თენგიზ ვერულავას და რევაზ ჯორბენაძის სამეცნიერო პროექტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

თენგიზ ვერულავას და რევაზ ჯორბენაძის სამეცნიერო პროექტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

 სამეცნიერო პროექტმა "დიაგნოზით შეჭიდული ჯგუფებით საავადმყოფოების დაფინანსება: მსოფლიო გამოცდილება და რეკომენდაციები საქართველოსთვის“, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის "საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში“ გაიმარჯვა.

პროექტის ავტორებია: ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მედიცინის დოქტორი, რევაზ ჯორბენაძე და ამავე ცენტრის მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი, თენგიზ ვერულავა.

პროექტი განხორციელდება ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით.

წარდგენილი პროექტი სამეცნიერო მიმართულებით "მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებანი“ შეფასდა 29 ქულით (მაქსიმალური 30 ქულიდან).

პროექტი მიზნად ისახავს კომპლექსურად შეისწავლოს დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების მეთოდი არსებული მსოფლიო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, გამოავლინოს საქართველოში მის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები და შეიმუშაოს სათანადო რეკომენდაციები.

2022 წლიდან საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო საავადმყოფოების დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (Diagnosis-Related Groups – DRG) მეთოდის დანერგვა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ყველაზე სამართლიანი სატარიფო სისტემა. ახალ მეთოდზე გადასვლის შემდეგ შეიცვალა გადახდის პრინციპი. წინათ ყველა კლინიკას თავისი ტარიფი ჰქონდა და სახელმწიფო არ არეგულირებდა პაციენტის თანაგადახდის მოცულობას, შედეგად პაციენტს სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციასთან 30, 20, 10 პროცენტიანი ოფიციალური თანაგადახდის გარდა დამატებით უწევდა მნიშვნელოვანი თანხის გადახდა, რაც სერიოზულ ტვირთად აწვებოდა პაციენტს.

დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსებაზე გადასვლის შემდეგ კლინიკას უფლება არ აქვს ოფიციალური თანაგადახდის გარდა, პაციენტისგან მოითხოვოს დამატებითი გადახდა, რაც ხელს უწყობს ჯანდაცვის სერვისებზე პაციენტის ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ხარჯების შეკავებას, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის კმაყოფილებაზე.

ზემოთაღნიშნული მიუთითებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით დაფინანსების მეთოდს გააჩნია ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაში ნებისმიერი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით საქართველოსათვის, სადაც მოსახლეობის სოციალური ფონი საკმაოდ დაბალია და მიუხედავად საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის არსებობისა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხი სრულყოფილად გადაჭრილი არ არის.

დაგვიმეგობრდით

trance