ექოკარდიოგრაფიული სტრეს-ტესტი (დობუტამინით)
სტრეს-ექოკარდიოგრაფია დობუტამინით - გულის ულტრაბგერითი კვლევის მეთოდია, რომელიც დაფუძნებულია დობუტამინის დოზირებულ ინტრავენურ ინექციაზე; ამ გზით ინდუცირებული გულის შეკუმშვათა სიშირის მატება და მიოკარდიუმის კუმშვადი ფუნქციის გაძლიერება მნიშვნელოვნად ზრდის მიოკარდიუმის ფუნქციური მდგომარეობის არაინვაზიური გზით შეფასების შესაძლებლობას.
სინჯი გამოიყენება:
- კორონარული უკმარისობის შესაფასებლად
- მიოკარდიუმის იშემიის დიაგნოსტიკისთვის, ფიზიკური დატვირთვის ტესტის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში
- მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ, სიცოცხლისუნარიანი მიოკარდიუმის გამოვლენის მიზნით, ოპერაციული მკურნალობის ჩვენების განსაზღვრისათვის
- სარქვლოვანი პათოლოგიების შესაფასებლად მაგ: აორტალური სარქვლის შევიწროების სიმძიმის შეფასება პაციენტებში გულის დაბალი კუმშვადობის უნარით.
სტრეს – ექოკარდიოგრაფიის პროცედურის დროს სპეციალური დოზატორის მეშვეობით ხდება ვენაში დობუტამინის შეყვანა 15 წუთის განმავლობაში, პარალელურად მიმდინარეობს არტერიული წნევის მონიტორინგი, ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრაბგერითი კონტროლი. ტესტი წყდება, როდესაც გულის შეკუმშვები სამიზნე სიხშირეს მიაღწევს, ან გამოვლინდება არასასურველი ნიშნები, როგორიცაა ულტრაბგერითი კვლევაზე, გულის კუმშვადობის ცვლილებები, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, დაღლილობა, არტერიული წნევისა და ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები. ხდება მიღებული კვლევის შედეგების დაფიქსირება და დინამიკაში შემდგომი ტესტის შედეგებთან შედარება.
კვლევა ტარდება სპეციალიზებულ კაბინეტში.