის ცვლის მოშლას, რასაც, როგორც უკვე იცით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ათეროსკლეროზის პროგრესირებისათვის. დაბალი სიმკვრივის − "ცუდი“ქოლესტეროლის სამიზნე დონე სისხლში 55 მგ/ დლ-ზე ნაკლები უნდა იყოს. დიაბეტის მართვის მთავარი იარაღია ცხოვრების წესის ოპტიმიზაცია, ხოლო მედიკამენტურ მკურნალობას მხოლოდ დამხმარე როლი აქვს. ცხოვრების წესის მოდიფიკაცია მოიცავს წონის კონტროლს, ჯანსაღ კვებასა და ზომიერ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას. დიაბეტით დაავადებული პაციენტის საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი. იგი უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მინერალებს. ვიტამინების და მინერალების საკმარისი რაოდენობით მიღებისთვის აუცილებელია ბოსტნეულის, მწვანილისა და ხილის ყოველდღიური მიღება. გახსოვდეთ! უნივერსალური დიეტა შაქრიანი დიაბეტისთვის არ არსებობს. იგი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტის ორგანიზმის თავისებურებების, პაციენტის მოთხოვნებისა და რელიგიურ-ეთნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. დიეტა გულისხმობს ჯანსაღი კვების პრინციპებს. ყველა პროდუქტი ინდივიდუალურად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სრულიად ინდივიდუალურ გავლენას ახდენს სისხლში შაქრის შემცველობაზე. სასურველია დიაბეტის მქონე პაციენტს ჰქონდეს გლუკომეტრი, რომლის მეშვეობითაც აწარმოებს სისხლში გლუკოზის თვითკონტროლსა და აღრიცხვას. გლიკემიის თვითკონტროლი დიაბეტის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ეხმარება პაციენტს დიაბეტის სწორად მართვაში, აადვილებს მედიკამენტების დოზის სწორად შერჩევასა და აუმჯობესებს დიაბეტის კომპენსაციის ხარისხს. კვლევებით დადგენილია, რომ პაციენტებს, რომლებიც ხშირად ახდენენ გლიკემიის მონიტორინგს გლუკომეტრით, აღენიშნებათ შაქრის ბევრად უკეთესი მაჩვენებლები.
მწეველობა ყველაზე აგრესიულ რისკის ფაქტორს წარმოადგენს ათეროსკლეროზის განვითარებისათვის. სპეციალისტების აზრით თამბაქოს მოხმარებას მეტი ზიანი მოაქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ვიდრე სისხლში ქოლესტეროლის სიჭარბეს. საკმარისია აღინიშნოს, რომ თუ ქოლესტეროლის ნორმალიზება დაკავშირებულია ინფარქტისა და ინსულტის რისკის ¼-ით შემცირებასთან, თამბაქოს მიტოვება დაავადების განვითარების შანსს თითქმის ნახევრამდე ამცირებს. იმაზე უარესს რასაც აკეთებთ თქვენი თავისთვის თამბაქოს მოწევით ვერ გაგიკეთებთ თქვენი დაუძინებელი მტერიც კი! თამბაქოში შემავალი ნიკოტინი უშუალოდ იწვევს არტერიების შევიწროებას და დაკავშირებულია სისხლში ქოლესტეროლის დონის მომატებასთან. ნიკოტინი აზიანებს არა მხოლოდ გულსა და არტერიებს, არამედ თქვენს სისხლსაც. კერძოდ, თრომბოციტები, რომლებიც აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისთვის, მწეველებში ძალიან წებოვანი ხდება, 15-26%-ით იზრდება სისხლის კოლტების, ანუ თრომბების წარმოქმნის რისკი. აღნიშნული კი ქმნის ინფარქტისა და ინსულტის საშიშროებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ფილტვის კიბოს განვითარების დიდ ალბათობაზე.
