ქოლესტეროლი

ქოლესტეროლი

რა არის ქოლესტეროლი?

ქოლესტეროლი ცოცხალი ორგანიზმის საშენ მასალას წარმოადგენს. იგი აუცილებელია ყველა უჯრედისთვის, არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო, მონაწილეობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების სინთეზში.

ქოლესტეროლის რამდენიმე სახე არსებობს. დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლი ქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს ათეროსკლეროზის განვითარებისთვის და სწორად ამ განსაკუთრებულობის გამო თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაში მას პირობითად "ცუდ ქოლესტეროლად“ იხსენიებენ.

ეს ის ქოლესტეროლია, რომელიც ლაგდება არტერიების სანათურში და განაპირობებს ათერომის შენებას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პაციენტები, რომელთაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი, აქვთ სტენოკარდია, ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი, აორტის ანევრიზმა, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ჩატარებული აქვთ კორონარული სტენტირება, თუ კორონარული შუნტირების ოპერაცია, ან კიდევ არა აქვთ აღნიშნული დაავადებები მაგრამ აქვთ ათეროსკლეროზის რამდენიმე რისკის ფაქტორი, ითვლებიან მაღალი რისკის პაციენტებად და ასეთ შემთხვევებში უახლესი ევროპული მონაცემების მიხედვით ქოლესტეროლის აღნიშნული ფრაქციის შემცველობა წინა რეკომენდაციებთან შედარებით კიდე უფრო შემცირდა და იგი სისხლში კატეგორიულად 55 მგ/დლ-ზე ნაკლები უნდა იყოს, ეს არის მისი ე.წ სამიზნე დონე.

როგორ ვიკვებოთ?

პირველი ნაბიჯი ქოლესტეროლის მკურნალობისა და ზოგადად ათეროსკლეროზის პრევენციის მიზნით ჯანსაღი კვებაა.

თანამედროვე ევროპული რეკომენდაციების მიხედვით თევზი ანტიათეროგენული დიეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი უნდა მიირთვათ სულ მცირე 2-ჯერ კვირაში, მათ შორის ერთჯერ მაინც-ცხიმიანი თევზი. კვლევათა შედეგების მიხედვით კვირაში ერთჯერ ცხიმიანი თევზის მიღება 16%-ით ამცირებს კორონარული დაავადებების რისკს, ხოლო კვირაში 2-4-ჯერ მირთმევა დაკავშირებულია ინსულტის რისკის 6%-ით შემცირებასთან.

რეკომენდებულია საკვები რაციონის ყოველდღიურად გამდიდრება იმ პროდუქტებით, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ბოჭკოს, ანუ უჯრედისს, განსაკუთრებით ხილით და ბოსტნეულით.
კვლევებით დადასტურებულია, რომ უჯრედისის ყოველდღიურად საჭირო რაოდენობით მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს კორონარული დაავადებების, იშემიური ინსულტის და შაქრიანი დიაბეტის რისკს. თანამედროვე ევროპული გაიდლაინის რეკომენდაციაა 30-45 გრამი ბოჭკო დღეში.

აუცილებელია ცხოველური ცხიმი შეიცვალოს ომეგა 3-თა და ომეგა 6-ით. ომეგა 3 ძირითადად არის თევზის ცხიმში, ნიგოზში, თხილში და აქვს კარგად ცნობილი კარდიოპროტექტორული ("გულის დამცველი“) მოქმედება.
ომეგა 6 ძირითადად მცენარეული წარმოშობის პროდუქტებშია, მაგალითად, მზესუმზირასი და სიმინდის ზეთებში, რომელსაც ჩვენ ძირითადად მივირთმევთ და ნაკლებად სასარგებლოა. მათი ჭარბი მიღება იწვევს "კარგი“ ქოლესტეროლის კონცენტრაციის შემცირებას სისხლში. ანტიათეროგენული დიეტის "ოქროს სტანდარტად“ ითვლება ზეითუნის ზეთი.

პროდუქტები, რომლებიც მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.


  • ცხიმიანი, შებოლილი საქონლის ხორცი
  • ღორის და ცხვრის ხორცი;
  • ყველა სახის ძეხვეული;
  • კარაქი, მარგარინის მაგარი სახეები;
  • ცხიმიანი რძე და მისი ცხიმიანი პროდუქტები;
  • ტკბილეულობა და ნაყინი;
  • შაქარი, დატკბილული სასმელები და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი.

დაგვიმეგობრდით

trance