ათეროსკლეროზის მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია ჭარბი წონა და სიმსუქნე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით სიმსუქნე დაავადებაა. სიმსუქნის ყველაზე ხშირი მიზეზი არის დიდი რაოდენობით მსუყე საკვების მიღება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ხშირად კი მათი კომბინაცია. არცთუ იშვიათად მსუქანი და ჭარბწონიანი ადამიანები ამბობენ, რომ მიირთმევენ ცოტას, მაგრამ ნელი მეტაბოლიზმისა და გაუგებარი მიზეზების გამო სუქდებიან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. უფრო სარწმუნო ის არის, რომ ენერგიის საჭიროება მათში უფრო მეტია, ვიდრე გამხდარ ადამიანებში, შესაბამისად, ისინი უფრო მეტ საკვებს იღებენ. დამეთანხმებით, რომ მიღებული საკვების რაოდენობასა და სახეს გადამწყვეტი თუ არა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობისთვის. სასურველია საკვები მიიღოთ 3-4-ჯერ დღეში. ვახშამი უნდა მიირთვათ ძილამდე არა უგვიანეს 3-4 სთ-ისა, ხოლო ინტერვალი საუზმესა და ვახშამს შორის არ უნდა აღემატებოდეს 10 სთ-ს. არ გამოტოვოთ საუზმე! ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სადილი, ან ვახშამი. ზოგი ადამიანი საერთოდ არ საუზმობს, რადგან დილის საათებში ჭამის სურვილი არა აქვს, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ თავს ძალას დაატანთ და ისაუზმებთ. საუზმე განწყობასა და აზროვნების უნარზეც დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ვინც რეგულარულად საუზმობს, სიმსუქნის პრობლემა ნაკლებად აწუხებს. გაახანგრძლივეთ საკვების მიღების პერიოდი. კვლევების თანახმად ადამიანი გაცილებით ნაკლებ კალორიას ითვისებს, როდესაც ნელა მიირთმევს საკვებს. საკვების მიღების დროს კონცენტრირდით მხოლოდ კვებაზე. ამ დროს ხშირად გვეფანტება გონება. კვებაზე კონცენტრირება გულისხმობს მხოლოდ მასზე ყურადღების მიპყრობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კვლევებით დადასტურებულია, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკეთ ვხვდებით ტვინიდან მიღებულ სიგნალს, რომ დავნაყრდით და დროა შევჩერდეთ.
ჰიპოდინამია, ანუ ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ათეროსკლეროზის უმნიშვნელოვანესი რისკის ფაქტორია. იგი აორმაგებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების საშიშროებას. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიპოდინამია ათეროსკლეროზის პროგრესირებას უწყობს ხელს, ამცირებს სისხლძარღვთა ტონუსსა და ელასტიურობას, ეს კი, საბოლოო ჯამში, აქვეითებს სასიცოცხლო პროცესების ნორმალურ მიმდინარეობას, ორგანიზმში არსებულ ყველა ორგანოს ხომ სწორედ სისხლძარღვები კვებავს. ფიზიკური აქტივობის დაბალი დონე მნიშვნელოვანწილად დაუკავშირდა გულის კუნთის ინფარქტის, ინსულტის, პერიფერიული არტერიების დაავადების განვითარებას, ნაადრევად გამოვლინდა ფიზიკური დაბერების ნიშნები, შემოკლდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჰიპოდინამიასთან დაკავშირებული სიკვდილობა ნელ-ნელა თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ სიკვდილობას უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური აქტივობის დეფიციტი იმდენადვე საშიში და მავნებელია, როგორც თამბაქო. გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია: ცხოვრების მჯდომარე სტილი გონებრივ შესაძლებლობაზეც უარყოფითად აისახება. თავის ტვინის მკვებავი არტერიების ტონუსი და ელასტიურობა მცირდება, რის გამოც ფერხდება მისი სისხლით მომარაგება და იგი ჰიპოქსიას, ანუ "ჟანგბადოვან შიმშილს“ განიცდის.ამ ყოველივეს თავიდან ასაცილებლად იოლად შეგვიძლია ვებრძოლოთ ამ პატარა, თუმცა, უზარმაზარ პრობლემას. საბედნიეროდ, ჰიპოდინამია კორეგირებადი რისკის ფაქტორია. საუკეთესო უნივერსალური ვარჯიშია ფეხით სიარული. იარეთ ბევრი, დაახლოებით 5 კმ დღეში(ზოგი ჩვენი პაციენტი დღეში 8-10 კმ-ს დადის). არ ისარგებლოთ ლიფტითა და ესკალატორით, აიარეთ კიბე აუჩქარებლად, გააჩერეთ თქვენი საყვარელი ავტომანქანა, ჩამოდით ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე და გზა განაგრძეთ ფეხით. ფეხით სიარულის დროს თქვენი სისხლი ნაკლებად ბლანტია, "იწვება“ჭარბი ქოლესტეროლი, შაქარი. გახსოვდეთ, რომ 10 000 ნაბიჯი დღეში აქტიური ცხოვრების სტილად ითვლება, 5 000 ნაბიჯზე ნაკლები კი მჯდომარე ცხოვრების სტილია. შეგიძლიათ ისარგებლოთ თანამედროვე მობილური ტელეფონით და ყოველდღიურად შეამოწმოთ თქვენს მიერ გავლილი დისტანცია და ნაბიჯების რაოდენობა, ასევე არსებობს  სპეციალური ნაბიჯმზომებიც. ზომიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის მაგალითია: საშუალო, ან სწრაფი ტემპით სიარული, რაც გულისხმობს საათში 4,1-6,5 კმ-ის გავლას, ველოსიპედით ნელი სიარული, იგულისხმება საათში 15 კმ.
განუზომელია მედიკამენტური თერაპიის როლი კორონარული სტენტირების შემდეგ. დანიშნული პრეპარატების დროული და უწყვეტი მიღება აუცილებელი პირობაა სტენტშიდა თრომბოზისა და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პრევენციისთვის. ექიმი აუცილებლად გინიშნავთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს. მათი მიღების აუცილებლობა იმით არის განპირობებული, რომ თქვენს არტერიაში იმპლანტირებული(ჩადგმული) სტენტი დამზადებულია ლითონისაგან, იგი ორგანიზმისთვის უცხო სხეულია და იოლად იკრავს თრომბს(სისხლის კოლტი). შედეგად, ხდება არტერიის განმეორებითი შევიწროება/დახშობა, ანუ რესტენოზი, რაც ყველაზე ძვირადღირებული სტენტების იმპლანტაციის შემდეგაც კი არ არის გამორიცხული. ამავდროულად უნდა გახსოვდეთ, რომ არტერიის გამავლობის აღდგენა არ ნიშნავს ათეროსკლეროზის შეჩერებას. მიიღეთ დანიშნული პრეპარატები ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. არ გამოტოვოთ, არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას, არ მოხსნათ ისინი ვადაზე ადრე. ნებისმიერი კითხვის ან სისხლდენის შემთხვევაში, რომლის პირველი სიგნალი ხშირ შემთხვევაში კანქვეშა სისხლჩაქცევებია დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
კორონარული სტენტირების შემდგომ პერიოდში არტერიული წნევის, სისხლში შაქრის მაღალი ციფრების ნორმალიზების მიზნით, გულის უკმარისობის, თუ არითმიის სამკურნალოდ ხშირად სხვა პრეპარატებიც გაქვთ დანიშნული. გულისყურით მოეკიდეთ თითოეულ მათგანს. ნუ შეგაშინებთ მათ ინსტრუქციებში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები. იცოდეთ, რომ მედიკამენტით მიღებული სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი გვერდითი მოვლენები, ეს არ არის ლიტონი სიტყვები და უამრავი კვლევით არის დადასტურებული. ენდეთ თქვენს ექიმს და მისი მითითების გარეშე საკუთარი ინიციატივით არ შეწყვიტოთ მათი მიღება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ გსურთ იცოცხლოთ დიდხანს, სამკურნალო პრეპარატების გარეშე ფონს ვერ გახვალთ.
ხშირად პაციენტებს ქვეცნობიერად უვითარდებათ შიში, რომ სტენტირების, თუ შუნტირების ოპერაციის შემდეგ სექსუალური ურთიერთობით გამოიწვევენ გულის ტკივილს, ან ჩატარებული ოპერაციის გართულებას. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. უმეტესწილად ამ დროს დიდ როლს თამაშობს სულიერი დაძაბულობა, რომლის დაძლევა პაციენტმა უნდა შეძლოს. ხშირად იგი ასაკობრივ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. სასურველია იცოდეთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი უარყოფითად მოქმედებს პოტენციაზე. არ მოგერიდოთ თქვენს ექიმს ამის შესახებაც რომ დაუსვათ შეკითხვები. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ათეროსკლეროზის დროს პოტენციის დაქვეითების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია არა მედიკამენტები, არამედ ათერომები იმ არტერიებში, რომლებიც სისხლით ამარაგებენ ასოს. პოტენციის ასამაღლებლად ზოგიერთი პრეპარატის მიღების სურვილის შემთხვევაში (მაგალითად ვიაგრას), გაესაუბრეთ ექიმს, ვინაიდან ამ პრეპარატებს გვერდითი მოვლენები გააჩნიათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ თქვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის გაცნობიერებაში. თუმცა, გახსოვდეთ, რომ იგი ვერ შეცვლის იმ სრულყოფილ ინფორმაციას, რასაც უშუალოდ ექიმისგან მიიღებთ. ძვირფასო პაციენტებო, ვითანამშრომლოთ, ვიყოთ პარტნიორები კორონარული ათეროსკლეროზისა და მისი რისკის ფაქტორების წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთად ავიცილოთ თავიდან კორონარული სტენტირების შემდგომ პერიოდში მოსალოდნელი გართულებები!

დაგვიმეგობრდით

trance